"2002 წელს დავქორწინდი ქართველ გოგოზე" - იაპონელი, რომელმაც ქართული ენა წიგნებიდან ისწავლა - კვირის პალიტრა

"2002 წელს დავქორწინდი ქართველ გოგოზე" - იაპონელი, რომელმაც ქართული ენა წიგნებიდან ისწავლა

ის ქართულად თავისუფლად ლაპარაკობს, იაპონიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე წლებია, აქტიურად ზრუნავს და გარდა იმისა, რომ ჩვენთვის ძვირფას ლიტერატურულ ნაწარმოებებს თავის მშობლიურ ენაზე თარგმნის, შემოდგომაზე ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალსაც აწყობს, სადაც იაპონელი მაყურებელი ოცამდე ძველ და თანამედროვე ფილმს იხილავს.

ლინგვისტი, ენათმეცნიერი იასუჰირო კოჯიმამ გულახდილ ისაუბრა ჟურნალ "გზასთან". გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"ევროპელი სტუდენტები მაშინ ბაგებში, სტუდქალაქში ვცხოვრობდით. მძიმე პირობები იყო ნამდვილად - დენი და გაზი არ გვქონდა, წყალიც წყდებოდა, მაგრამ ახალგაზრდები ვიყავით და ამ უჩვეულო სიტუაციებზე რაღაცნაირად ვხალისობდით. იაპონიაში არ ვიყავი მიჩვეული, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, ნავთის ლამპის გამოყენება (იცინის) ვისწავლე. ეს ერთგვარი თავგადასავალი იყო და გვახალისებდა..."

"ანბანი და ყველაფერი წიგნიდან ჩემით ვისწავლე, გრამატიკა ძალიან რთულია და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ასეთი რთული გრამატიკით, როგორ შეიძლება ადამიანი ლაპარაკობდეს-მეთქი. ძალიან მინდოდა, მომესმინა, როგორ საუბრობდნენ ქართველები... ვეძებე და ტოკიოსთან ახლოს მდებარე ერთ პატარა ქალაქში ერთი ქართული ოჯახი აღმოვაჩინე. ..."

"2002 წელს დავქორწინდი ქართველ გოგოზე და იმის მერე, დაახლოებით 10 წელი ტოკიოში ვცხოვრობდით, 2013 წელს კი სამსახურში აქ მოვეწყვე - იაპონიის საელჩოში და ხუთი წელი ვიმუშავე... 2004 წელს იაპონურ ენაზე ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" გამოვეცი. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მოთხრობა ვთარგმნე, გოდერძი ჩოხელის, ლაშა თაბუკაშვილის. ივნისის თვეში ჩემ მიერ ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას პოემები გამოვა - "ალუდა ქეთელაური", "სტუმარ-მასპინძელი" და "გველის მჭამელი", ასევე, რამდენიმე მოთხრობა..."

ქართული კულტურის მოყვარული იაპონელის საინტერესო ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი