"ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ!" - მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა - კვირის პალიტრა

"ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ!" - მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა

5 ივნისს, მოსკოვში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო სოლო კონცერტი გაიმართა. მან თავისი ცნობილი ჰიტები მოსკოვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შეასრულა, რომელსაც ნიკა რაჭველი დირიჟორობდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ნანი ბრეგვაძესთან ერთად სცენაზე იდგნენ, მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე და რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ვალერი მელაძე.

შეგახსენებთ, ქართველი მომღერლის კონცერტი მოსკოვში 28 მარტს იყო დაგეგმილი, რასაც ჩვენში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ კონცერტი გადაიდო, რის ოფიციალურ მიზეზადაც ნანი ბრეგვაძის ავადმყოფობა დასახელდა.

კონცერტამდე, ნანი ბრეგვაძემ ინტერვიუ მისცა რუსულ გამოცემა "იზვესტიას", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- თქვენში ყოველთვის ბევრი სითბო და სიკეთეა...

- სიკეთე ხელს უწყობს ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას, ამაზე ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს. ეს საჭიროა, რათა კვლავ დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც ეს ადრე იყო.

სამწუხაროდ, ქართველებს კვლავ არ აქვთ რუსეთში თავისუფლად შესვლის უფლება, რუსებს კი აქვთ. არ იფიქროთ, რომ მე პოლიტიკაში გადავდივარ. მე მხედველობაში მაქვს ადამიანური ურთიერთობები, ჩვენი მოთხოვნილება მეგობრობაზე და სიყვარულზე. ჩვენ ყოველთვის გვიხარია, როცა საქართველოში რუსები ჩამოდიან. ჩვენი სტუმართმოყვარეობა უსაზღვროა.

ძალიან ვცდილობთ რომ სტუმრებს ვასიამოვნოთ, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის.

როცა საქართველოში რუსი სტუმრები მოდიან და მოგვმართავენ, უფრო ბედნიერები ვხდებით, ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ! მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები რუსეთისაგან თავს შორს იჭერენ და ამბობენ: "რატომ არ გვიშვებენ თავისუფლად რუსეთში? ჩვენ ხომ რუსებს ჩამოსვლაში ხელს არ ვუშლით და მათ გულღიად ვხვდებით". ჩვენ, უფროსი თაობა, მათ ვუხსნით, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია დავხვდეთ მათ კარგად, მთავარია ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორ კარგად ვეპყრობით რუსეთს და რუს მოქალაქეებს.

მე ძალიან მინდა, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისე გაიცნონ და შეიეიყვარონ რუსეთი, როგორც ამას თავის დროზე ჩვენ ვაკეთებდით. ჩვენ ერთი მთლიანნი ვიყავით, ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მწყინს, რომ დღეს სიტუაცია სრულიად სხვაგვარია. ძალიან მინდა, რომ თქვენ შეიყვაროთ საქართველო. კულტურა ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. ეს ვიცი და ამიტომაც ვმღერი.

- თქვენ მთელი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ორჯერ თუ სამჯერ იმღერეთ ფონოგრამით...

- კი, მხოლოდ ორჯერ-სამჯერ... მომღერლებმა ცოცხლად უნდა იმღერონ. ცოცხლად მღერას და ფონოგრამას შორის დიდი განსხვავებაა. ცოცხლად როცა მღერი, ყოველი შენი გამოსვლა თავისებურად ორიგინალურია, ფონოგრამით კი ყველა ერთნაირად ჟღერს. ფონოგრამით მომღერალი სცენაზე დიდხანს ვერ გაძლებს. არავის ვამცირებ ჩემი ლაპარაკით, ვისაც როგორ უნდა ისე იმღეროს, უბრალოდ, მსმენელი არ უნდა მოატყუო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

იხილეთ ვიდეოკადრები ნანი ბრეგვაძის მოსკოვური კონცერტიდან