ვახო სანაიას აფხაზეთი, "კაშტანა" და გიო... - კვირის პალიტრა

ვახო სანაიას აფხაზეთი, "კაშტანა" და გიო...

გიორგის ცხოვრება იქ, იმ ბინაში, სადაც ტყვია ესროლეს, არ დასრულებულა

ჰორიზონტში ჩაკიდებული ცეცხლისფერი მზე... უცნაურად აღელვებული ზღვა და ალით განათებული ქალაქი - ეს სოხუმის უკანასკნელი კადრია, რომელიც აფხაზეთიდან ქართველებით დატვირთული გემის უკანასკნელ რეისზე მოხვედრილს სამუდამოდ ჩარჩა გონებაში.

1993 წლის 27 სექტემბრის "გაცეცხლებული" მზე მათთვის უკანასკნელად ჩაგორდა "გაშავებულ" ზღვაში.

"სიმბოლურია, მაგრამ იმ დღეს აფხაზეთის მზეც ჩაესვენა თითქოს...", - ვახო სანაია.

...არადა, უცნაურად გაუმართლათ იმ საღამოს. ბავშვები გულრიფშიდან სხვა რაიონში, მამიდასთან გახიზნეს - უსაფრთხოაო. მერე, როცა რუსულმა ბომბებმა უმისამართოდ დაიწყო ციდან ცვენა, მამამ ვახოსა და მის შუათანა ძმას ხელი მოჰკიდა და...

გარბოდნენ. გემისთვის უნდა მიესწროთ. ქუჩაში მანქანები, როგორც წესი, არ დადიოდა. საოცარია და, ერთადერთმა მანქანამ ჩამოიარა, ნაცნობი აღმოჩნდა. ჩასხდნენ და... ასე სასწაულებრივად მიუსწრეს ფოთის პორტისკენ მიმავალ გემს.

მამა შინ დაბრუნდა. ცოლი აღარ დახვდა - ძმებს თურმე ძალით წაუყვანიათ სვანეთის გზის გავლით...

ოჯახი დაიქსაქსა.

თვეების განმავლობაში დედამ შვილებისა არაფერი იცოდა. არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, ამიტომ კარდაკარ, ფეხდაფეხ, სოფელ-სოფელ დადიოდა და ნათესავების ოჯახებში ეძებდა ოჯახს.

დედა? შვილებს არც უნდოდათ იმის გაფიქრება, რომ შეიძლებოდა ვერ გადაელახა სვანეთის მოყინული გზა-ჭიუხი... არასდროს ისე არაფერი გახარებია ვახოს, როგორც ერთ დღეს დედის დანახვა... დედა გადარჩა!

გულრიფში... ცხოვრების ამ ფრაგმენტის გახსენება ვახოსთვის რთული არ არის - ყველაფერი მხოლოდ ფრაგმენტულად ახსოვს და იმიტომ.

მაშინ მამა ეთერზეთების ქარხანაში მთავარ ინჟინრად მუშაობდა. ომის შემდეგ შესთავაზეს თანამდებობაზე დაბრუნება, მაგრამ უარი თქვა. ახლა კი... რესპუბლიკური საავადმყოფოს მისაღებში მუშაობს. ყველა იცნობს, ყველას იცნობს.

ყველა საინფორმაციო გადაცემას უყურებს, ყველა გამოცემას ეცნობა - ვახო შინ პრესის გარეშე ვერ ბრუნდება. მამა-სანაია მთელ სამყაროში ყველაზე ინფორმირებული ადამიანია, მისი პოლიტიკური "ასპარეზი" კი საავადმყოფოს მისაღები და სახლია, სადაც მამა-შვილს ამ საკითხზე რადიკალურად განსხვავებული აზრები და მუდმივი "შეხლა-შემოხლა" აქვთ. ეს ახლა, თბილისში...

მაშინ კი, გულრიფშში... სანაიების ოჯახში მესამე ბიჭი რომ დაიბადა, მამამ ძველი დაანგრია და ახალი, სამსართულიანი სახლი ააშენა - ვახოს პატივსაცემად. მშობლებმა მთელი ცხოვრების დანაზოგი შეალიეს სახლს. ის იყო, გააწყვეს, ახალი ცხოვრება უნდა დაეწყოთ, რომ... ერთი ჭიქაც კი არ წამოუღიათ, ისე დატოვეს სახლი. არც უფიქრიათ, რომ ვეღარასდროს დაბრუნდებოდნენ.

ვახოს არაფერზე ისე არ სწყდება გული, როგორც "კაშტანაზე". "კაშტანა" ძაღლია, ერთად იზრდებოდნენ, ერთი ასაკის იყვნენ. ომის დროს მიტოვებულ სახლს ერთგულად დარაჯობდა თურმე, მერე დაფლითეს ტყვიით.

მერე სახლიც ააწიოკეს - უზარმაზარი ბიბლიოთეკა, რომელსაც მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში აგროვებდა, ეზოში დაახვავეს - რუსული ლიტერატურა "გადაარჩინეს" და წაიღეს, ქართულს კი ცეცხლი წაუკიდეს. დიდხანს, ძალიან დიდხანს იფერფლებოდაო, უყვებოდნენ მეზობლები.

სახლი კი... ახლაც დგას, დაუბომბავი, მაგრამ გაპარტახებული. არადა, მანამდე ყველაფერი ლამაზი იყო...

აივნიდან ზღვა მოჩანდა. ასეთი ზღვა არსად მინახავსო, - მეუბნება ვახო, - თბილი იყო და უცნაურად ლურჯიო.

ყოველთვის ეგონა, რომ ბებია არასდროს ბანაობდა ზღვაში. უკვირდა კიდეც. ერთხელ, შუაღამისას, მეგობრებთან ერთად სახლისკენ მიმავალმა ვახომ დაინახა, ეს კდემამოსილი ქალი ზღვაში პერანგით ბანაობდა.

მოხუცი და ზღვა - საოცარი სანახავი იყო. ეს უცნაური ტრფობა ბებიისა ზღვასთან ვახომ საიდუმლოდ შეინახა - არასდროს უგრძნობინებია მისთვის, რომ "შეესწრო".

სახლის წინ მწყობრიდან გამოსული რუსების ტანკი  იდგა. მოსახლეობამ რაციონალურად გამოიყენა ის ტანკი - ჩარჩენილ საწვავს ხაპავდნენ და წყვდიადს ლამპის ნათელით ინათებდნენ. მაშინ ეს ფუფუნება იყო.

ერთ დღეს, სახლის წინ, "მარჩენალი ტანკის" გვერდით სხვა ტანკი გაჩერდა. ჯერ სამხედროები გადმოვიდნენ, მერე გიორგიმ ამოყო თავი და გაოცებულ ვახოს საჭმლის მოტანა სთხოვა. დედაც გამოვიდა, "სხვის შვილებს" საკვები გაუტანა... რა იცოდა, რომ იმ ტანკში მისი უფროსი შვილიც იჯდა - წესით, თბილისში სასწავლებლად წასული, სინამდვილეში კი ომში გაჭრილი 17 წლის გიორგი სანაია, რომელიც იმდროინდელი ქართული პრესისთვის ფრონტიდან სტატიებს გზავნიდა.

გიორგი... მისი სიკვდილი მთელი საქართველოსთვის თავზარდამცემი იყო. 2001 წლის 26 ივლისს გიორგიმ თავისი სიკვდილით ვახოს ცხოვრება სრულიად შეცვალა. გიორგის დიდი პოტენციალი ჰქონდა, ღრმა ერუდიციით გამოირჩეოდა, ყველაფერს ფართო დიაპაზონში ხედავდა. გიორგის ცხოვრება იქ, იმ ბინაში, სადაც ტყვია ესროლეს, არ დასრულებულა.

მის დაწყებულს ახლა ვახო აგრძელებს. ბევრი გააკეთა, მაგრამ ეს ჯერ ძალიან ცოტაა - გაცილებით დიდი მიზნები აქვს. ოჯახსა და თავს პირობა მისცა, რომ იმ ბურუსით მოცულ ისტორიას ლოგიკური წერტილი დაესმება. ბევრი აგებს ამის გამო პასუხს. ვახო გიორგის მკვლელობის საქმეს, მის ჟურნალისტურ მოღვაწეობას ზედმიწევნით იცნობს, ამიტომ იოტისოდენადაც არ ეპარება ეჭვი, რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა.

