რა არის სეისმოიზოლაცია და როგორ იცავს ძლიერი მიწისძვრისას შენობებს ნგრევისგან?
ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს მეზობელ სომხეთში, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს, რომელიც ისედაც აქტიურ სეისმურ ზონაშია, უფრო დიდი საფრთხე დაემუქრა. შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია. მსოფლიოში მიწისძვრებისგან თავის დასახნელ ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად სეისმოიზოლაციური სისტემების გამოყენებს მიიჩნევენ, როგორც ახალი მშენებლობის დროს, ისე ავარიულ და საუკუნის წინ აშენებულ ნაგებობებში.
რას ნიშნავს სეისმოიზოლაცია? მშენებლობის დარგში ევროკავშირის ექსპერტი მალხაზ ბედიაშვილი: - ეს სისტემა, საქართველოს გარდა, ათვისებულია ყველა სეისმოაქტიურ ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მიწისძვრის ალბათობა 8-9 ბალია. 100-ზე მეტი სეისმოიზოლაციური სისტემის პატენტი არსებობს. ყველაზე ხელმისაწვდომად რეზინლითონის სეისმოიზოლატორების გამოყენება მიგვაჩნია და მის ათვისებას ვცდილობთ სომეხი, სლოვენიელი და იტალიელი სპეციალისტების მეშვეობით...
ეს არის მაღალხარისხოვანი რეზინისა და ლითონის ფირფიტის ფენებით შეკრული საყრდენი. მას საძირკველსა და შენობას შორის სპეციალურად დატოვებულ ღრეჩოში ამაგრებენ. მიწისძვრისას მოძრაობს იზოლატორების ქვემოთ მოქცეული ნაწილი, იზოლატორების ზემოთ მოქცეული შენობა კი უძრავია. საძირკველში შემავალი ენერგიის დიდი ნაწილი აკუმულირდება და გაიფანტება რეზინლითონის სისტემაში. შესაბამისად, შენობა აღარ ირხევა და აღარ არის ნგრევის საფრთხე. სეისმოიზოლატორით მიწისძვრის ზემოქმედება 1,5-2 ბალით მცირდება. თუ თბილისში 8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, სეისმოიზოლატორი დარტყმას 6 ბალამდე შეამცირებს, ანუ უფრო ნაკლები ძალა მოედება შენობას. ეს გადაარჩენს ნულის, ანუ მიწის ზემოთ შენობას სრულად - კონსტრუქციები არ დაინგრევა და ადამიანებიც არ დაიღუპებიან. სეისმოიზოლატორის გარეშე 7-ბალიანი მიწისძვრის დროს ტიხრები, კომუნიკაციები, ბინებში ავეჯი - ყველაფერი იმსხვრევა, სეისმოიზოლატორი კი საძირკველშივე ახშობს მიწის რყევის შედეგად გაჩენილ ენერგიას, რეზინისა და ლითონის ფენები იძლევა საშუალებას, მიწის მოძრაობას მიჰყვეს... ასეთ შემთხვევაში საქართველოშიც ისევე მარტივად გადავიტანთ ძლიერ მიწისძვრას, როგორც იაპონიაში, სადაც დამანგრეველ სტიქიას, ფაქტობრივად, "ლაგამი ამოსდეს." (იხილეთ სრულად)