ზესტაფონელი "ჩახოს" გზა...
04-06-2018
ზესტაფონელი "ჩახოს" გზა...
20 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით გალერეა ART-ში მხატვარ სერგო ჩახოიანცის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა, 29 მაისს კი მოეწყო კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული ალბომის, "ჩახოს" პრეზენტაცია. მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ცნობილი კულტუროლოგი, არტკრიტიკოსი დავით ანდრიაძე მოგვითხრობს.

- სერგო ჩახოიანცი ზესტაფონში დაიბადა და გაიზარდა. ერთხანს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაშიც მუშაობდა. მერე კი თბილისში სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და წლების შემდეგ, როგორც გალერისტი იკა ბოკუჩავა აღნიშნავს, ქართული არტსივრცის ნაწილი და მშვენება გახდა. ერთხელ ვეუბნები, ზესტაფონში კი
არა, ექს-ან პროვანსში უნდა დაბადებულიყავი-მეთქი. აუ, რა სურათებს დავხატავდიო?! მერე იყუჩა და - ზესტაფონიც როგორ მიყვარს, იციო?! სხვათა შორის, სახელი ჩახო პირველად ელგუჯა ამაშუკელისგან გავიგონე. ბრწყინვალე მხატვარია, თანაც ფეხბურთს თამაშობდა კარგადო...
მძიმე, მრავალშრიანი ფერწერის გარდა, ელეგანტური გრაფიკაც დატოვა. ნახატების, გუაშების, აკვარელების, სანგინების გროვები იდგა მის სახელოსნოში...
ერთხელ ერთ-ერთი მისი ნახატი გადმოვაბრუნე. კროკი დაეხატა ფურცელზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის მინისტრთა საბჭოს ოქმი აღმოჩნდა, საბჭოთა კავშირის სამხატვრო აკადემიიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გადმომისამართებული აკადემიკოსების სახელფასო განაკვეთების ჩამონათვლით. ჩახო ვერც კი იოცნებებდა ასეთ ხელფასზე...
ჩახოსგან რომელიმე მხატვრის აუგი არასდროს გამიგონია... ერთად­ერთხელ ერთ თვითაღიარებულ "კლასიკოსზე" თქვა, მატყუარააო... შეხედეთ მის სურათებს, ყოველ მონასმში ცრუობსო... სამაგიეროდ,­ აღფრთოვანება იცოდა. დავით კაკაბაძეს აღმერთებდა - აკადემიაში დავითმა მიმიღო, საბუთებს რომ ვაბარებდი, ნამუშევრები მომიწონა და მითხრა, ბიჭიკო, შენ ფანქარი ხელიდან არასდროს გაუშვაო. სულ ხატავდა - ხატავდა ყველგან და ყველფერზე.
ჟან კოტკო ამბობდა, მხატვარმა უნდა იცხოვროს, სახელი კი სიკვდილის შემდეგ გაითქვასო. ჩახომ იცხოვრა. სახელს კი ახლა გაითქვამს. თუმცა იქნებ ვერც გაითქვას... და არც ეს იქნება დიდი უბედურება!

ია ბოკუჩავა, გალერისტი: - სერგო ჩახოიანცი, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, პროტესტანტი მხატვარი გახლდათ და რასაც იმხანად ქმნიდა, არ იყო პოპულარული, მაგრამ დადგა დრო და კოლექციონერების წრეებში - როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში - დიდი ინტერესი გაჩნდა მისი ნამუშევრების მიმართ. ნახატებიც თანდათან გადის საქართველოდან, ამიტომ გადავწყვიტეთ, თავი მოვუყაროთ იმას, რაზეც დღეს ხელი მიგვიწვდება, რათა ქართველ ხელოვანებსა და ხელოვნების მოტრფიალეთ ჰქონდეთ მათი ერთ სივრცეში ნახვის შესაძლებლობა. გამოვეცით ალბომიც "ჩახო". და ეს ყველაფერი მოხდა ქალაქში, რომელსაც ეტრფოდა სერგო ჩახოიანცი.

ზურაბ ნიჟარაძე, მხატვარი: - ის, რაც დღეს გალერეა IART -შია გამოფენილი, გულგრილს არავის ტოვებს. აქ თავმოყრილია ის, რაც უმთავრესია ადამიანის შემოქმედებაში - თითოეული ნამუშევარი მეტყველი და შთამბეჭდავია.
ჩახო კეთილი ადამიანი იყო, კეთილგანწყობილი არა მხოლოდ ადამიანების, ბუნების მიმართაც.

თემურ გოცაძე, მხატვარი: - ზესტაფონიდან იყო ჩახო და ყველაფერი, რაც ახასიათებს იმ მხარეს, თავმოყრილი იყო მის ფერწერაში. შემოქმედების დასაწყისში კოლორიზმით იყო გატაცებული. ამის შემდეგ დაიწყო გაუცხოების პერიოდი, როდესაც ყველა ინდივიდი უბრუნდება საკუთარ სააზროვნო სივრცეს, ნაკლები დრო რჩება გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის და ძალაუნებურად ჩარჩოში აქცევს ყველაფერს, რასაც მანამდე აღიქვამდა. ასე მოიქცა ჩახოც და დაიწყო მარტოობა. საკუთარ თავთან ჩაფიქრებით, კამათით, ჭიდაობით. ძალიან უყვარდა ყველაფრის ფილოსოფიური განზოგადება... უაღრესად კეთილი, თბილი, მოსიყვარულე ადამიანი იყო.

ალექსანდრე ჩახოიანცი, შვილი: - მამას სიცოცხლეში გამოფენა არ ღირსებია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ეს უკვე მეხუთე გამოფენაა. როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ადიოდა მთაში და ხატავდა. ძალიან თავმდაბალი იყო. რომ გეკითხა, რას ხატავო, გიპასუხებდა, რასაც ვხატავ, ჩემი ხედვააო, მაგრამ არასდროს უთქვამს, ჩემი ნახატი განსაკუთრებულიაო.
სახლზე მეტ დროს სტუდიაში ატარებდა. ხატავდა. დედა (ხელოვნებათმცოდნე, კულტუროლოგი) სულ ამბობდა, მამათქვენს ხელი არ შეუშალოთ, მას თავისი გზა აქვსო. ძალიან უწყობდა ხელს და ჩვენც ამას გვასწავლიდა.

გურამ ცერცვაძე, მხატვართა კავშირის თავმჯდომარე: - სერგო ძალიან რაფინირებული ადამიანი იყო და ეს მის ხელოვნებასაც ეტყობა. სამწუხაროა, რომ მისი ნამუშევრები უცხოეთში გადის. სადაც მხატვართა კავშირის სახელით მიწევს გამოსვლა, ყველგან ვამბობ, რომ ბოლო 30 წელია, საქართველოს სახელმწიფოს მისი არც ერთი ნამუშევარი არ შეუსყიდია. ეს სამწუხარო­ ფაქტია. ალბათ, გალხვება ყინული და ისეთი მხატვრები, როგორიც სერგო ჩახოიანცი და სხვები არიან, თავიანთ კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებენ სხვადასხვა მუზეუმში.
ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით