"სამყაროსა და ექსტრიმს შორის" - კვირის პალიტრა

"სამყაროსა და ექსტრიმს შორის"

გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს შვეიცარიელი ფოტოგრაფი მიშელ კომტე კარლ ლაგერფელდმა სამოდელო სახლის, "ქლოეს" სარეკლამო კამპანიისთვის აიყვანა. მოგვიანებით ის ნიუ-იორკში დაფუძნდა და მოდის სამყაროში პოპულარული ფოტოხელოვანი გახდა. უმა თურმანი, პენელოპე კრუზი, ჟან-პოლ გოტიე, ჯერალდინ ჩაპლინი - ეს მისი ფოტოგმირების მცირე ჩამონათვალია. პერსონაჟის ამოცნობა სინათლისა და ფერების საშუალებით კომტეს მთავარი შემოქმედებითი ხერხია. მის ხელოვნებას კიდევ უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ფოტორეპორტაჟები მსოფლიოს ისეთი"ცხელი წერტილებიდან, როგორიცაა კოსოვო, ერაყი, სამხრეთ სუდანი, ბოსნია და ა.შ. მიშელ კომტე "კვირის პალიტრის" მკითხველს თავის შემოქმედებაზე უამბობს.

შეხვედრა კარლ ლაგერფელდთან

- მე და კარლი პარიზში შევხვდით ერთმანეთს და თავის სტუდიაში მიმიპატიჟა. "ქლოეს" სამოდელო სახლში ორი შავ-თეთრი ფოტოთი მივედი. ასე გავხდი მათი სარეკლამო კამპანიის ფოტოგრაფი. შემდეგ გავიგე, რომ ჩემს ადგილას ერთ დროს თვით ჰელმუტ ნიუტონი მუშაობდა, მსოფლიოში ცნობილი ფოტოხელოვანი. დრო ყველაფერს ცვლის. კარლი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მან დროს აუწყო ფეხი, რაც ხელოვანისთვის უმნიშვნელოვანესია. ორივეს ერთნაირი შემოქმედებითი ხედვა გვაერთიანებს, გვყავს გამომცემელი, რომელიც ორივეს ნამუშევრებს გამოსცემს.

ის კაცი გვამებქვეშ ჩაიმარხა

ერთხელ ნიუ-იორკში შუახნის მამაკაცს ჩავუარე და უცებ მიცნო... ბოსნიაში მაშინ ვიყავი და ფოტორეპორტიორად ვმუშაობდი, როცა იქ ხოცვა-ჟლეტა მიდიოდა. ის კაცი იმით გადაურჩა სიკვდილს, რომ გვამებქვეშ ჩაიმარხა. სასწაულებრივად გადაურჩა ომს და შტატებში გადმოსახლდა. სრებრენიცა აღარასდროს არ უნდა განმეორდეს (1995 წლის 6 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა დაახლოებით 8000 ბოსნიელი მუსლიმანი ამოჟლიტეს). ტყვეებს სერბები მიტოვებულ შენობებში აგროვებდნენ და ხელყუმბარებით აფეთქებდნენ. დახოცილებს თხრილებში ან მდინარე იადარში ყრიდნენ. სილამაზე XXI საუკუნეში ამ საუკუნეში, სამწუხაროდ, თანდათან ჩამოვშორდით გლამურულ ხიბლს და ხელოვნურ მანიპულაციებზე გადავინაცვლეთ. იმედია, ახალი თაობა ისევ ბუნებისგან ბოძებულ სილამაზეს დააფასებს და უარს იტყვის ხელოვნურ ჩარევაზე გარეგნობაში, ინდივიდუალიზმს ამჯობინებს. ფოტოგადაღებისას ყოველთვის გავურბივარ მანიპულაციებს, არ მინდა დაიკარგოს ფოტოგრაფიის არსი. ყველაზე მეტად ჩემი შემოქმედებიდან ლუიზ ბურჟუას (ფრანგი წარმოშობის ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე და გრაფიკოსი) პორტრეტი მიყვარს, რომელიც პარიზის საგამოფენო სივრცეში, Palais de Tokyo-ში მის ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი. მისი სახე და ღიმილი უმანკოებას, ბავშვურ გამჭრიახობასა და ჭეშმარიტ სილამაზეს ასხივებს... ჩემი ბოლო პროექტი Light III გარემოს დაცვას ეხმაურება. ეს არის 580-ნაწილიანი ფაიფურის ინსტალაცია. 12 წელი გავატარე ცხელ წერტილებში. მე ყოველთვის სამყაროსა და ექსტრიმს შორის ვცხოვრობდი. ყური დავუგდოთ ბუნებას, გავუფრთხილდეთ და არ გავანადგუროთ!

მიხაილ შუმახერთან გატარებული 12 წელი

"ფორმულა 1"-ის მრბოლელს, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონ მიხაილ შუმახერს 63 ფოტოზე მეტი გადავუღე. ის მენდობოდა როგორც ფოტოგრაფს, მე კი აღფრთოვანებული ვიყავი მისი პროფესიონალიზმით. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ შუმახერს ფოტოს აღარ გადავუღებ, დაე, საზოგადოებას ისეთი ახსოვდეს, როგორიც იმ უბედურ შემთხვევამდე იყო (შუმახერი 2013 წლის 29 დეკემბერს ალპებში თხილამურებით სრიალის დროს კლდეს დაეჯახა და თავის ტვინი დაიზიანა). წლების განმავლობაში ჩვენ დავმეგობრდით და ბევრი შესანიშნავი დღე გაგვიტარებია ერთად. ახლა მისი შვილი აპირებს მამის კარიერის გაგრძელებას, რაც ძალიან საამაყოა. ვგულშემატკივრობ მას. ნინო წიფურია