ვაკის პარკში სასტუმრო მაინც აშენდება? - რა აკავშირებს გიგი უგულავას ბიზნესმენ გოგა ზაქაიძესთან? - კვირის პალიტრა

ვაკის პარკში სასტუმრო მაინც აშენდება? - რა აკავშირებს გიგი უგულავას ბიზნესმენ გოგა ზაქაიძესთან?

28 მაისს, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დააყენა - სასამართლომ "მწვანე ალტერნატივას" სააპელაციო საჩივარი, რომელიც სასტუმროს აშენების წინააღმდეგ იყო მიმართული, არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, დააკმაყოფილა შპს "ტიფლის კოსტავას" და "გრაალის", ანუ იმ კომპანიების აპელაცია, რომლებმაც რეკრეაციულ ზონაში შვიდსართულიანი სასტუმრო უნდა ააშენონ.

ყველაფერი 2013 წლის 24 ივლისს დაიწყო, როდესაც გიგი უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების უფლება გასცა. ამავე წელს, ტერიტორია მშენებლობის უფლებით "ტიფლის დეველოპმენტმა" 2 700 000 დოლარად შეიძინა - გიგი უგულავას მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე, ვაკის პარკში "ტიფლის დეველოპმენტი" შვიდსართულიანი სასტუმროს სამშენებლო პროექტით გამოჩნდა, რომლის მშენებლობაც 2016 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. მალევე გავრცელდა ხმები, რომ გიგი უგულავას მიერ გაცემული ნებართვის უკან პირადი ინტერესები იდგა - სასტუმროს ქართველი და უცხოელი ინვესტორები აშენებენ, მათ შორის გოგა ზაქაიძეა. ამბობენ, რომ ის უგულავას მეგობარია და მისი, როგორც ერთ-ერთი მოწილის უკან სწორედ თბილისის ყოფილი მერი დგას, რომელმაც სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გასაცემად თვითნებურად შეცვალა საკანონმდებლო რეგულაციები. გოგა ზაქაიძე "ტიფლის დეველოპმენტის" 50%-იანი წილის მფლობელია. 2014 წლის თებერვალში სამშენებლო პროცესის შესაჩერებლად, სასამართლოში სამი სარჩელი შევიდა. პარტიზანულმა მებაღეობამ, მწვანე ალტერნატივამ და უსაფრთხო სივრცემ მერიას უჩივლეს და უკანონოდ გაცემული ნებართვის გაუქმება მოითხოვეს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "კვირის პალიტრასთან" ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წევრი ნინო გუჯარაიძე აფასებს:

- აბსოლუტურად გაუგებარია, სააპელაციო სასამართლო რა მტკიცებულებებსა თუ მოტივაციას დაეყრდნო, როდესაც ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. სარჩელი დასაბუთებული გქვონდა - გიგი უგულავას გადაწყვეტილებაში რამდენიმე უკანონობა გამოიკვეთა. იმისთვის, რომ მერიას თავისი დისკრეციული უფლებამოსილება გამოეყენებინა და გამონაკლისი დაეშვა სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რამდენიმე საკანონმდებლო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილებულიყო. მათ შორის, მერიას უნდა დაესაბუთებინა, რატომაა აღნიშნულ ადგილზე სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის განვითარებისთვის აუცილებელი. ასეთი დასაბუთებული რაიმე ტიპის წერილობითი დოკუმენტაცია არ არსებობს. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ მერია თვითნებურად მოიქცა, როდესაც კერძო კომპანიას სასტუმროს მშენებლობის უფლება მისცა. გიგი უგულავამ ასეთი ნებართვის გაცემით საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სანამ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდებოდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადგინდა, რომ 2013 წელს, მერიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, ბათილად ცნო გიგი უგულავას მიერ გამოცემული აქტები და საქმე განსახილველად მერიას უკან დაუბრუნა. ამ ფონზე, კიდევ უფრო მოულოდნელი იყო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ჩათვალა, რომ გიგი უგულავას გადაწყვეტილება კანონიერი იყო. ეს გადაწყვეტილება იმიტომაცაა ჩვენთვის მიუღებელი, რომ სააპელაციო სასამართლოში განხილვებს მერიის წარმომადგენელი არასოდეს დასწრებია, ანუ, სხდომაზე მერიას საკუთარი პოზიცია არც კი დაუცვია.

- თუ მერიას საკუთარი პოზიცია არ დაუცვია, არსებობდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც ბათილად ცნო გიგი უგულავას მიერ გამოცემული აქტები, მაშინ, რა ახსნა აქვს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

- კანონში ხაზგასმით წერია, რომ რეკრეაციულ ზონაში, პარკებში კომერციული ობექტის მშენებლობა დაუშვებელია. თანაც, სასტუმრო ხომ არ არის ობიექტი, სადაც ადამიანები მხოლოდ დასაძინებლად მიდიან, ის მოიცავს კომპლექსურ ცენტრებს - რესტორნებს, საპარკინგე ტერიტორიას... ამიტომაც აბსოლუტურად გაუგებარია, რა მოხდა სააპელაციო სასამართლოში. კონკრეტული მტკიცებულებები არ მაქვს, რაიმე ტიპის გარიგებასთან გვაქვს თუ არა საქმე, თუმცა ფაქტია, ეჭვები არსებობს, რატომ მისცა გამონაკლისის სახით ინვესტორს ვაკის პარკში მშენებლობის უფლება. დასანანია, რომ დღეს არც სასამართლოს, არც მერიას და არც ინვესტორს არ ესმის, რა ზარალი მიადგება ვაკის პარკს სასტუმროსთვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. წარმოიდგინეთ, რამდენი ხე გაიჩეხება მხოლოდ პარკინგისთვის, საერთოდ განადგურდება მთის ძირისთვის დამახასიათებელი ეკოსისტემა და დაიწყება ფაუნის მიგრაცია. მხოლოდ კომუნიკაციების გაყვანა მიაყენებს უდიდეს ზიანს რეკრეაციულ ზონას, რადგან მასშტაბური ჩარევა გახდება აუცილებელი. ამ სასტუმროს აშენება საერთოდ კიდევ უფრო შეგვიმცირებს ჟანგბადის სივრცეს, ისედაც მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ და უჰაერო ქალაქში ვცხოვრობთ.

სტატია სრულად იხილეთ 11 ივნისის გაზეთ "კვირის პალიტრაში"

რუსუდან შელია