მაესტრო მარჩიანო იოანე ზოსიმეს კოდით - კვირის პალიტრა

მაესტრო მარჩიანო იოანე ზოსიმეს კოდით

"ვიცნობ ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედებას, მის ღვთაებრივ ხმას, მის ჩანაწერებს ხშირად ვუსმენ"

პირველი ოქტომბრიდან იტალიელი დირიჟორი ჯანლუიჯი მარჩიანო ოფიციალურად დაინიშნება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალურ დირექტორად. მანამდე კი, 28 ივლისს, თეატრი იტალიაში გასტროლზე მიდის, - გუბიოს საერთაშორისო ფესტივალზე ქართველები წარადგენენ ვერდის ოპერა "რიგოლეტოს".

რეპეტიციის დასრულებამდე ოციოდე წუთით ადრე შევედი საკონცერტო დარბაზში. პირველად ვხვდები იტალიელ დირიჟორს. ბევრი საქებარი წერილი წამიკითხავს მასზე.

ჩემ წინაშე უცნაური იტალიელია, არც ისე ექსცენტრიკული, სადღაც გამქრალა მისი ცეცხლოვანი რიტმი.

პირველივე ფრაზიდან საოცრად გულწრფელია, თუმცა ვგრძნობ, სადღაც შორს არის, ეძნელება იმ სამყაროდან გამოსვლა, სადაც სულით ხორცამდეა ჩაფლული. მალე ვხვდები ახალ ამპლუაში მისი ნაკლებექსცენტრიკულობის მიზეზს. ერთი სული აქვს, სადირიჟორო პულტთან დადგეს და სწორედ იქ დაიხარჯოს. არადა, ისეთი საინტერესო მოსაუბრეა, არ მეთმობა.

"საქართველო ჩემთვის აღმოჩენაა"

ქართველები ძალიან საინტერესო ხალხია, ემოციური, საშემსრულებლო ოსტატობითა და პროფესიონალიზმით ჩემს უდიდეს პატივისცემას იწვევენ. საქართველო ჩემთვის აღმოჩენაა.  ამიტომაც მომინდა უფრო ახლოს გამეცნო ის ქვეყანა, რომელიც ბევრს უსაზღვროდ უყვარს. ბევრ ქართველ ხელოვანთან მიმუშავია. მე და ნინო სურგულაძეს გვქონდა საერთო პროექტები, შემდეგ ლადო ათანელი, პაატა ბურჭულაძე გავიცანი. უამრავ ქართველ შემსრულებელთან წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა.

საქართველოდან იტალიაში ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ნაკადი ჩამოვიდა, მათი წყალობით საქართველო გავიცანით. როცა ადამიანი საკუთარი შემოქმედებით აინტერესებს უცხოელს, ბუნებრივად ჩნდება დაინტერესება იმ ქვეყნით, საიდანაც ეს შემოქმედია.“

"მე "ფიორენტინას "ვქომაგობ"

საშინლად არ მიყვარს საფეხბურთო კლუბი "მილანი".  კახა კალაძე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს იტალიაში და დიდ პატივს სცემენ. მეც ვაფასებ,  როგორც დიდ პროფესიონალსა და პიროვნებას. ამდენი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს და ეს არ არის იოლი.

კალაძემ საქართველო პოპულარული გახადა იტალიაში.

ფლორენციაში დავიბადე და ამიტომაც "ფიორენტინას" ვქომაგობ. ვიცი, რომ ჩემი გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება, ახლა ისეთი ძლიერი გუნდებია სერია ა-ში, რომ... "ინტერი", "მილანი"...  ძნელია მათთვის საჩემპიონო კონკურენციის გაწევა. ჩემი აზრით, მთავარია, ბოლომდე უერთგულო საკუთარ გუნდს. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, "ფიორენტინას" ჯერიც დადგება.

"მუსიკა შემთხვევით ავირჩიე"

ფორტეპიანოზე დაკვრა 5 წლისამ ვისწავლე. რატომ ავირჩიე მუსიკა? შემთხვევით... ჩემმა მასწავლებელმა  მშობლებს ურჩია, რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა მესწავლა. ოჯახში სრულიადაც არ იყო მუსიკის კულტი, არ გაგვაჩნდა მუსიკალური ტრადიციები... მოკლედ, ფორტეპიანო ვარჩიე და სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად სულ არ მომწონდა დაკვრა, მაგრამ მერე მუსიკის საოცარმა სამყარომ მომნუსხა, ჩამითრია.

მუსიკალური გემოვნება ჩამომიყალიბა იმ უდიდესმა და უმშვენიერესმა სამყარომ, იტალიური კლასიკური ოპერა რომ ჰქვია. თავდაპირველად მომხიბლა ვაგნერის შემოქმედებამ, რომელშიც მრავლადაა იტალიური ფოლკლორის ნიმუშები. ეროვნული ფესვები ბევრად განაპირობებს წარმატებას ნებისმიერ სფეროში, მათ შორის - მუსიკაში. ჯუზეპე ვერდიმ თავისი შემოქმედება ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის სინთეზზე ააგო. თავდაპირველად გამიჭირდა იმ ნიშნულის მონახვა, სად გადიოდა ზღვარი კლასიკურ მუსიკასა და ფოლკლორს შორის. შემდეგ კი, თანდათან, ეს ყველაფერი საოპერო კლასიკად იქცა.

"ქართულმა ფოლკლორმა ჯადოსნურ სამყაროს მაზიარა"

საქართველოში უდიდესი კულტურული და სულიერი ფასეულობებია დაცული. განსაკუთრებით ფოლკლორს საოცრად დიდი ძალა აქვს. ვიცნობ ჰამლეტ გონაშვილის შემოქმედებას, მის ღვთაებრივ ხმას, მის ჩანაწერებს ხშირად  ვუსმენ. ქართული ფოლკლორი ჯადოსნური სამყაროა. ეს არის ის მუსიკა, რომელიც ნებისმიერი განწყობისას გხიბლავს და ბედნიერებას გაზიარებს.”

რატომ სწავლობს მარჩიანო ქართულს

ამჯერად მხოლოდ "რიგოლეტო" გვაქვს პროგრამაში. მომავალში ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების დადგმას  ვგეგმავთ. ქართული საოპერო მუსიკა იმ დონის მუსიკაა, რომელიც საზღვარგარეთ უნდა გავიდეს, უნდა გახდეს პოპულარული ყველგან. ქართულ საოპერო მუსიკას დიდი პოტენციალი აქვს. ამიტომაც გადავწყვიტე სერიოზულად მოვეკიდო საქმეს.  უკვე დავიწყე ქართული ენის შესწავლა, რათა გამიადვილდეს ქართველ ავტორებთან ურთიერთობა, პარტიტურების კითხვა. მუსიკას თარჯიმანი არ სჭირდება, მაგრამ ქართული ენის შესწავლა დამეხმარება ქართული მუსიკისა და კულტურის ფენომენის სიღრმისეულად შესწავლაში.

მინდა ვუთხრა ჩემს მეგობრებს:  "ჩამოდით საქართველოში, გაიცანით ეს საოცარი ქვეყანა, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები, რომელნიც უდიდესი სითბოთი და კეთილგანწყობით გამოირჩევიან. საქართველოში დაცულია უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა. მოინახულეთ ეს საოცრებები და იგემეთ ის უგემრიელესი კერძები, რომელსაც აქ ამზადებენ.

P. S. X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი იოანე  ზოსიმე ბრძანებდა: "ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს". მე არ მიკითხავს მარჩიანოსთვის, იცნობს თუ არა იოანე ზოსიმეს. ცხადია, მუსიკოსი ქართული სამყაროს ასეთ სიღრმეებს ჯერჯერობით ვერ ჩასწვდება, მაგრამ ის კი შევნიშნე, რაოდენ დამუხტულია მაესტროს ცნობიერება იოანე ზოსიმეს კოდით. ქართულ სამყაროსთან მისი ურთიერთობის ფორმულის საიდუმლოც, ალბათ, ეს უნდა იყოს.

მამუკა ნაცვალაძე