დაზღვევის საზღაური - კვირის პალიტრა

დაზღვევის საზღაური

ნერვებდაგლეჯილი ხალხი და "მოხერხებული" სადაზღვევოები

ძვირფასო რედაქცია, არ შემიძლია არ მოგითხროთ, თუ რა უბედურება დამატყდა თავს. 2007 წელს ავტოავარიაში დამეღუპა 24 წლის შვილი. "აი სი ჯგუფში" იყო დაზღვეული. კომპანიამ სადაზღვევო თანხის გადახდაზე (სხვათა შორის, არც ვითხოვდით!) უარი განაცხადა.

ძალიან ეცადა და სხვადასხვა მანიპულაციით მომხდარში გარდაცვლილი დაადანაშაულა, თითქოს ჩემი შვილი ნასვამი იჯდა საჭესთან, თავი შეგნებულად ჩაიგდო საფრთხეში და ამის გამო მის ოჯახს სადაზღვევო ზარალის ანაზღაურება არ ეკუთვნოდა.

ვითომცდა "დამოუკიდებელი გამოძიება" ჩაატარა, რათა მომხდარში ჩემი შვილი დაედანაშაულებინა. სწორედ ამ ამაზრზენმა, არაადამიანურმა მიდგომამ ადამიანების სიცოცხლისადმი მიბიძგა, მომხდარიდან სამი თვის შემდეგ ოფიციალურად მომეთხოვა სადაზღვევო პრემია და მიმემართა სასამართლოსათვის. რამდენად უსამართლო უნდა ყოფილიყო მათი "სიმართლე", რომ მე, რიგით მოქალაქეს, ხელისუფლების ფავორიტი კომპანიისათვის დავა ყველა ინსტანციაში მომეგო.

"აი სი ჯგუფი" სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას აზღვევდა და აზღვევს თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. ეს სადაზღვევო კომპანია არათუ რიგით მოქალაქეებს, სახელმწიფო გადაწყვეტილებებსაც არ სცემს პატივს.

დავა ყველა ინსტანციაში მოვიგე, მაგრამ რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, კომპანია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას პრემიის გადახდის თაობაზე არ დაემორჩილა, არ დაემორჩილა აღმასრულებლის განკარგულებასაც და მხოლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ გახდა შესაძლებელი თანხის იძულებით ჩამოჭრა. ასე, როგორც იტყვიან, ცეცხლით და მახვილით აღსრულდა სასამართლო გადაწყვეტილება.

ბევრი, ჩემსავით დაზარალებული არც მიმართავს სასამართლოს, რადგან არ ენდობა ან ამის საშუალება არა აქვს. ზოგიც გაჭიანურებულ სასამართლო პროცესებს ვერ უძლებს. ჩანს, ამ კომპანიის საქმიანობაც სწორედ ამაზეა გათვლილი.

ლეილა ჯავახაძე

ზემოხსენებული წერილი "კვირის პალიტრის" რედაქციამ მას შემდეგ მიიღო, რაც გაზეთში გამოქვეყნდა სტატია სათაურით "დაზღვევა კლავს". ლეილა ჯავახაძის კვალდაკვალ სხვებიც შეგვეხმიანენ.

ოთარ ანანიძე: - ჩემი შვილი ლევან ანანიძე კომანდოს ბატალიონში მსახურობდა კონტრაქტით. ბუნებრივია, რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობდა. 2008 წლის 9 აგვისტოს სოფელ ნიქოზთან ნაღმზე აფეთქდა და ფეხი დაუზიანდა. გორის ჰოსპიტალმა არ მიიღო, ამიტომ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, მერე კი მკურნალობა მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოში გააგრძელა. საავადმყოფოდან კი გამოწერეს, მაგრამ ქირურგის მეთვალყურეობა ესაჭიროებოდა. ასე მძიმე მდგომარეობაში მყოფი მალე იარაღის ამოსაცნობად სენაკში გამოიძახეს, სენაკის ბაზაში იმ დროს განნაღმვითი სამუშაო ტარდებოდა, ამის გამო მძიმედ დაჭრილს კონტუზიაც დაემართა. ყურშიც აღარ ესმოდა კარგად. ერთი სიტყვით, სამკურნალო შვებულებაში გამოუშვეს.

ერთ დღეს ზღვაზე სეირნობისას ფეხის დასველება გადაწყვიტა, როგორც კი ზღვაში შევიდა, პირიდან და ყურებიდან სისხლი წასკდა და მაშინვე დაიღუპა. ექვსი დღის მერე გვამის ექსჰუმაციას დავთანხმდი, მაგრამ  სიკვდილის მიზეზი რატომღაც ვერ დაადგინეს. კომპენსაციისთვის თავდაცვის სამინისტროს მივმართე. სამინისტროდან მომწერეს, ლევან  ანანიძე დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფში". საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის თანახმად, ლევან ანანიძის გარდაცვალება არ იყო დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფისა" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების  მე-9 დანართის შესაბამისად, სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი" ვალდებულია გასცეს სიცოცხლის დაზღვევისთვის განკუთვნილი პრემია 7.000 ლარიო.

ასე აიცილა თავიდან პასუხისმგებლობა თავდაცვის სამინისტრომ, სადაზღვევო კომპანიამ კი მომწერა, თქვენმა შვილმა თავი არააუცილებელ ხიფათში შეგნებულად ჩაიგდო, მიუხედავად არსებული ჭრილობისა, ძლიერი ღელვისას შევიდა ზღვაში, რის გამოც დაიღუპა, ამიტომ ლევან ანანიძის გარდაცვალება ვერ შეფასდება სადაზღვევო შემთხვევად და ზარალი ვერ ანაზღაურდებაო.

მირჩიეს, სასამართლოსთვის მიმემართა, მაგრამ ხელმოკლეობისა და უკიდურესი გაჭირვების გამო იმის საშუალებაც არა მაქვს, ადვოკატი ავიყვანო და სასამართლოში ვუჩივლო სადაზღვევო კომპანიას.

სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიისა თუU მომსახურების მიღებას რკინის ნერვები რომ სჭირდება, ახალი ამბავი აღარ არის.

ზაზა რ.: - სადაზღვევო კომპანიას ყოველთვიურად 128 ლარს ვუხდიდი. მთელი ოჯახი ვიყავით დაზღვეული, საოჯახო პაკეტი მქონდა. ჩემს შვილს ტრავმის გამო სმენა დაქვეითებული აქვს და მკურნალობა დასჭირდა. ექიმმა გვირჩია, ქვითრები შეინახეთ და სადაზღვევო კომპანია აგინაზღაურებთო.

იქ კი იმის გარკვევა დაიწყეს, თუ სად მოუვიდა ტრავმა და როგორ. ბოლოს ტრავმის დროინდელი ჩანაწერი მოითხოვეს. ბავშვმა ტრავმა უცხოეთში სწავლისას მიიღო. ერთი სიტყვით, უცხოეთში უნდა წავსულიყავი, საბუთი მომეპოვებინა, სადაზღვევოსთვის ჩამომეტანა და მერე ამინაზღაურებდნენ დანახარჯს! ხელი ჩავიქნიე და ძველებურად ვუხდიდი კომპანიას ყოველთვიურად 128 ლარს.

მალე თავად დამჭირდა ექიმი, - ფეხის ტკივილმა შემაწუხა. ისევ სადაზღვევო პოლისის გამოყენება გადავწყვიტე, რადგან ექიმმა მითხრა, ტომოგრაფია გადაიღე, შეიძლება პრობლემა ხერხემლის ბრალი იყოსო. მივედი "იც გროუპ"-ის მომსახურე კლინიკაში.

