დაკარგული ბავშვებიდან ერთ-ერთი, 4 თვის მამუკა არაბული, პატრიარქის ნათლულია - კვირის პალიტრა

დაკარგული ბავშვებიდან ერთ-ერთი, 4 თვის მამუკა არაბული, პატრიარქის ნათლულია

ამბობენ, საიქიოს გარდასულნი სააქაოს დარჩენილთა მწუხარების გამო იტანჯებიანო. თუ ასეა, იოლი წარმოსადგენია, რას განიცდის ბერდია არაბულის სული. რომ შეეძლოს ალბათ ცხოვრებას იმ დრომდე დააბრუნებდა, როდესაც უკანასკნელად მიუჯდა საჭეს და ბედნიერმა გააქანა საყვარელი ხალხით სავსე ავტომობილი...

22 ივლისს, პირიქითა ხევსურეთში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. მთიელთა უძველესი დღესასწაულიდან, ათანგენობიდან დაბრუნებული 10 ადამიანი ავტოკატასტროფაში მოყვა. მუცოსთან ახლოს, სოფელ ხონეში სწრაფად მიმავალი მანქანა ხრამის პირზე მოცურდა. მძღოლმა, ბერდია არაბულმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიცუბიშის მარკის ჯიპი მდინარე არღუნში რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამ ადგილზე წყალი ღრმა არა, მაგრამ ცივი და ძალიან სწრაფია.

დაიღუპა შვიდი მგზავრი - 2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი დაიაურები დედასთან, თეონა ქუმსიაშვილთან ერთად, 4 თვის მამუკა არაბული კი მშობლებთან ბერდია და სოფიკო არაბულებთან ერთად. ასევე დაიღუპა თეონას და ნათია ქუმსიაშვილი. დემეტრე, ჯარჯი და თეონა შატილის სკოლა-ინტერნატის დირექტორის და პოეტის გელა დაიაურის ცოლ-შვილი იყო. გელა ოჯახთან და ცოლის და-ძმასთან ერთად იმყოფებოდა ავტომობილში.

KvirisPalitra.Geკატასტროფას მხოლოდ გელა, 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და 21 წლის თეონა ჭინჭარაული გადაურჩნენ. ექიმებმა გელას და თორნიკეს საშუალო ხარისხის დაზიანებების გამო მთებში დარჩენის უფლება მისცეს. თეონა კი 23 ივლისს თბილისში საავადმყოფოში გადმოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფის ადგილას მაშველი და ავტომობილში მყოფთა ნათესავები სწრაფად მივიდნენ, წყალმა 2 წლის დემეტრესა და 4 თვის მამუკას წაღება მოასწრო.

მდინარე არღუნი სწრაფია და ცივი, რამაც ძებნის პროცესი გაართულა. მაშველების განმარტებით, როდესაც წყლის ტემპერატურა ძალიან დაბალია, მდინარე გვამს დიდხანს აჩერებს სიღრმეში ან ფსკერზევე მიაქვს. იმის გამო, რომ დაკარგულთა სხეულები მჩატე და მცირე ზომისაა, სწრაფი დინება კიდევ უფრო იოლად მოასწრებდა მათ შორ მანძილზე გატაცებას. ხევსურეთიდან არღუნი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადადის. ამიტომაც მომხდარის შესახებ მეზობელ ჩეჩნებსაც შეატყობინეს, რათა მდინარის ნაპირზე დაღუპულების გამოჩენის შემთხვევაში ქართული მხარისთვის ეცნობებინათ.

მაშველების თქმით, მსხვერპლი არ იქნებოდა, მანქანა რომ არ ამოყირავებულიყო. თვითმხილველთა თქმით, ავტომობილი მდინარის ფსკერზე სახურავით დაეცა და სწრაფი დინების გამო მცირე ხნით იხოხა კიდეც. მანქანა თითქმის არ არის დამტვრეული, ამიტომაც მაშველები ვარაუდობენ, რომ სიკვდილს ტრავმები ვერ გამოიწვევდა. სავარაუდოდ, ყველას გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა იყო.

მაშველების ნაამბობის მიხედვით, ავარიის შემდეგ მოვლენები ელვისებურად და საბედისწეროდ განვითარდა: დაცემისას გატყდა მხოლოდ საქარე მინები, რის გამოც ავტომობილის სალონი სწრაფად აივსო წყლით. უკვე ავარიის და ტრავმების გამო შოკირებული მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ. ასეთ სიტუაციაში ტრაგედია უმოკლეს დროში ვითარდება. 3 წუთი მაქსიმალური დროა იმისათვის, რომ წყლის ტყვეობას თავი დააღწიო და არ დაიხრჩო.

დაახლოებით ამდენივე დრო სჭირდება უკვე დახრჩობის პირას მისული, წყალნაყლაპი ადამიანის გადარჩენასაც. ავტომობილის სალონში დასაშვებზე ბევრად მეტი ადამიანის ყოფნა კიდევ უფრო გაართულებდა მდგომარეობას. ცივსა და სწრაფად მდინარე წყალში, თუ თავს დროულად ვერ აღწევ, ერთი მეტრის სიღრმეც საკმარისია დასახრჩობად. ამ დროს გადარჩენის ერთადერთი შანსი ის არის, რომ იქვე, ჩასაფრებულივით იყვნენ მაშველები. სამწუხაროდ, ასე თითქმის არავის უმართლებს.

ტრაგედიის თვითმხილველთა თქმით, გელა დაიაური ავტომობილიდან ძმამ, მამუკამ გამოიყვანა. არაბულის მანქანას უკან ახლობლები მოჰყვებოდნენ სხვა მანქანებით. ამბობენ, ხრამში გადაცვენილთა საშველად ლაშქარი გადაეშვაო. იმ დღეს არავის შეშინებია სწრაფად მდინარე არღუნთან განსაცდელში მყოფთა დასახმარებლად შებმა, მაგრამ იღბალმა თუ ბედისწერამ ყველას უმუხთლა, დაღუპულებსაც და გადარჩენილებსაც.

KvirisPalitra.Geშეწყვეტილი სიმღერა

ბერდია არაბული გელას და თეონას მეჯვარე იყო. მთებზე შეყვარებულს არასოდეს უცდია მშობლიური მხარის მიტოვება. ბოლო დრომდე ბარისახოში ცხოვრობდა. იმ ტრაგიკულ დღეს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე ყოფილა. ათანგენობაზე ხალისით მიდიოდა მუცოში, მესამე შვილი, პატარა მამუკა ხატს უნდა შევავედროო. ამბობენ, იმის გამო, რომ ავტომობილში ადგილი აღარ იყო, არაბულებმა ორი შვილი სახლში დატოვეს. ასე, შემთხვევით გადაურჩა არაბულების ოჯახი ამოწყვეტას.

დაიაურების, ქუმსიაშვილების და არაბულების ტრაგედია სრულიად საქართველოს ეტკინა, თუმც, ვიცით, რომ ვერაფერი შეედრება და ვერ აღწერს იმ ტკივილს, რასაც დაღუპულთა ოჯახები და ჩვენი მეგობარი გელა დაიაური განიცდის. ის პირველი ხევსურია, რომელმაც "კვირის პალიტრას" ხევსურეთში უმასპინძლა და ლამაზი სულით და მთის უძველესი კულტურით გაჟღენთილი პოეზიით ჩვენიანი, ჩვენი ოჯახის წევრი გახდა.

