ვინ სად ლოცულობს ოკუპირებულ საქართველოში
04-06-2018
ვინ სად ლოცულობს ოკუპირებულ საქართველოში
ცხინვალში ეპისკოპოს ამბროსის "ოსური პასპორტი" ჩამოართვეს

მას შემდეგ, რაც ცხინვალის ე.წ. ეკლესიის მეთაურს, ეპისკოპოს ამბროსის, ადგ­ი­ლობრივმა სამართალდამცავებმა "ოსური პასპორტი" ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს, რეგიონში ანტირუსულმა განწყობამ იმატა. ადგილობრივი მრევლი ანატოლი ბიბილოვისა და მისი ე.წ. ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოვიდა და ეკლესიისადმი მათი დამოკიდებულება გააკრიტიკა.

ალანიის ე.წ. ეპარქიის წარმომადგე­ნლის, მეუფე იაკობის თქმით, ეპარქია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2003 წელს დაარსდა. პირველი "ეპისკოპოსი"­ გიორგი­ ფუხატი იყო. ის ამბროსიმ შეცვალა, რომლის აქტიურობით ცხინვალის ცენტრში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
აშენდა. იქ ამჟამად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი სერგი (კოკოევი) მსახურობს.
2017 წლის სექტემბერში ეპისკოპოსი ამბროსი აცხადებდა, რომ "ალანიის ეპარქიაში" კარდინალური ცვლილები იგეგმებოდა.
"2000 წლამდე ალანიის ეპარქია რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ საბერძნეთის ეკლესიას მივმართეთ, სინოდის დახმარებით ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად, ანუ ეპარქიად ჩამოვყალიბდით და
ჩვენი პრობლემები, ფინანსური იქნება თუ შიდა, თვითონ უნდა გადავწყვიტოთ... ამიტომაც არავის აქვს უფლება, ეპარქია მიითვისოს, დაიქვემდებაროს ან მასზე გავლენა მოახდინოს. ეს ეხება ხელმძღვანელ პირსაც..." - აღნიშნა მან.
ეპისკოპოს ამბროსის "პასპორტი" ჩამოართვეს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ, როცა ზემო როკის სასაზღვრო პუნქტით ცხინვალიდან ვლადიკავკაზში მიდიოდა. იქაურების თქმით, ეს ინციდენტი "ალანიის ეპარქიის" მმართველისა და დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაპირისპირების გაგრძელებაა, რომელიც 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პატრიარქს, კირილეს შეხვდა. ოსური მედიის ცნობით, მოსკოვიდან დაბრუნებული ანატოლი ბიბილოვი რუსულ ეკლესიასთან შეერთების საკითხის განსახილველად ადგილობრივ სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. მაშინ მან განაცხადა, რომ "ალანიის ეპარქიასა" და ოსი მართლმადიდებლებისთვის მთავარ, ღვთისმშობლის ეკლესიაში არასდროს შევიდოდა და მართლაც, აღდგომის დღესასწაული, სხვა "ხელმძღვანელ პირებთან" ერთად, რუსეთის 58-ე არმიისათვის აშენებულ რუსულ ეკლესიაში აღნიშნა.
"ყოჩაღ პრეზიდენტს!.. ის ალანიის ეპარქიას კონფლიქტს აშკარად უცხადებს," - წერდნენ ოსები სოციალურ ქსელში.
დაპირისპირება მართლაც აშკარად დაიწყო. სასულიერო პირები ბიბილოვის ხმამაღალ კრიტიკას არ ერიდებიან.
"რთულ პერიოდში, 1998-2008 წლებში,­ ალანიის ეპარქია გვერდით ედგა თავის ხალხს მორალურად და მატერიალურად... რუსი მართლმადიდებლები გვეხმარებოდნენ ცხინვალში ეკლესიის აშენებაში, მაგრამ არც ჩვენ დავრჩენილვართ ვალში - 90-იანი წლებიდან ჩვენი სასულიერო პირები­ მათ სპირტიან სასმელს უზიდავდნენ... იქნებ დროა, ახლა არჩევანი ჩვენ თვითონ გავაკეთოთ?" - წერს ირინა ჯიოევა.
1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ­ ქართული ეკლესიის იურისდიქცია ცხინვალში არ ვრცელდება, თუმცა, ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მოქმედებს სამი ქართული ეკლესია, რაც სეპარატისტების უკმაყოფილებას იწვევს. ისინი, დიდი ხანია, ამბობენ, რომ "რესპუბლიკაში" მყოფ ქართველ სასულიერო პირებს, რომლებიც "ალანიის ეპარქიას" არ ცნობენ, საქმიანობა უნდა აუკრძალონ.
სეპარატისტული რეჟიმი მუდმივად უქმნის პრობლემებს მეუფე ისაია ჭანტურიას და სხვა ქართველ სასულიერო პირებს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით, ისინი ისევ იქ რჩებიან...
ცხინვალის რეგიონში ანტირუსული განწყ­ობის არ სჯერა საზოგადოების აქტიურ წევრს, თემურ ცხურბატს, თუმცა, მისივე თქმით, ეს პროცესები მოსკოვიდან იმართება: "მოსახლეობას ესმის, რომ ჩვენ რუსეთის გარეშე ვერ გადავრჩებით, თუმცა, ვიღაცები მაინც ახერხებენ, მოსკოვი ჩვენს მტრად წარმოაჩინონ".

სასულიერო პირების დაპირისპირება აფხაზეთში


აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2008 წლის შემდეგ ვითარება არ შეცვლილა - რუსეთის მიერ ამ რეგ­იონების დამოუკიდებლობის აღიარება ეკლესიებს­ არ შეხებია, თუმცა, ორივეგან სხვადასხვაგვარი ვითარებაა. აფხაზეთში მიტროპოლიტი ბესარიონ აპლია, რომელიც რეგიონის ეპარქიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ რუსეთის ეკლესიას ექვემდებარება, მისი მოწინააღმდეგე დოროფეი დბარი­ კი, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსკენ იხრება - ჯერ კიდევ 2011 წელს აფხაზმა სასულიერო პირებმა, დოროფეი დბარის ხელმძღვანელობით, მსოფლიო პატრიარქს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფა სთხოვა...
პრორუსული ძალა, ანუ ბესარიონ აპლია (ის ადრე ბესარიონ ფილია იყო, საქართველოს ეკლესიის მღვდელი, რომელიც 80-იან წლებში საქართველოს პატრიარქმა აკურთხა) კი წლებია, რუსეთის ყველა მითითებას ასრულებს და ადგილობრივ მორწმუნე მოსახლეობაში ისეთი ავტორირეტი არა აქვს, როგორიც პროაფხაზური ორიენტაციის დოროფეი დბარს... დბარი, აპლიასგან განსხვავებით, არც დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკას ერიდება, განსაკუთრებით - ნარკომანიასთან დაკავშირებით. შარშან რეაბილიტაციის ცენტრის გახსნასა და სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში სააფთიაქო და ვენური ნარკომანიის მავნებლობის შესახებ ყოველკვირეულ ქადაგებას ითხოვდა, თუმცა მისი არავინ შეისმინა...
სასულიერო პირების დაპირისპირება კარგად გამოიყენეს იეჰოვას მოწმეებმა, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიმდევრები"ექსტრემისტებად"არიან გამოცხადებული, თუმცა, რადგან ამ სექტის წევრობა სტაბილური შემოსავლის წყაროა, ადგილობრივი ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავს და მათ დევნას ერიდება...
ამასთან, აფხაზეთის მოსახლეობა გადაკვრით, მაგრამ მაინც ლაპარაკობს რეგიონში მუსლიმთა უპრეცედენტო რაოდენობაზე. რამდენიმე წლის წინ მათ სოხუმში მეჩეთის გახსნაც მოითხოვეს, თუმცა, მოსახლეობამ და ქალაქის "ხელმძღვანელობამ" დელიკატურად აუხსნა, რომ სოხუმში მეჩეთი არასდროს ყოფილა და ქალაქი ძველ იერსახეს დაკარგავდა... თუმცა მუსლიმები ბრძოლას განაგრძობენ. "არქიმანდრიტი" დოროფეი დბარის თქმით, ისინი, ისევე, როგორც იეჰოვას მოწმეები, გარედან ფინანსდებიან და მათი რაოდენობა სიღარიბის ზრდასან ერთად მატულობს.
"ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ხედავს, რომ სხვა რელიგიის თუ სექტის წევრი შიმშილით არ კვდება, იძულებულია ყველაფერი დაივიწყოს და ხსნა მათთან იპოვოს..." - ამბობს იგი.
ლალი პაპასკირი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით