"მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს საჩუქრებით ვანებივრებთ" - როგორ უვლის თავს ბაგრატიონების რძალი? - კვირის პალიტრა

"მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს საჩუქრებით ვანებივრებთ" - როგორ უვლის თავს ბაგრატიონების რძალი?

ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელმა პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და მისმა რჩეულმა, ცნობილმა მოდელმა, ქრისტინე ძიძიგურმა, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონმა, სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარი დაიწერეს.

ხუან იოანე ბაგრატიონმა და მისმა რჩეულმა ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს (+ ფოტო, ვიდეო)

"მე, მისი მატიანეც ვარ და პროდიუსერიც" - ქრისტინე ძიძიგურის ბებია სამეფო ოჯახზე საუბრობს

თავისუფალ დროს მეუღლეს ვეხმარები საქმეების მოგვარებაში

გთავაზოთ ქრისტინე ძიძიგურის ინტერვიუს ჟურნალ "გზის" არქივიდან: - თავის მოვლას ბევრ დროს უთმობ?

- საერთოდ, თავის მოვლა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ამაში ძალიან ბევრ დროსაც არ ვხარჯავ, მაგრამ ყოველდღიურად, გარკვეული დროის განმავლობაში, საკუთარ გარეგნობაზე აუცილებლად ვზრუნავ.

- ბუნებრივ კრემებსა და ნიღბებს ანიჭებ უპირატესობას თუ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ კრემებს ყიდულობ?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენო ბუნებრივი კოსმეტიკური საშუალებები. გულწრფელად გეტყვით, უპირატესობას საფრანგეთსა და ისრაელში დამზადებულ პროდუქციას ვანიჭებ. ბოლო რამდენიმე წელია, რაც პარიზში ვცხოვრობ. ჩემმა სამოდელო სააგენტომ მირჩია ერთ-ერთი ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი და ახლა მისი აქტიური მომხმარებელი ვარ. რაც შეეხება ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ კრემებს - მათ საერთოდ არ ვიყენებ, რადგან ხშირად, ამ ძვირად ღირებულ საშუალებებში ბევრი ქიმიური დანამატი და პარფიუმია - კარგი სურნელისთვის, ეს კი მოგეხსენებათ, კანს ძალიან აზიანებს.

- თუ გაქვს სილამაზის რაიმე განსაკუთრებული რეცეპტი?

- ჩემი სილამაზის საიდულო რეცეპტს გაგანდობთ (იღიმის): ყოველთვის ვიყენებ ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქციას, ვიკვებები ჯანსაღად და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად შევეხო ქიმიურ ნივთიერებებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში იმისთვის, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- გარდა კარგ ფორმაში ყოფნისა, ვარჯიშს კიდევ სხვა, უამრავი პლუსი აქვს. პირველ რიგში, დავასახელებ სტრესიდან გათავისუფლებას, ახალგაზრდობის შენარჩუნება. ვარჯიშზე ამბობენ, რომ გონებას აახლებს და აზროვნებაში გვეხმარება. საერთოდ, ინტენსიურად ვვარჯიშობ, მაგრამ გამოგიტყდებით და, ბოლო პერიოდში, მოგზაურობების გამო, რეჟიმი ცოტა არ იყოს, დამერღვა. თუმცა, დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით მაინც, სირბილისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ.

- ხშირად გიწევს დიეტაზე ყოფნა?

- დიეტას არასოდეს ვიცავ. როგორც ევროპაში ამბობენ, - მთავარია პროფესიული ცხოვრების სტილი! უკვე აღვნიშნე, რომ უპირატესობას ვანიჭებ ჯანსაღ პროდუქციას. ხილი და ბოსტნეული ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საკვებია. ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე გონებაშიც გამიჯდა და ჩემი მოთხოვნილება გახდა. შესაბამისად, არასდროს მჭირდება დიეტა.

- სილამაზის სალონებში ხშირად დადიხარ თუ ცდილობ, თავი დამოუკიდებლად მოიწესრიგო?

- სილამაზის სალონი ჩემთვის საკმაოდ კომფორტული ადგილია. დიახ, სალონებში ხშირად დავდივარ. თუმცა, საკუთარი თავის მოწესრიგება დამოუკიდებლადაც შემიძლია.

- ოდესმე, საკუთარ გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე თუ გიფიქრია?

- ჯერჯერობით, ასეთ ფიქრებს არ შევუწუხებივარ. მომავალში რა იქნება, არ ვიცი.

- თმას როგორ უვლი? როგორც ვიცით, საღებავი მის სტრუქტურას აზიანებს. რას აკეთებ იმისთვის, რომ თმა შეღებვისას არ დაიწვას და კანიც არ დაზიანდეს?

- თმის მოვლა ძალიან მიყვარს. გეთანხმებით, საღებავების ხშირი გამოყენება თმას აზიანებს. უკვე აპრობირებული მეთოდია შეღებილი თმის კერატინით გამდიდრება. კერატინი ხელს უწყობს თმას, იყოს უფრო ელასტიკური და მბზინავი. მიხარია, რომ ამ მეთოდით უკვე საქართველოშიც სარგებლობენ. პირადად მე, ფრანგული თმის მოვლის საშუალებებს ვიყენებ, რომელიც მის სტრუქტურას კი არ აზიანებს, არამედ პირიქით - აჯანსაღებს.

- სოლარიუმში ხშირად დადიხარ? გიყვარს ნამზეური?

- მიუხედავად იმისა, რომ გარუჯული სხეული ძალიან მიყვარს, სოლარიუმში არასდროს დავდივარ. ყოველთვის ბუნებრივი ნამზეური მაქვს. სოლარიუმი აბერებს და საშინლად აფუჭებს კანს. ასე რომ, უპირატესობა ყველაფერ ბუნებრივს უნდა მივანიჭოთ.

- მეუღლე თუ ცდილობს საჩუქრებით შენს განებივრებს?

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს საჩუქრებით ხშირად ვანებივრებთ. მას სიურპრიზების მოწყობა შესანიშნავად გამოსდის.

- როგორ იწყებ დილას - ყავით თუ საუზმით?

- ჩემთვის ყველა დილა იწყება წლის გარკვეული რაოდენობის მიღებით. სასურველია, ოთახის ტემპერატურის, ე.წ. ნადგომი წყალი მივირთვათ. უზმოზე წყლის დალევა კარგია ჯანმრთელობისთვის, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ვსაუზმობ.

- შენს გარდერობში რომელი ფერის ტანსაცმელი ჭარბობს? ყველაზე მეტად, რომელი ფერი გიყვარს?

- უფრო, ნაზი ფერები მიყვარს და შესაბამისად, ჩემს კარადაში ასეთი ფერის სამოსი ჭარბობს. ყველაზე მეტად, მწვანე ფერი მიზიდავს.

- გარდერობს ხშირად აახლებ?

- ყოველთვის ახალი სტილისა და ტანსაცმლის ძიებაში ვარ. ბუნებრივია, გარდერობს სეზონის მიხედვით, ყოველთვის ვაახლებ და კიდევ, იმის მიხედვით, თუ რა დროს რა მჭირდება.

- დაგვისახელე შენთვის გამორჩეულად საყვარელი დიზაინერი.

- საერთოდ, ევროპული სახლის დიზაინერებს ვანიჭებ უპირატესობას. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველებსაც გვყავს ამ პროფესიის უნიჭიერესი წარმომადგენლები. მიხარია, რომ ბოლო დროს ქართული მოდა კარგად ვითარდება.

- შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გეცვას ბრენდული სამოსი?

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტილია და კიდევ, ის, თუ როგორ ვგრძნობ ამა თუ იმ სამოსში თავს. ცნობილი დიზაინერის შეკერილია თუ არა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მომწონს ევროპული ბრენდის ტანსაცმელი. დახვეწილი და ელეგანტურია. არ მიყვარს, როცა ბრენდი ჩანს. მაქსიმალურად ვარიდებ თავს სამარკო ნიშნის გამოჩენას. ვერასოდეს შეამჩნევთ, რომელი მოდის სახლის სამოსი მაცვია.

- დაასახელე შენთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი, რომელიც მეუღლეს მოურთმევია.

- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ საკუთარ გრძნობებში. განაგრძეთ კითხვა