არც გაკვირვებია, რომ მის სახელს ჩირქი მოსცხეს. მაშინ, როდესაც ილია ჭავჭავაძეს - კაცს, ვინც "გლახის ნაამბობი" დაწერა და ხიდჩატეხილობაზე მსჯელობდა, გლეხების შევიწროებაში დასდეს ბრალი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სახელი სამუდამოდ შეერყვნათ. გიორგისთვის იმის დაბრალება, რისგანაც ყველაზე მეტად იყო გამიჯნული, გასაოცარი სულაც არ ყოფილა. ეს მარტივი მეთოდია ამბოხებული ხალხის ემოციის დასაცხრობად. ალბათ, ქართველებმა და აფხაზებმა ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ მიზეზი იმისა, როგორ მოახერხა ასე იოლად მესამე ძალამ, რომ ერთმანეთისთვის გვესროლაო, - ამბობს.

ვახოს მტკიცედ სჯერა, რომ თავის დიდ და ცარიელ სახლში დაბრუნდება. 26 საუკუნე იყვნენ ებრაელები დაფანტული - ისინი ისტორიულმა მეხსიერებამ გადაარჩინა, არ დაივიწყეს, საიდან იყვნენ.

- პოლიტიკოსები შეიცვლებიან, ძალიან ბევრ შეცდომასაც დაუშვებენ. იცი, უკანასკნელ 17 წელიწადში რამდენი შეცდომაა დაშვებული? მთავარია, ადამიანებმა არ დაკარგონ რწმენა. ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ ერთ დღეს იტყვიან, - ჰო, იყო აფხაზეთი და...

KvirisPalitra.Geსხვათა შორის, ვახოს სამუშაო ოთახში გაკრულია - "ნატო აქაურობას". პლებისციტი რომ ჩატარდა, გამოკითხულთა იმ 80%-ში, ვინც ნატოს წევრობას მისცა ხმა, ვახოც იყო. თუმცა, წუხს, რომ ეს მალე არ მოხდება...

კაბინეტში გაკრული აქვს განცხადებაც - იმისთვის, რომ თანამშრომლებთან შეინარჩუნოს "ადამიანური ურთიერთობა", არასდროს უნდა უხსენონ სიტყვები: ეს, ეს და ეს... არასდროს უნდა მოსთხოვონ: ის, ის ან ის... ემორჩილებიან? ალბათ, თუმცა მისი კაბინეტი ზოგჯერ ნაომარს ჰგავს.

ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ვერბალური ურთიერთობა არ სჭირდება, ვინც უსიტყვოდ უგებს, მარიკაა. ვახო შვიდი წლის წინ რომ გავიცანი, მარიკა მაშინაც იყო მის ცხოვრებაში. ახლა ერთად ცხოვრობენ, ორი გოგონა ჰყავთ. მინდა, ის რაც KvirisPalitra.Geმაბედნიერებს, გავამრავლოო, - ამბობს.

მარიკა?  ყველაზე კარგად მასთან გრძნობს თავს. თითქოს ცხოვრების საცალფეხო ბილიკზე მიდიან. ამ ვიწრო გზაზე ზოგჯერ რომელიმე ჩამორჩება, მაგრამ მაინც ახერხებენ ერთად, გვერდიგვერდ სიარულს - წინ...

როგორც სრულყოფილი დემოკრატია არ არსებობს, ასევეა სიყვარულიც. 17 წლის ასაკში მოპოვებული გრძნობა ინდულგენციასავით მთელი ცხოვრება ვერ გაჰყვება - აქვს პერიოდები, ეტაპები, გართულებები... ამით არის ცხოვრება საინტერესო.

17 წლისამ არა, მაგრამ თითქმის დაბადებისთანავე მოიპოვა პირველი სიყვარული - ფეხბურთი. ჰო, პირველი სიყვარულივითაა, დროდადრო ახსენებს თავს. ძირითად საქმიანობას სწორედ ფეხბურთთან ღალატობს მაშინ, როდესაც რადიოს თუ ტელეეთერში მატჩის კომენტატორობას დიდი სიამოვნებით ითავსებს.

ბებერი ქალბატონი - ეს დიდი სიყვარულია, ტურინის "იუვენტუსი". რომ ჰკითხოთ, სად იმოგზაურებდა, დაუყოვნებლად გიპასუხებთ, ტურინშიო. იქ ქრისტეს სუდარა ასვენია, "ფიატის" საწარმოც მუშაობს და რაც მისთვის ყველაზე მთავარია, "იუვენტუსი" "ცხოვრობს"!

ქართული ფეხბურთის მდგომარეობა კარგად არც ვახოს ეჩვენება. წარმატებისთვის შეუსაბამოა ცნება "კარგი ფეხბურთელი", არსებობს კარგი კოლექტიური თამაში. ახლა თემურ ქეცბაიას იმედი აქვს. იცის, ასე მალე ვერ მიაღწევს  წარმატებას ნაკრები, მაგრამ მთავარი სტარტია.

ჟურნალისტიკაში ვახო სანაიამ სტარტი 17 წლისამ აიღო, როდესაც პრაქტიკანტად მივიდა ტელეკომპანია "მზეში". მაშინ გიორგი სანაიას ძმა იყო. ასევე მოიხსენიებდნენ "რუსთავი 2"-შიც. აღარ ახსოვს, როდიდან ან როგორ, მაგრამ ახლა ვახო სანაიაა!

საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა დიდხანს. შესაძლოა, არის რაღაც, რაც შეიძლებოდა, უკეთესად გაეკეთებინა, მაგრამ არაფერია ისეთი, რაც არ უნდა გაეკეთებინა. რაც შეეხება "იმედიდან" წამოსვლას, ეს თემა მისხალისოდენადაც რომ იყოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, აუცილებლად გაახმაურებდა მიზეზს. უბრალოდ, ზოგჯერ ადამიანები სამსახურს იცვლიან, ვახომაც... საზოგადოებრივ მაუწყებელზე არჩევანი მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ მათი შეთავაზებული პირობები მოეწონა.

არაპროფესიონალიზმი? ამას "იმედის" გახმაურებული "სპეციალური რეპორტაჟის" შემდეგ ხაზი სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით გაესვა. ის, რომ რესპონდენტს აცალა აზრის გამოთქმა და არ შეედავა, რომ "იმედის" ხელმძღვანელობა მართულია, ის, რომ არ ამოვარდა გადაცემის ფორმატიდან და დაიცვა ჟურნალისტური ეთიკა, სულაც არ მიაჩნია დილეტანტიზმად. რატომაც არა, მოისმენს ყველას აზრს, მაგრამ ყოველ სისულელეს კომენტარს ვერ გაუკეთებს.

პირდაპირ ეთერში რომ არ გამოექომაგა "იმედს", იმიტომ ხომ არ მოუწია ტელევიზიის დატოვებამ?

- არა! - ვახოს პასუხი კატეგორიულია, მიზეზი - უცნობი.

მოუმზადებია თუ არა თემა, რომელიც მისი, როგორც ჟურნალისტის ინტერესებს სცდებოდა და "მაღალი რანგის" პირთა სურვილს ემთხვეოდა?

- არა! არა! არა! - კვლავ კატეგორიულად. რატომ უნდა შეუთანხმოს თემა თუნდაც პრეზიდენტს? ის თავისუფალი ჟურნალისტია, თავისი მიზნებითა და აზრებით. ერთადერთი, ვის ინტერესსაც ითვალისწინებს, ვახო სანაიაა და რადგან პროფესია საჯარო აქვს, შესაბამისად,  - ხალხისაც...

უბის წიგნაკი აქვს. აგერ უკვე რამდენი წელია, ჩანაწერებს აკეთებს - შთაბეჭდილებებს, განცდებს, ყველაზე გაუმხელელსაც კი მასში აქცევს. ალბათ, ფიქრობს, რომ ერთ დროს აუცილებლად წაიკითხავს ვინმე...

"თავიდან არ გცნობენ, მერე დაგცინიან, შემდეგ გებრძვიან, ბოლოს კი იმარჯვებ", - ეს მაჰათმა განდის სიტყვები და ვახო სანაიას დევიზია. ასეც ხდება ნებისმიერი საქმის წამოწყებისას - ხშირად გაუმარჯვია, მაგრამ ეს არ კმაროდა. ყველაზე მთავარი გამარჯვება წინ არის - ჯერ ჟურნალისტიკაში, მერე კი უფრო ფართო ასპარეზზე. მაკიაველისა არ იყოს, მიზანი მის შემთხვევაშიც გაამართლებს საშუალებას - ყველაფერს გააკეთებს იმ ერთი დასახულისთვის.

- ყველაფერს?

- ჰო, ყველაფერს! მიზანი ყველაზე დიდი პრინციპია, ამიტომ პრინციპი  - რაღაც არ გავაკეთო, არ გამაჩნია!