ოჯახის ექიმმა სპეციალისტთან გამამწესა. სპეციალისტმა ამხედ-დამხედა, თვალწინ ჯოხი გამიქნ-გამომიქნია და მითხრა, ტომოგრაფიის გადაღება არ გჭირდებათო. გამიკვირდა, ფეხი მე მტკივა და თქვენ ასე, გაუსინჯავად და უანალიზოდ რა იცით, რა მჭირდება და რა არა-მეთქი? რამე რომ არ მაწუხებდეს, 40 წლის კაცს მიხარია ტომოგრაფიის გადაღება და ექიმებთან სირბილი-მეთქი? ყველაფერი ოჯახის ექიმს ვუამბე. ახლა მან დაიწყო იმის გარკვევა, რა საფუძვლით არ მომცა ტომოგრაფიისთვის მიმართვა "სპეციალისტმა". ატყდა ერთი ამბავი, არა მე ვარ მართალი და არა - მეო. ამასობაში ნერვებმაც მიმტყუნა და შეურაცხყოფილმა ლანძღვა-გინებით დავტოვე იქაურობა.

- არც თქვენი ტომოგრაფია მინდა და არც თქვენი მკურნალობა-მეთქი! ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ თვითონ მივხედე თავს, ტომოგრაფიაც გადავიღე და კარგა გვარიანი სამკურნალოც აღმოვჩნდი. სადაზღვევო კომპანიასთან ჩემი ურთიერთობა კი იმით დასრულდა, რომ ხელშეკრულება გავწყვიტე. არადა,  ერთ წელზე მეტხანს ყოველთვიურად 128 ლარს ვიხდიდი.

- სასამართლოს რატომ არ მიმართეთ?

- ისევ ჯანმრთელობას, დროსა და ნერვებს გავუფრთხილდი!

ვიდრე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობას გადაწყვეტთ კარგად შეისწავლეთ ხელშეკრულების პირობები დანართებიანად. ეს აუცილებელია, რადგან სადაზღვევო კომპანიები დანართებს მაშინ იშველიებენ, როცა საჭიროება მოითხოვს. სამწუხაროდ, დაზღვეულების უმეტესობამ ხელშეკრულების იქით დანართების არსებობის შესახებ არაფერი იცის.

არადა, სწორედ ამ დანართებშია ძაღლის თავი დამარხული. სხვათა შორის, სახელმწიფო საკმაოდ სოლიდურ თანხებს ურიცხავს სადაზღვევო კომპანიებს უმწეოთა თუ სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეთა დასაზღვევად. ამ ბოლო დროს ჟურნალისტებს გადაჭარბებულ ეჭვიანობას გვსაყვედურობენ, მაგრამ მოდი და ნუ დაეჭვდები, რომ ამ ქაოსის უკან გავლენიანი სახელმწიფო მოხელეების ფინანსური ინტერესი არ იმალება.

P.S. ამას წინათ  თბილისის ცენტრში ერთ-ერთი დიდი სადაზღვევო კომპანიის უზარმაზარი რეკლამა მომხვდა თვალში: "15 წელი თქვენს სამსახურში! ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე!" და მე მინდოდა, მეყვირა, - არა, ბატონებო, ჩვენ ვზრუნავთ თქვენს ჯიბეზე!

მხოლოდ ბიზნესი და არაფერი პირადული!

დიდი ხანია საქართველოში მედიცინამ ძირითადი ფუნქცია დაკარგა და ბიზნესად გადაიქცა. ბიზნესის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ როცა ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი ბიზნესის მგლური პრინციპებით იმართება, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელია.

ჩვენმა სახელმწიფომ რატომღაც გადაწყვიტა, საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლე მთლიანად სადაზღვევო კომპანიებისთვის გადაელოცა. კერძო სადაზღვევო კომპანიები ავადმყოფებს განიხილავენ როგორც ზარალს და ყველანაირად ცდილობენ მის შემცირებას, - ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებენ, რომ არ აანაზღაურონ თანხა. ამ ბიზნესში ხშირად არ არსებობს ადამიანური პრინციპები,  მხოლოდ ბიზნესი და არაფერი პირადული!