ნიკოლოზი თურმე სტალინსა და მის დედას კეკეს მკურნალობდა - რა ელის გაბაშვილების ულამაზეს, ისტორიულ სახლს?! - კვირის პალიტრა

ნიკოლოზი თურმე სტალინსა და მის დედას კეკეს მკურნალობდა - რა ელის გაბაშვილების ულამაზეს, ისტორიულ სახლს?!

"ცისფერმაქმანებიანი" ულამაზესი სახლი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის უკან, რუსთაველის 54 ნომერში მდებარეობს, 1897 წელს, თავად ვასილ გაბაშვილის დაკვეთით ცნობილი არქიტეტორის კორნელი ტატიშჩევის პროექტით აუგიათ. აქ ვასილ გაბაშვილის და ოლღა თაქთაქიშვილის მრავალრიცხვოვანი ოჯახი ცხოვრობდა. ვასილ გაბაშვილის ერთ-ერთი ქალიშვილი დარია დაქორწინდა ნიკოლოზ ყიფშიძეზე, რომელიც შემდგომში ცნობილი თერაპევტი გახდა. ამ სახლში დღესაც ყიფშიძის შთამომავლები ცხოვრობენ. ცნობილია, რომ ნიკოლოზ ყიფშიძე იოსებ სტალინს და მის დედას კეკეს მკურნალობდა.

ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გაბაშვილების სახლში რამდენიმე ოჯახი შეასახლეს, მეორე სართულის ნაწილში კი კვლავ გაბაშვილები ცხოვრობდნენ. წლების განმავლობაში ზე აქ მცხოვრები ოჯახები საცხოვრებლად სხვა ადგილებში გადავიდნენ. ამჟამად სახლში დარო გაბაშვილისა და ნიკოლოზ ყიფშიძის შვილიშვილი ნინო ყიფშიძე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ნინო ყიფშიძე: - ჩვენი სახსრებით და ინგლისელი მეგობრის დახმარებით, რომელმაც სახლის გადარჩენის ფონდი შექმნა, სახლს რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. ნიკო ზაზუნაშვილმა გააკეთა რესტავრაცია და თითოეული ნაძერწი შენარჩუნებულია. თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა კონკურსი და ლელა ნინოშვილმა გააკეთა სადარბაზოს აღდგენის პროექტი, სამწუხაროდ, ტენდერი არ შედგა, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შედგება და სახლის რეაბილიტაცია დასრულდება. სადარბაზოს რამდენიმე ადგილია დაზიანებული და არის ნესტი, რომელიც გვერდითა შენობიდან მოდის. საბაგიროს ახალი შენობის დადგმაც იგეგმება, ამის გამო პატარა ნაგებობა დაანგრიეს, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენს სახლს ესაზღვრებოდა. დემონტაჟი ისე უხეშად მოხდა, რომ დიდ ვიბრაციას ვგრძნობდით, რამაც ყოველდღიურად ბათქაშის ცვენა გამოიწვია".

პირველი დაზიანება შენობას 1990 წელს მთაწმინდის საბაგიროს უბედური შემთხვევის დროს მიადგა, როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა და 19 ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედიიდან 28 წლის შემდეგ ძველი საბაგიროს აღდგენა ისევ იგეგმება, რაც ტატიშჩევის უნიკალურ ქმნილებას "ცისფერმაქმანებიან სახლს" საფრთხეს უქმნის. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ამჟამად მუშაობა მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე "ცისფერმაქმანებიან სახლს" და მისი მარჯვენა ფასადს, საიდანაც ყოველდღიურად ცვივა ბათქაში, საბაგიროს ახალ სადგურამდე 10 მეტრიც კი არ აშორებს. სახლის სანახავად ყოველდღიურად ათობით ტურისტი მოდის. კორნელი ტატიშჩევის მაღალმხატვრულმა ქმნილებამ დიდ დროს გაუძლო გაუძლო და თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი საბაგიროს მშენებლობას გაბაშვილების სახლი არ შეეწირება და კომპანია პირადი ინტერესებისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ზიანს არ მიაყენებს.

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო