იმისათვის, რომ არ გაუდაბნოვდეს ქვეყანა და ეკოლოგიურმა დაავადებებმა არ გააქროს ერი... - კვირის პალიტრა

იმისათვის, რომ არ გაუდაბნოვდეს ქვეყანა და ეკოლოგიურმა დაავადებებმა არ გააქროს ერი...

საგანგაშო პროგნოზი - ყველაზე საშიში უბნები თბილისში

თბილისში უკვე იკვეთება დაბინძურებულ ჰაერში 200-ზე მეტი ტოქსიკური ნივთიერების არსებობით განპირობებული ეკოლოგიური დაავადებები: ასთმა, პლევრიტი, ფილტვის სიმსივნე, ფსიქიკური აშლილობა, სტრესი. პრესტიჟულ უბნებში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, თუმცა, ისეთ უბნებში, როგორიცაა ვერა, ვაკე, სოლოლაკი, საბურთალო, ბინის ფასები კვლავ მაღალია. მეცნიერები და ეკოტოქსიკოლოგები საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ - ჩვენი გადატვირთული ქალაქი ათასობით ადამიანს შეიწირავს.

მარინა გიორგობიანი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-ეკოტოქსიკოლოგი: - ურბანულმა პროცესებმა ჩვენს ქვეყანაზე მხოლოდ უარყოფითი გავლენა იქონია, გაჩნდა ე.წ. ეკოლოგიური დაავადებები. ქალაქებში დაიწყო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შიდა მიგრაცია. თბილისი გეოგრაფიულად ქვაბულია, ეს იმას ნიშნავს, რომ განიავება პრობლემაა. ამას ემატება არასწორად დაგეგმარებული მშენებლობები. ადრე ამდენი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ქალაქი გამწვანებული იყო, თბილისის ეკოსისტემა არ არის მზად მრავალსართულიანი კორპუსებისთვის. ახლანდელ მიჯრით მიწყობილ შენობებში დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. სიმჭიდროვე ინფექციური დაავადებების გავრცელების მაპროვოცირებელია. უჰაერობაც აჩქარებს ამ დაავადებების გააქტიურებას და ყველა ადამიანში სხვადასხვა სირთულით იჩენს თავს.

- გამონაბოლქვით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს?

- ავტომანქანების გამონაბოლქვის გარდა, პრობლემაა გამათბობლების გამონაბოლქვიც, რომელიც ბინებიდან მილით გამოიდევნება ჰაერში. კარგი იქნებოდა, ყველა კორპუსის აღჭურვა ცენტრალური გათბობით, რომელიც ერთ საერთო მილში გავა და ამ გზით გამოიფრქვევა. მთავარია, კორპუსის სიმაღლესთან შედარებით მთავარი მილი უფრო მაღლა იყოს.

- ბოლოდროინდელი კვლევებით რა მდგომარეობაა ამჟამად დედაქალაქში? - რამდენიმე წლის წინ წერეთლის პროსპექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნიადაგსა და მოზარდთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობა შეისწავლეს. შედარებისათვის იგივე კვლევა ჩატარდა ნუცუბიძის მეოთხე პლატოზეც და აღმოჩნდა, რომ წერეთლის პროსპექტის მიმდებარედ მცხოვრები ბავშვები რვაჯერ ხშირად ავადდებიან და ათ-თორმეტჯერ მეტია ტყვიის შემცველობა მათ თმაში. ეს პრობლემა აქვს ყველა იმ საცხოვრებელს, რომლებიც ცენტრალური გზების პირას მდებარეობს.

- რა გამოსავალი არსებობს? - გამოსავალია ტერასული გამწვანება. ევროპელმა სპეციალისტებმა ნაძალადევის რაიონი ეკოლოგიურად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ამ რაიონში ბინათმშენებლობას ტერასული განაშენიანება შეესაბამება.

- რომელია საცხოვრებლად საშიში უბნები? - ვერა, ვაკე, სოლოლაკი, საბურთალოს ზოგიერთი ადგილი. უკეთესი მდგომარეობაა გლდანში და სხვა პერიფერიებში, სადაც მეტია გამწვანება. გარდა იმისა, რომ გამწვანების სამმაგი ზონა ზიანს ამცირებს, საუკეთესოა ხმის დამხშობადაც. არსებობს ნორმები, რომლის გადამეტების შემთხვევაშიც ხმაური არანაკლებად საშიშ სახეს იძენს. ეს ეხება, ძირითადად, ცენტრალური ტრასის პირას არსებულ საცხოვრებლებს.

P.S. იმისათვის, რომ არ გაუდაბნოვდეს ქვეყანა და ეკოლოგიურმა დაავადებებმა არ გააქროს ერი, მისაღებია ქმედითი ზომები. სპეციალისტები ქალაქის მოსახლეობას ქალაქგარეთ ხშირად გასვლას ურჩევენ. ბევრი უსახსრობის გამო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ბეტონის ქალაქიდან გასვლას. აბრა "გაუფრთხილდი გარემოს" არტეფაქტად რომ არ დარჩეს, საჭიროა ინფრასტრუქტურის სწორი დაგეგმარება, გამწვანება და გამონაბოლქვის შემცირება.

თორნიკე ყაჯრიშვილი

ორი წლის წინ კავკასიის გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ეკოსისტემის კვლევა ჩაატარა. მას შემდეგ ქალაქში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ იმატა შიდა მიგრაციამ და მშენებლობებმა. კვლევის შედეგები საგანგაშოა. თუმცა ქალაქში არის"ოაზისებიც. ჰაერისა და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, იქ ხმაურისა და გამონაბოლქვის მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება. ასეთივე მდგომარეობაა კუს ტბის მიმდებარედ, ვაშლიჯვარში, დიდ დიღომში, თემქასა და ლოტკინზე.

გამოიკვეთა ყველაზე სახიფათო ქუჩები და პროსპექტები: მელიქიშვილის, რუსთაველის, კოსტავას, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის პროსპექტები, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია, აბაშიძის, ჩარგლის, პეკინისა და ორთაჭალის ხიდების მიმდებარე ქუჩები.

თბილისის დაბინძურების ცხელ წერტილებად გამოიკვეთა გლდანისა და იაღლუჯის გაუქმებული ნაგავსაყრელები, სადაც მუდმივად მიმდინარეობს აალებადი პროცესები და ნაგვის წვით ჰაერში მავნე ნივთიერებები იფრქვევა. რა თქმა უნდა, ეკოსისტემის დაბინძურების გამომწვევია გამწვანების ზონების სიმცირეც. ყველაზე საშიში უბნები თბილისში