"ანგელოზივით გოგო მოკლა, თან უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა, გაქრა თავის მანქანიანად..." - კვირის პალიტრა

"ანგელოზივით გოგო მოკლა, თან უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა, გაქრა თავის მანქანიანად..."

ტრაგედია დატრიალდა წყალტუმბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, სადაც დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომაქანა ქვეითად მოსიარულე 21 წლის ვერონიკა ფხაკაძეს დაეჯახა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ვერონიკა მეგობართან ერთად, მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. საბედნიეროდ, მასთან ერთად მყოფი გოგონა უვნებლად გადარჩა მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლით, რაც ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

21 წლის ულამაზეს გოგონას მთელი სოფელი გლოვობს. გვესაუბრება სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი:

- უბედურება ტრიალებს ფხაკაძეების ოჯახში, უსაყვარლესი გოგო ყველამ ერთად დავკარგეთ. შეუძლებელია ვერიკოს დედისთვის ნუგეშისცემა, ქალმა ის და მისი და-ძმა თითქმის მარტომ, დიდი წვალებით გაზარდა. როგორ უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შინიდან ნახევარი საათით გასული შვილი, უკან გარდაცვლილი მიუყვანეს. ვერიკო და-ძმებში უფროსი იყო და მათზე დედასავით ზრუნავდა. გოგონა ოჯხს რომ დახმარებოდა, თბილისში წავიდა სამუშაოდ, როგორც შეეძლო დედას მხარში ედგა, როგორც კი დროს ნახავდა, სოფელში გამორბოდა, დედა და და-ძმები ენატრებოდა...

- ავტოკატასტროფა როგორ მოხდა?

- გოგონა თანაშეზრდილ მეგობართან ერთად, საღამო ხანს მაღაზიაში წასულა, ტელეფონზე უნდოდა თურმე თანხის ჩარიცხვა, იქიდან გოგონები ფეხით ნელ-ნელა მოუყვებოდნენ გზას სახლისკენ, ლიკა ამბობს, სახლისო ამბებს ვყვებოდით, ვიცინოდით, წამის მეათასედში მოხდა ეს უბედურებაო...

- გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლის ვინაობა ცნობილია... - დიახ, ცნობილია. ერთმა - ორმა ისიც კი თქვა, - ისიც ცოდოა, მით უფრო, რომ წესიერი და განათლებული ახალგაზრდაოო, რას ნიშნავს განათლებული?! 28 წლის კაცი დათვრა, მერე კი საჭესთან დაჯდა…  და ასე შეიწირა ანგელოზივით გოგო, - ისეთი ძალით დაეჯახა, რომ გოგონა ჰაერში აისროლა და რამდენიმე მეტრში მდებარე ბუნებრივი აირის მილს შეანარცხა. თან უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა, გაქრა თავის მანქანიანად...  გოგონა სასწრაფომ  საავადმყოფომდეც ვერ მიიყვანა ცოცხალი. მერე, როგორც ჩანს, გონს მოვიდა და ჩაბარდა პოლიციას, მაგრამ ეს რა შესამსუბუქებელი გარემოებაა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, ანგელოზივით გოგო შეიწირა...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)