გლობალური დათბობის შესაძლო სცენარები - კვირის პალიტრა

გლობალური დათბობის შესაძლო სცენარები

"საქართველოში პირველი ტენდენცია, რაც გლობალური დათბობის შედეგად უკვე გამოიკვეთა, არის დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობების დიდი ამპლიტუდა, სეზონების ინდიკატორების დარღვევა - ზაფხული შესაძლოა იყოს ძალიან ცხელი, ზამთარი კი ძალიან თბილი. სხვადასხვა ციკლონზე დაკვირვებით ჩანს, რომ გლობალური კლიმატი იცვლება და ეს შეეხება კავკასიასაც"

ნახშირორჟანგის გამოყოფამ მსოფლიოში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - 1 კუბურ მეტრ ჰაერში 410 მილილიტრი ნახშირორჟანგი დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას აქვეყნებს სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტი, რომელიც სან-დიეგოში მდებარეობს. ინდუსტრიის განვითარების პარალელურად, ჰაერი უფრო და უფრო ბინძურდება. სპეციალისტების თქმით, დაბინძურების მაჩვენებელი აქამდე 1 კუბურ მეტრში 300 მილილიტრს არ ასცილებია და ეს მიგვანიშნებს, რომ ახლოვდება გლობალური დათბობა.

ნინო ჩხობაძე, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები" საქართველოს" თანათავმჯდომარე: - რა პირობებში აღმოჩნდება საქართველო გლობალური დათბობის პროცესში, ამის შესაძლო სცენარები უკვე წარმოდგენილია... საქართველოს, როგორც კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის მხარე ქვეყანას, გვაქვს ვალდებულება, მოვამზადოთ ანგარიში. ამ დოკუმენტს შეტყობინება ჰქვია. მასში ავსახავთ, თუ რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. სამი ანგარიში უკვე მომზადებულია და მზადდება მეოთხე. ამის შემდეგ დაზუსტდება სითბური აირების რაოდენობა, განიხილება მეტეოპროცესები და კლიმატის სხვა ინდიკატორები. ასეთივე შეტყობინებები მზადდება სომხეთსა და აზერბაიჯანში. მონაცემების შეჯერებით ვადგენთ, თუ რა კლიმატი გვექნება კავკასიაში. ჯერ არ ვიცით, დედამიწის რომელ რეგიონს უფრო დააზარალებს გლობალური დათბობა. ფაქტია, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა ზღვის დონის აწევას გამოიწვევს. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი და ა.შ. მეცნიერები დღემდე მსჯელობენ, რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების მცდელობა, თუ ადაპტაცია არსებული და მოსალოდნელი ცვლილებებისადმი. რაც შეეხება საქართველოს, პირველი ტენდენცია, რაც უკვე გამოიკვეთა, არის დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობების დიდი ამპლიტუდა, სეზონების ინდიკატორების დარღვევა - ზაფხული შესაძლოა იყოს ძალიან ცხელი, ზამთარი კი ძალიან თბილი. შეამჩნევდით, ჩვენთან შემოდგომა და გაზაფხული უფრო დაბალი ტემპერატურით ხასიათდება, ვიდრე ზამთარი. სხვადასხვა ციკლონზე დაკვირვებით ჩანს, რომ გლობალური კლიმატი იცვლება და ეს შეეხება კავკასიასაც. თუმცა არსებობს პროგნოზი, რომ კავკასიაზე ყველაზე ნაკლებად იმოქმედებს გლობალური კლიმატის ცვლილება, ჩვენ უფრო იოლად გადავიტანთ იმ კატაკლიზმებს, რაც შეიძლება მოხდეს. არამდგრადი მეტეოპირობები ართულებს ზუსტი პროგნოზის გაკეთებას. ვარაუდობდნენ, რომ წლევანდელი ზამთარი უფრო დაბალტემპერატურიანი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ევროპაში დაფიქსირდა (იმდენად დაბალი იყო, 12 კაცი დაიღუპა)... სავარაუდოდ, შეიცვლება წყლის მარაგებიც. ნალექების რაოდენობისა და განაწილების ცვლილებაც უკვე თვალში საცემია... ეროზიული პროცესების გააქტიურება. დღე-ღამის ტემპერატურებს შორის უკვე არსებული დიდი სხვაობა მოქმედებს ნიადაგზეც, ის იწყებს შლას, ეროზიული პროცესები ღრმავდება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია მცენარეული სახეობების ცვლა. მცენარეულ საფარზე, ტყეებსა და მინდვრებში ზოგიერთი მცენარის სახეობა გაქრება. კიდევ ერთი სცენარი, რომელიც გლობალური მასშტაბით არსებობს, ეხება ზღვებსა და ოკეანეებში წყლის დონის მატებას.

საქართველო ზღვისპირა ქვეყანაა და დიდი ალბათობით შესაძლებელია ძალიან მძიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ - კოლხეთის დაბლობი ზღვის დონიდან ნულოვანი ნიშნულის ქვემოთაა და წარმოიდგინეთ, რა საფრთხეები გვემუქრება.

- რამდენად ახლოს არის გლობალური დათბობის დასაწყისი? - შეუძლებელია პროგნოზირება, როდის შეიძლება დაიწყოს ან დამთავრდეს, თუ უკვე დამთავრდა და ახლა გამყინვარება იწყება, გადაჭრით ვერავინ იტყვის... ცვლილებები დაწყებულია, მსოფლიოში ქარიშხლები და ტაიფუნები, წყალდიდობებია. ახლახან თურქეთშიც იყო წყალდიდობა, შესაძლებელია ჩვენთანაც მოხდეს. გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილების გამოვლინებაა, რომელიც შესაძლოა ადამიანის საქმიანობით იყოს გამოწვეული. შესაძლოა, ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა ადამიანი მისი დაჩქარების მაპროვოცირებელია. P.S. პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ შეამცირებს ჩO2-ისა და სხვა სითბური გაზების შემცველობას ჰაერში. 2018 წლის ბოლოსთვის საქართველო მოამზადებს და წარადგენს წინადადებებს აღებული ვალდებულებების შესახებ.

ეკა სალაღაია