"ვიცი, რომ ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის მისამართით ისროლეს" - კვირის პალიტრა

"ვიცი, რომ ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის მისამართით ისროლეს"

როგორც ირკვევა, 31 მაისს, შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის. დაპირისპირების ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა.

დაპირისპირება აღმაშენებლის გამზირზე, "მაკდონალდსთან" მოხდა და მასში ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილიც მონაწილეობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ჩვენი ინფორმაციით, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და ვარლამ ლიპარტელიანს ესროლეს, თუმცა სხვა ძიუდოისტი დაიჭრა.

დეტალების გასარკვევად, ძიუდოისტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს დავუკავშირდით:

- მეც გავიგე, რომ იყო დაპირისპირება, მაგრამ გვარები და სახელები არ ვიცი. როგორც ვიცი, ერთი მოჭიდავეა დაჭრილი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით. ჩვენ მივმართავდით ხელისუფლებას, რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები, თორემ შეიძლებოდა პროცესი ძალიან ცუდად წარმართულიყო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. სწორედ ასეთ დამნაშავეებს მფარველობენ ძიუდოს ფედერაციაში, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ახმეტაში, ექვსმა კაცმა სცემა ადამიანი და ამაზე პასუხი ჯერ არავის უგია, გუშინ კი უკვე მეორე, უფრო ცუდი შემთხვევა მოხდა. მე თავს დაუცველად ვგრძნობ.

დაჭრილის მდგომარეობა არ ვიცი, ვარკვევ სად არის, ბიჭებს გამორთული აქვთ ტელეფონი და ვერ ვუკავშირდები.

როგორც ვიცი, ეს ამბავი პატრულის თანდასწრებით მოხდა. ვიცი, რომ ჭრიკიშვილისა და ლიპარტელიანის მისამართით ისროლეს, მაგრამ დაიჭრა სხვა. რა მნიშვნელობა აქვს ვის ესროლეს, მთავარია, რომ მოხდა ცუდი ამბავი, საქმე გადაიზარდა სერიოზულ დაპირისპირებაში.

იხილეთ ასევე: ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)