მზად ხართ ზაფხულისთვის? - კვირის პალიტრა

მზად ხართ ზაფხულისთვის?

ზაფხული კარს მოგვადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულებების მოახლოებასთან ერთად, ავტომანქანების შემოწმების დროც დადგა. მართალია, "რკინის მეგობარს" შემოწმება მხოლოდ სეზონურად არ სჭირდება, მაგრამ არის რაღაცები, რაც ტემპერატურის საგრძნობლად მომატებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. დავიწყოთ ძირითადით:

საბურავები

ბუნებრივია, არავინ დაგაჯარიმებთ, თუ ივლისის ბოლოსაც ზამთრის საბურავებით "იბრაგუნებთ", მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად, თოვლისა და ყინულისთვის განკუთვნილი საბურავები გაცილებით სწრაფად იცვითება და ივლისის ნაყინივით შემოგადნებათ ხელში (დისკზე). ისე კი, იდეალური შემთხვევაა, როდესაც ე.წ. ყველა სეზონის საბურავების ნაცვლად, ავტომანქანაზე წლის კონკრეტული პერიოდის - ზაფხულის ან ზამთრის საბურავებია დამონტაჟებული. მას შემდეგ, რაც წლის ცივ პერიოდში გამოყენებულ საბურავებს მოხსნით და დარწმუნდებით, რომ მომავალშიც გამოგადგებათ (ამაში არა მხოლოდ პროტექტორის სიმაღლე, დეფექტების უქონლობაც იგულისხმება), სასურველია, გარეცხილი შეინახოთ.

მინის საწმენდები

რაც უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ, უმჯობესია, ზაფხულს არ დაელოდოთ და მინასაწმენდები გაზაფხულზევე შეცვალოთ. ტემპერატურის ხშირი ცვლილების, ნალექისა და რეაგენტების წყალობით, ზამთარგამოვლილი რეზინების ხარისხიც იკარგება და ეფექტიანობაც. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუ დათბობასთან ერთად, თქვენი ავტომანქანის მინასაწმენდებს სულ უფრო უჭირს ნალექის თუ ჭუჭყისგან მინის გაწმენდა. არც ის დაგავიწყდეთ, რომ დროთა განმავლობაში საწმენდის ძველი რეზინები არა მხოლოდ ხილვადობას აძნელებს, საქარე მინასაც კაწრავს. საწმენდი რეზინის შეცვლა 15-20 ლარზე მეტი არ დაგიჯდებათ, საქარე მინა კი გაცილებით ძვირია! გახსოვდეთ! სასურველია, საწმენდების შეცვლასთან ერთად, მინა სპეციალური სითხით, ე.წ. ანტიწვიმითაც" დაამუშაოთ, შედეგად, წვიმის წვეთები მინის ზედაპირზე არ გაჩერდება.

ძარა და საღებავი

იმის მიუხედავად, რომ ზამთარში გზები და ავტომანქანები ტალახით, თოვლით, ყინულით და მათი საწინააღმდეგო საშუალებებით იფარება, წელიწადის ცივ პერიოდში ავტომობილებს იშვიათად ვრეცხავთ. ძარაზე მიყინული თოვლის მოსაშორებელი ჯაგრისები და ცოცხები რომ საღებავს"არ უხდება, ახალი არავისთვის არის. მათ გარდა, ძარის ფერადი საფრის დაზიანებაში დიდ როლს თამაშობს ყინვა, თოვლისა და ლიპყინულის საწინააღმდეგო ხრეშის კენჭები და ა.შ. ასე რომ,"გამოზამთრებული ავტომანქანის ძარაზე არაერთი არასასიამოვნო "სიურპრიზის" აღმოჩენის შანსი გაქვთ და... მერე უნდა გადაწყვიტოთ, დაზიანებული თუ დაჟანგული საღებავისთვის პირვანდელი სახის დაბრუნებას თავად შეეცდებით თუ სამღებრო სახელოსნოს მიაკითხავთ.

გაგრილების სისტემა

მტვერი, ტალახი, კენჭები, მარილი, რეაგენტები - სასიკვდილო" საფრთხეა ავტომანქანის რადიატორისთვის. მით უმეტეს, რომ თანამედროვე ავტომობილებში რადიატორების რაოდენობა სულ უფრო მეტია - კონდიცირების სისტემის, ტურბოძრავების, ზეთოვანი თუ ჩვეულებრივი რადიატორები დაბინძურებული გარემოს მასირებულ შეტევას განიცდიან. შედეგად, ცხაურები იჭედება და დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ საცობში ძრავა ადვილად ხურდება. ამიტომაც საჭიროა რადიატორების გარეცხვაც და მათ შორის არსებული სივრცის გაწმენდაც, თანაც, მხოლოდ წნევით რეცხვა საკმარისი არ არის - საჭირო ეფექტის მისაღწევად წინა ბამპერის მოხსნაა აუცილებელი. კარგი იქნება, თუ ამ პროცესს გამაგრილებელი სითხის შეცვლას ან კონდიციონერის საჭირო დონემდე დატუმბვას დაამთხვევთ. ასეთ დროს თავისუფლად შეგიძლიათ რადიატორები მოხსნათ და კარგად გარეცხოთ.

კონდიცირება

უკვე დაცხა, კონდიციონერს რთავთ, იქიდან კი მხოლოდ ნელთბილი ჰაერი უბერავს - ნაცნობი სიტუაციაა? ყველაზე ხშირად ამის მიზეზი კონდიცირების სისტემაში ფრეონის ნაკლებობაა. საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარება იოლია და არც ძვირად ღირებული (თუ სისტემას მთლიანად არ დაცლით) სპეციალური აპარატის მეშვეობით, კონდიცირების სისტემა რამდენიმე წუთში შეივსება და ავტომანქანის სალონში ნანატრი სიგრილე დატრიალდება. სასურველია ვენტილაციის სისტემის ანტიბაქტერიული დამუშავებაც, რადგან ტემპერატურის ცვლილების გამო წარმოქმნილ კონდენსატში ჯანმრთელობისთვის საშიში ბევრი ნივთიერება თუ მიკრობი იყრის თავს. სისტემის გაწმენდის შემდეგ, სასურველია სალონის ფილტრის შეცვლაც.

სავალი ნაწილი და საჭე

საბურავები შეცვალეთ, ავტომანქანა კი მაინც უცნაურად "იქცევა"? დაუყოვნებლივ ესტუმრეთ ავტოსერვისს და სავალ ნაწილთან ერთად, შეამოწმეთ საჭისა და სამუხრუჭე სისტემა და თვლების ნახარიც ("რაზვალი"). ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ხშირია აქციები სხვადასხვა კომპანიაში, რომელთა ფარგლებშიც, უფასოდ ან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეამოწმებინებთ ავტომობილის სავალ ნაწილს, სამუხრუჭე სისტემას, ავზებში მუშა სითხეების დონეს, განათების ხელსაწყოებს და ა.შ.