განაჩენი: ქართული უნდა განიდევნოს! - კვირის პალიტრა

განაჩენი: ქართული უნდა განიდევნოს!

გალის ქართველმა მოსახლეობამ ბევრ განსაცდელს გაუძლო, მაგრამ ქართული ენის ასეთი დისკრიმინაციის მოთმენა უკვე აღარ ძალუძთ. მომავალი სასწავლო წლიდან ბევრი მოზარდი სწავლას ენგურსგაღმა სკოლებში განაგრძობს. ჩვენ ენგურსგაღმა სკოლების პედაგოგებსა და მშობლებს დავუკავშირდით, რათა მათი სატკივარი მკითხველამდე მოგვეტანა:

მაია, ქართული ენის მასწავლებელი: "მას შემდეგ, რაც ქართულენოვანი სკოლები რუსულმა ჩაანაცვლა, ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება გალის რაიონში მკვეთრად გაუარესდა. თუ ადრე ქართულის სწავლებას კვირაში 5 საათი ეთმობოდა, დღეს 2 საათამდეა დაყვანილი. რისკის ფასად ვახერხებთ დამატებითი გაკვეთილების ჩატარებას. დე ფაქტო განათლების სისტემის შენიშვნების მიუხედავად, კედლებზე ქართულენოვან გაზეთებსაც ვაკრავთ, რომ ქართული ენა არ გაქრეს ჩვენი სკოლებიდან".

ლალი, გეოგრაფიის მასწავლებელი: "ადრე კლასში 15 მოსწავლე მაინც იყო, ახლა კი ზოგ კლასში 8-9 მოსწავლეა. ქართულსა და ისტორიას პედაგოგები არალეგალურად ასწავლიან. ისტორიის სახელმძღვანელოები დე ფაქტო ხელისუფლების ისტორიკოსებმა აფხაზების სასარგებლოდ შეადგინეს. ასევეა გეოგრაფიაც. ისღა დაგვრჩენია, ბავშვებს ზეპირად მოვუყვეთ ჩვენი გაუყალბებელი ისტორია და თან გამუდმებით ვაფრთხილებთ, გაკვეთილზე რა თქვან და რა არა!.. აქ ძალიან ძნელია ჩვენი უკიდურესად შელახული უფლებების დაცვა, ახლა ქართული სიმღერებიც აკრძალეს, ცეკვასაც გვიშლიან. აქ მომავლის არანაირი იმედი არ ჩანს! რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ აფხაზეთზე ყველამ ხელი ჩაიქნია".

ნანა, ქართული ენის მასწავლებელი: "ენგურის გამშვებ პუნქტზე არათუ სახელმძღვანელოების, არამედ საკანცელარიო ნივთების გადმოტანაც კი იზღუდება. ბავშვებს ჩანთებს უჩხრეკენ(!), შიგ არათუ სასკოლო სახელმძღვანელო, ქართული სუვენირიც არ უნდა იყოს.

აკრძალულია ქართული ეროვნული დროშა. ბავშვებს მისი ხელის შევლებაც ეკრძალებათ. ჩვენი სკოლები ცარიელდება. ოჯახებმა, სადაც მოზარდები არიან, გული აიცრუეს და ენგურსგაღმა გზას გაუდგნენ, ქართული სკოლებისკენ ეშურებიან, აქ დარჩენამ აზრი დაკარგა".

ნაზი, მშობელი: "სამი შვილის დედა ვარ. როდესაც უფროსი სწავლობდა, მაშინ სკოლაში ქართული ენა არ იზღუდებოდა, პატარები კი მე-2 და მე-3 კლასში არიან და ქართულად ვერაფერს სწავლობენ. ვცადეთ, დამატებით აგვეყვანა პედაგოგი, მაგრამ ამან შედეგი არ მოგვცა. იძულებული გავხდით, ხიზნობა მესამედ დაგვეწყო - ორსანტიაში ახლობელს შევეხიზნე ორი შვილით, მეუღლე და უფროსი შვილი კი სოფელში დარჩნენ. ასე გაიხლიჩა ჩვენთან ოჯახები. ყველაფერი ავიტანეთ 24 წლის განმავლობაში, ორგზის დევნილობის ურთულესი წლები გამოვიარეთ, მაგრამ ქართულის აკრძალვას, ჩვენი შვილების შევიწროებას ვეღარ ვუძლებთ. მათ ფსიქიკა უმახინჯდებათ, მომავალი არ უჩანთ. ორსანტიის სკოლა ჩვენი სახლიდან 4 კილომეტრშია, მაგრამ რადგანაც ქვედა ზონის საზღვარი ჩაკეტილია, კვირაში ორჯერ 25 კილომეტრის გავლა გვიწევს".

ლელა, მშობელი: "ბავშვებს ყველაფერი აერიათ. რუსული არ ესმით და სწავლება უხარისხო ხდება. გადავწყვიტე, მომავალი სასწავლო წლიდან ზუგდიდში გადავიდე საცხოვრებლად და ბავშვს ნორმალური განათლება მივცე". გალის რაიონის 30 სკოლაში დღეს 4300 მოსწავლე სწავლობს. თუ წნეხი ყოველივე ქართულის, ეროვნულის მოსასპობად გაგრძელდება,

ქართული ენა 3-4 წელიწადში მთლიანად გამოიდევნება ისტორიული სამურზაყანოდან, ეს კი ქართული პოლიტიკის დიდი მარცხი იქნება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. სვეტლანა კვიკვინია