ქართული ბიბლიოთეკა - "დედაენა" ფერეიდნელებისთვის - კვირის პალიტრა

ქართული ბიბლიოთეკა - "დედაენა" ფერეიდნელებისთვის

სკოლაში ქართულს საოცარი ფერეიდნელი ჰოსეინ თავაძე ასწავლის. ჩვენ კი გვეამაყება, რომ პატარა ფერეიდნელები ქართულ წერა-კითხვას ჩვენი ჩატანილი "დედაენით" სწავლობენ

"თავდადების გარეშე ქვეყნად არაფერი შენდება; ჩვენ კი დიდი ხანია, ძირითადად, ნგრევაში ვართ ჩაფლულები. მე მირჩევნია, გმირობაზე ვილაპარაკო, ვიდრე ნგრევაზე. მაგალითად დაწყებითი კლასების იმ მასწავლებლებს გავიხსენებ, რომლებიც წლებია ქართველ ბავშვებს დედაენას იაკობ გოგებაშვილის "დედაენით" საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასწავლიან. მაშინ, როცა საქართველოს უამრავ სკოლაში იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" სწავლებიდან ამოღებული და ალტერნატიული სახელმძღვანელოებით არის ჩანაცვლებული... ჩემთვის ეს არის გმირობა! კიდევ ორი ჩვეულებრივი რუსთაველი გოგონას - ნათია ქიმაძისა და შორენა მამალაშვილის საქციელი, რომლებმაც რუსთავიდან ფერეიდანში ქართული ბიბლიოთეკა დააარსეს და სწორედ იაკობ გოგებაშვილის "დედაენიდან" დაიწყეს. ვინც არ იცის, რამდენად ძნელია ქართული წიგნების ირანში გადატანა, მხოლოდ ეს შემიძლია ვუთხრა, რომ ეს ჯოჯოხეთის გავლას ჰგავდა... და კიდევ, რაც, ალბათ, ამ ორ გოგონას პირველებს მოუვიდა აზრად - ფერეიდნელ ქართველებს ჰერეთი, საინგილოც გააცნეს, რომლის ბედი სიმწარით ფერეიდნისას არ ჩამოუვარდება. ერთად ყოფნა დიდი ძალაა, ახლა თუ არა, მომავალში მაინც გააკეთებს თავის საქმეს".

მერი პოპიაშვილი, რუსთავი

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გული როგორ მოგვითმენდა, რომ გოგონები არ გვეპოვა. შორენა მამალაშვილს მივაკვლიეთ, ნათია კი უცხოეთში ყოფილა. - ინტერნეტში ნათია ქიმაძის გვერდს "ქართული ბიბლიოთეკა ფერეიდანში" წავაწყდი და მაშინვე მივწერე, - რას აკეთებთ-მეთქი? მიპასუხა, ფერეიდანში ქართული ბიბლიოთეკა უნდა გავაკეთოთ, თუ გინდა, შემოგვიერთდიო. ორი შვილი მყავს, დრო ფაქტობრივად არ მაქვს, მაგრამ ამ საქმეში დაუფიქრებლად ჩავერთე. ნათიას ბიბლიოთეკის შექმნის იდეა უნივერსიტეტელმა მეგობარმა მიაწოდა. წიგნების შესაგროვებელი ყუთებიც უნივერსიტეტში დადგეს. იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" რუსთავის ბიბლიოთეკამ შეგვიძინა. ასე შეგროვდა 200-მდე წიგნი. მერე თბილისელ ფერეიდნელებს დავუკავშირდით, წიგნები ავტობუსში ჩავაწყვეთ და გავემგზავრეთ. ფერეიდანში ჩასვლას 35 საათი დასჭირდა. საზღვარზე ნაწილი წიგნების გადატანაზე უარი გვითხრეს, ნაწილზე კი დაგვთანხმდნენ.

- გაიხარებდნენ ფერეიდნელი ქართველები. - ბევრ ფერეიდნელს ისე აქვს ჩარჩოში ჩასმული ქართული ანბანი, როგორც ჩვენ ხატები. ფერეიდნელები საოცრად გულიანი ხალხია. არც ერთი არ გაუშვებს სასტუმროში სტუმარს, არ დაკარგავს ისტორიის თუნდაც ერთ ქვას. ოდესღაც ქრისტიანული ტაძარიც ჰქონიათ, რომელიც ხელისუფლებას დაუნგრევია და ნანგრევებს ისე უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ სიცოცხლეს. იქ სკოლაში ქართულს საოცარი ფერეიდნელი ჰოსეინ თავაძე ასწავლის. ჩვენ კი გვეამაყება, რომ პატარა ფერეიდნელები ქართულ წერა-კითხვას ჩვენი ჩატანილი "დედაენით" სწავლობენ.

- ჰერებისა და ფერეიდნელების შეხვედრა როგორღა მოახერხეთ?

- საინგილოში ერთი კარგი გოგო ცხოვრობს, მარიამ ზურაბაშვილი. მან თქვა, ჰერები და ფერეიდნელები ერთნაირად ვართ მოწყვეტილი სამშობლოსო და იქიდან დაბრუნებულმა, ფერეიდნელები ჰერეთში წაიყვანა. ასე დააახლოვა ჰერეთი და ფერეიდანი ერთმანეთს.

ეთერ ერაძე