ის ოცნებობდა მთებში ხევსურების დაბრუნებაზე, ჩვენც აგვიყოლია ამ ოცნების განხორციელებაში, ხალხის გულამდე ტკივილის მიტანაში. ცდილობდა მთაში დაბრუნების მაგალითი მიეცა სხვებისთვის, არადა, შეეძლო ბარში მშვენივრად მოწყობილიყო, მაგრამ ყველანაირ გაჭირვებასთან ბრძოლა არჩია მიზნის მისაღწევად. თითქოს ღმერთიც ეხმარებოდა ამ ოცნების ასრულებაში, ცოლადაც ისეთი გოგო შეახვედრა, მისნაირად მოფიქრალი.

"მთის ბულბულად" წოდებული, ულამაზესი ხმის მქონე თეონა ქუმსიაშვილი თითქოს მხოლოდ გელასთვის იყო დაბადებული. მათი ლექსი და სიმღერა ათბობდა ხევსურეთს, თბილისს და საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ემიგრანტებსაც კი. წელს, 26 ივნისს, ფერეიდნელებიც კი საგანგებოდ თეონას სანახავად ჩამოვიდნენ საღამოზე "მთის საჩუქარი ბარს" დასასწრებად.

KvirisPalitra.Geთეონას მუსიკალური ალბომის მოსმენის შემდეგ ირანელ ქართველებს განსაკუთრებით აუტაცებიათ მისი სიმღერა. ამიტომაც კონცერტის შემდეგ გურჯები დიდხანს უხდიდნენ მადლობას მთიელ ქალს, - შენმა სიმღერამ საქართველოსა და ფერეიდანს შორის მანძილი შეამცირაო.

პირველ შვილს, დემეტრეს დღე-დღეზე ელოდებოდა, რომ ვნახე. როგორ ხარ, მთებში ხომ არ გაგიჭირდა ცხოვრება-მეთქი? ლამაზი თვალები შემომანათა და ღიმილით მითხრა: "მთაში ცხოვრება მძიმე ტვირთიაო, ამბობენ. არა, ქალაქია ტვირთი, მძიმე ტვირთია ეშმაკისგან ათასგვარი საცდურით დახუნძლული, მთა კი სუფთაა.

გიცავს, გულში გიხუტებს, საზრდოს გაძლევს, თუმც განსაცდელსაც გივლენს, რომ არ დანელდე, არ მოდუნდე, არ დაეცე, რომ მუდამ გახსოვდეს ღმერთი.

გზა რომ იკეტება, უნებურად შიში გიპყრობს, რა მოხდება, უცებ რომ გაგიჭირდეს, ავად გახდე და ბარში წასვლა დაგჭირდეს.

იცი, რომ ღვთის მეტი ვერავინ დაგეხმარება, მხოლოდ მის იმედად ხარ დარჩენილი. ასეთ დროს ლოცვა გეხმარება, ის გმატებს სიმტკიცეს და აღარ გეშინია  მოსალოდნელი საფრთხის.

KvirisPalitra.Geამიტომ არის, რომ მთის ხალხის რწმენა განსაკუთრებით მძაფრია. მთაში გაზრდილი ბავშვიც იმიტომ არის უფრო მგრძნობიარე და მზრუნველი, რომ ხედავს, რამდენი განსაცდელის გადატანა უწევთ უფროსებს.

ბავშვების ხმა აცოცხლებს აქაურობას და ეს ხმა არ უნდა მიწყდეს არასოდეს. მალე მათ ხმას ჩემი შვილის და მერე, ალბათ, შვილების ხმაც შეემატება.

ჩვენი სულიერი მწყემსის, პატრიარქის თხოვნა, - გამრავლდითო, უნდა შეისმინონ ქართველებმა. მე ძალიან მდიდარი ქმარი მყავს, - ცხრა და-ძმანი არიან. მინდა ეს სიმდიდრე მეც ვამრავლო. ხალხს უკვირს, რა ამბავია ცხრაო, აბა როგორ?

აქ მივხვდი, რომ ღმერთი შეგაძლებინებს და გაგაზრდევინებს მის მიერ მოცემულს. აქ რომ მოვედით, მე და ჩემს ქმარს სახლ-კარიც არ გვქონდა. ყველაფერი გამოჩნდა ღვთის ნებით. მიენდეთ ღმერთს, ის უდიდეს სიხარულს მოგგვრით და მთების გადადგმას შეძლებთ...

აქ ხვდები, რას ნიშნავს ცხოვრობდე ერთად. მართლა ერთნი ვართ ყველანი".

ამ მცირე სიტყვაშიც კი მთელი საფიქრალ-სატკივარი, ოცნება და სიხარული ჩაატია თეონამ. თავისი შინაგანი მე კიდევ უფრო გაგვიხსნა და დაგვანახა უკეთილშობილესი სახე. იმის მერე, მე, ისევე როგორც უამრავ ადამიანს, კიდევ უფრო მიყვარდა ხევსურეთი თეონას და გელას გამო, ახლა მგონია, რომ იქაურობას მართლა გამოეცალა დედაბოძი. ღმერთმა შეაძლებინოს ამ უმძიმესი ტვირთის ზიდვა ჩვენს ძმას, გელას. თითქოს მთებსაც არ ნდომიათ მისგან განშორება და ამიტომაც "ჩაიხუტეს" მისთვის ყველაზე ძვირფასი - ოჯახი. ნუგეშად ისევ თეონას სიტყვები რჩება, ღმერთს მიენდე, მის მეტი ვერავინ დაგეხმარება!

"ზეცა სავსეა ფიქრთა ქაოსით,

მთებმა ნისლები შესვეს ბოლომდე

და იმოსება თეთრი სამოსით

მიწა - შავგული, მიწა - ბოროტი.

სხვებმა რაც უნდა შენზე ისა თქვან,

შენ იბობოქრებ მაინც, ამინდო,

დათოვე! მიწა ცოდვებისაგან

მაგ სისპეტაკემ იქნებ გაწმინდოს."

- ეს ლექსი გელამ თავისი უდროოდ და ტრაგიკულად დაღუპული დის, თაიას გამო დაწერა. გოგონა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, რაც გელას სულს სამუდამოდ გახსნილ იარად დარჩა. ახლა კიდევ ეს ტრაგედია. თითქოს ბედისწერასავით დასდევს ტკივილი.

P.S. ძალიან გამიჭირდა წერა, ყურში თეონას სიმღერები ჩამესმოდა, თითქოს ტიროდა, "ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარულიო"...

"კვირის პალიტრა” იზიარებს დაღუპულთა ოჯახების ტკივილს და პატივს მიაგებს გარდაცვლილთა ხსოვნას

საგზაო გენოციდი

1987 წელს პოეტის და დრამატურგის, თამაზ ბაძაღუას სიკვდილმა შეძრა საქართველო. 28 წლის ხელოვანი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად სამტრედიასთან ახლოს, ავტოკატასტროფაში მოყვა. თამაზ ბაძაღუას ოჯახი და მისი მეგობრის მეუღლე დაიღუპნენ.

2008 წლის გაზაფხულზე ავტობანზე, ქსნამდე არ მისული, მძღოლის დაუდევრობის, გადაჭარბებული სიჩქარის გამო საშინელი ტრაგედია დატრიალდა. 8 სტუდენტი გადაბრუნებულ მიკროავტობუსში გამოიწვა.

იმავე წელს, რამდენიმე თვეში, იმავე გზაზე, საშინელი სიჩქარით გაფრენილი "ოპელ-ვექტრა" ლითონის ბოძს შემოეწნა, ავტომობილში შვიდნი ისხდნენ, ქმრები ცოლებით, ოთხი ადგილზევე დაიღუპა.

2009 წლის ივლისის ბოლოს, თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე თითქმის ერთდროულად მომხდარ ავტოკატასტროფას 6 ადამიანი ემსხვერპლა. ბანკეტიდან მომავალი სკოლადამთავრებულები ნასვამები უსხდნენ საჭეს. ჯიპში ოთხნი ისხდნენ, უკანასკნელი აღმოჩნდა ეს სრბოლა მათთვის.

2009 წლის 14 ივლისს ნაქერალას უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც შაორის ტბასთან განლაგებულ პატრიოტთა ბანაკში მოზარდები მიჰყავდა, 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტობუსში მყოფი ოცდახუთი მოზარდიდან ორი - დავით პირველი და ნათია ჩხეიძე ადგილზევე დაიღუპნენ, ხატია კავთიაშვილი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ უბედური შემთხვევებისა, რომელიც ტრაგიკულად სრულდება საქართველოს გზებზე...

როგორ მოვიქცეთ ექსტრემალური სიტუაციისას

სპეციალისტების განმარტებით, სარისკოა ჟილეტისა და ჩაფხუტის გარეშე წყალში საშველად შესვლა. მაშველს შესაძლოა ფეხი აუსხლტეს, დაცემისგან და დარტყმისგან გონება დაკარგოს და თვითონვე გახდეს საშველი. ასე, შეუიარაღებელი სამაშველო ოპერაციის განხორციელების მცდელობისას დაიღუპა მტკვარში რამდენიმე წლის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ირაკლი ქუთათელაძე.

სპეციალისტები ამიტომაც მიიჩნევენ, რომ უპრიანი იქნებოდა განსაცდელში მყოფთა დახმარებას ადამიანები სკოლიდანვე სწავლობდნენ.

ყველა ტიპის სამაშველო ოპერაციას სპეციალური ცოდნა სჭირდება. ხევსურეთის ტრაგედიის შემთხვევაში სულ მცირე, ერთი სამაშველო, ხუთკაციანი ეკიპაჟი იყო საჭირო.

პირველ რიგში განისაზღვრება მაშველთა უსაფრთხოება, შემდეგ ყველა თავის დავალებას იღებს და ჯაჭვი იწყებს უსწრაფეს ქმედებას. პროფესიონალი მაშველები, შემთხვევითისგან განსხვავებით, ემოციების გარეშე მოქმედებენ და ერთმანეთს ხელს არ უშლიან.

სამაშველო ოპერაციებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომელი ხელსაწყო სად და როგორ უნდა გამოიყენო. თუ წყლის სიღრმე პატარაა, იმისათვის, რომ არ იმოძრაოს, აუცილებელია ამობრუნებული ავტომობილის დაფიქსირება, დაბმა (დიდ წყალში ჩაძირვის საფრთხის გამო დამაგრება დაუშვებელია, შესაძლოა ჩაძირვისას სხვა რამეც ჩაიყოლოს და კიდევ უფრო გაართულოს საქმე).

ამის შემდეგ უნდა გათავისუფლდეს სამუშაო სივრცე, რათა ავტომობილში დარჩენილების სწრაფად ევაკუაცია მოხდეს. საერთაშორისო წესების თანახმად, თუ სალონში რამდენიმე ადამიანია, პირველი ის გამოჰყავთ, ვისაც სიცოცხლის ნიშან-წყალი ყველაზე მეტად ეტყობა. ამ დროს სავალდებულოა მეორე მაშველს თან ჰქონდეს შესაბამისი აღჭურვილობა დაზარალებულისთვის.

თუ დაზარალებულს პულსი ესინჯება, მაგრამ წყლის ყლაპვის გამო კომაშია, საჭიროა მუხლზე მუცლით გადაწვენა, რათა ნაყლაპი წყალი გადმოღვროს. შემდეგ ტარდება ხელოვნური სუნთქვა. უშედეგობის შემთხვევაში მკერდის შუაგულში, გულის ქვედა მეოთხედზე ხელის ორივე დაწოლით ტარდება კუმშვითი მასაჟი, რომელიც 5 წუთამდე შესაძლოა გაგრძელდეს. თუ დაზარალებული ამ დროში არ ამოისუნთქავს, ხელოვნური სუნთქვის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.