"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს"
"დღემდე არ იცის პელემ, რომ ქართველი ნათლია ჰყავს"
"კახიმ ჯერ ნაბადი მოახურა პელეს, შემდეგ ხანჯლის გადაცემისას მამამისი, დონ დიონიო უხსენა და პელე სახტად დარჩა, იმიტომ, რომ დონ დიონიო მეტსახელია"

რეჟისორმა მიხეილ ჭიაურელმა-უმცროსმა არაერთი ფილმი გადაიღო. მაგრამ არავინ მოელოდა, რომ არც მეტი, არც ნაკლები, ფეხბურთის მეფე პელეს გადაღებას მოინდომებდა. მაშინ ამ იდეას უმრავლესობა სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ სულ ტყუილად - 1991 წელს გამოვიდა ფილმი "მე, პელეს ნათლია!" მიხეილ ჭიაურელი ფილმის გადაღების პერიპეტიებს "კვირის პალიტრასთან" იხსენებს.

- ფილმის გმირი ჩვეულებრივი საბჭოთა
ინკასატორია, რომელიც ყოველდღე დადის სამსახურში, ჯამაგირი არ ჰყოფნის, მაცივარი გაფუჭებული აქვს, ტელევიზორი ხან უჩვენებს, ხან - არა... და აი, ამ ნაცრისფერი ცხოვრების გასაფერადებლად ვარდისფერ ისტორიებს იგონებს, რომ თითქოს პელეს ნათლიაა. ეს როგორო, რომ ეკითხებიან, ისიც განმარტავს, - სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ბრაზილიაში რომ იყო გასტროლზე,
რიოში პელეს მამა, დონ დიონიო გავიცანი. ერთხელ ელექტროგაყვანილობის შეკეთებაში დავეხმარე და მას შემდეგ ისე დავახლოვდით, რომ შვილიც მოვუნათლეო. ჩემი ნათლული რომ გაიზარდა, მისი წყალობით ყველა მსოფლიო ჩემპიონატს დავესწარიო.
ფილმში პელეს ელექტრომონტიორ ნათლიას კახი კავსაძე ასახიერებს. კახის იდეა რომ მოვუყევი და გადაღება შევთავაზე, სიხარულით ცას ეწია. მერე, ერთად დავიწყეთ ფანტაზიორობა.

- ფილმში სხვა ცნობილი ფეხბურთელებიც გვხვდებიან.
- იაშინის იუბილეზე მოსკოვში ჩავედით, ბეკენბაუერი და ბობი ჩარლტონი უნდა გვენახა, პელეც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ფილმში ჩარლტონს ეკითხება კახი, ჩვენებური მალამო რომ გამოგიგზავნე მუხლზე წასასმელად, ხომ მოგიხდაო? თან მუხლზე იდებს ხელს. ისიც, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საუბარს ვერ ხვდება, მადლობას უხდის. ყველაფერი ექსპრომტად ხდებოდა. ფეხდაფეხ დავდევდით პელეს და ფილმიც იქმნებოდა.
1989 წელს რიო-დე-ჟანეიროში კარნავალის დროს ჩავფრინდით. შესასვლელი ბილეთი არ გვქონდა. კახიმ დაიჩივლა, ენა მაინც ვიცოდეთ, რომ ვინმეს რამე გავაგებინოთო. ამის თქმა იყო და, გვერდით უცნობმა მამაკაცმა მოთქმა დაიწყო, ვახ, ცავატანემ, ქართველები ხართო? ავლაბრელ-სანფრანცისკოელი სომეხი აღმოჩნდა. მთელი დღე არ მოგვშორებია.
ერთ დღეს გარინჩას სოფელში ჩავედით, რომ მისი საფლავი გვენახა. გარინჩას დამ წაგვიყვანა ძმის საფლავზე, რომელიც ძალიან მოუვლელი დაგვხვდა, გავწმინდეთ და ჩვენმა მხატვარმა საფლავის ქვიდან წაშლილი ასოები აღადგინა. შემდეგ გარინჩას დამ შინ დაგვპატიჟა და გზად სოფლის ცენტრში უამრავი ადამიანი დაგვხვდა ტრანსპარანტებით, გაუმარჯოს რუსეთსო. ავუხსენით, რომ რუსები კი არა, ქართველები ვიყავით და იმათაც, "გაუმარჯოს ჯორჯიას" ძახილით მიგვაცილეს გარინჩას დის სახლამდე.
კარნავალის გადაღება აკრედიტაციისა და ნებართვის გარეშე გვეკრძალებოდა. სპეციალურ ფორმაში გამოწყობილი ქერათმიანი გოგო აკონტროლებდა ყველაფერს, რუსულად ვუთხარი კომპლიმენტი და უცებ რუსულადვე გამომელაპარაკა. ბრაზილიელი ვარ, მაგრამ ლომონოსოვის უნივერსიტეტი დავამთავრე, თქვენ საიდან ხართო? ვიფიქრე, საიდან ეცოდინება საქართველო-მეთქი, მაგრამ შევცდი, ქართველების მეგობარი აღმოჩნდა. პელეს გადაღება გვინდა-მეთქი რომ ვუთხარი, ერთი კაცი გაგვაცნო, ჰელიო, ბიზნესში პელეს ასისტენტი, შეგვპირდა, პელეს 50 წლის იუბილე ექნება მილანში და თუ ჩამოხვალთ, მასთან შეხვედრაში დაგეხმარებითო.

- პელემ არ იცოდა ფილმის შესახებ?
- არა. იმ პერიოდში ისეთი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, მისი გადაღება რომ მოგენდომებინა, 100 ათასი დოლარი მაინც უნდა გადაგეხადა. ასე რომ, ჩვენი მიზნის გამჟღავნება არ შეიძლებოდა. კახი ეუბნებოდა, ოპერის მომღერალი ვარ, მიღებენ, შენი ფანი ვარ და მამაშენსაც ვიცნობდიო. ისე ჩანდა, თითქოს საოჯახოდ სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით და არა ფილმს. დღემდე არ იცის პელემ, საქართველოში ნათლია რომ ჰყავს.

- ფილმში ბატონი კახი პელეს ყაბალახს ჩუქნის და ქართველ ფეხბურთელებს უხსენებს.
- შეხვედრისთვის რომში ნაბადი და ხანჯალი წავიღეთ, გადავწყვიტეთ, გვეხსენებინა მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. ეს ორი გვარი პელეს ახსოვდა, იმიტომ, რომ ორივემ შესანიშნავად ითამაშა მარაკანას სტადიონზე. კახიმ ჯერ ნაბადი მოახურა, შემდეგ ხანჯლის გადაცემისას მამამისი, დონ დიონიო უხსენა და პელე სახტად დარჩა, იმიტომ, რომ დონ დიონიო მეტსახელია.
იუბილე მილანში სან-სიროს სტადიონზე იმართებოდა. იტალიელი მეგობრის, ენცოს წყალობით შეგვიშვეს სტადიონის გასახდელთან.
პელეს ლოდინში ყაბალახმოსხმული კახი "ფიფა, ფიფას" გაიძახოდა. გასასვლელთან მინსკის "დინამოს" ყოფილი მოთამაშე სერგეი ალეინიკოვმა, რომელიც იტალიის "იუვენტუსში" თამაშობდა, კახი იცნო და მივიდა, როგორ ხართ, ტავარიშ "აბდულაო. როცა გადაეხვივნენ, ყველა დარწმუნდა, "ფიფა, ფიფას" რომ გაიძახის, ალბათ, დიდი ფიგურაა, ალენიკოვი დიდი პატივით რომ ეპყრობაო.
პელეს იუბილე პირდაპირ ეთერში გადიოდა და საფრანგეთში ჩვენმა ნაცნობმა ქართველებმა დაგვინახეს - მე და კახი სტადიონზე დავდივართ პელესთან ერთად. იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ დანაძლევებულან, ესენი იქ როგორ მოხვდებოდნენ, ალბათ, მივამსგავსეთო.
ეკა სალაღაია
მანანა
08 ივნისი 2018 14:18
მომეწონაა!!!✌✌✌
mmm
08 ივნისი 2018 14:03
კარგი იყო. ყოჩაღ ეკას. კიდევ გამოაქვეყნეთ მსგავსი წერილები.
მედეა
08 ივნისი 2018 10:34
გაიხარეთ ქალბატონო ეკა სალაღაია, ეს მეორედ მომანიჭეთ დიდი სიამოვნება , გამახარეთ, გამაცინეთ, გული სითბოთი ამივსეთ. ნანა მჭედლიძის მოგონებებიც თქვენ გაგვაცანით. დიდი მადლობა. ნერვებისამშლელ დღევანდელ მედიაში თქვენ კეთილი გამობრწყინება ხართ. მრავალჟამიერ, კვლავ მოუთმენლად ველი თქვენს სტატიებს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები