"ვერემ კატეგორიულად­ გაგვაფრთხილა..."
"ვერემ კატეგორიულად­ გაგვაფრთხილა..."
"ყველა უნდა გამოაშკარავდეს, თორემ არასწორად გაცემული ნებართვებით აშენებულ სახლებში შესაძლოა, ხალხი დაიხოცოს, რადგან არავინ იცის, როდის აბობოქრდება ბუნება"

ვერეს ხეობის ტრაგედიიდან სამი წელი სრულდება. 2015 წლის 13-14 ივნისის ღამით განცდილი ტკივი­ლი ჯერაც გაუნელებელია. დღესაც არავინ იცის, როდის შეიძლება­ თითქოს უწყინარი მდინარე ვერე კვლავაც გაცოფდეს. თუმცა, როგორც ირკვევა, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მშენებლობაში დიდი ფული კეთდება, მოსალოდნელი კატასტროფის არ ეშინია, არც ანაღვლებს და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს კვლავაც მიმართავს
მდინარის ჭალებში მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით. მეტიც, მათ ზურგს გავლენიანი პირები უმაგრებენ. ამასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებები გაავრცელა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ. მან საგანგებო პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ვერეს ხეობაში, დატბორვის არეალში, სამშენებლო ნებართვები გაცემულია.

თეა გოდოლაძე: - სამწუხაროდ, ზოგიერთმა ძალიან
იოლად დაივიწყა, რაც უახ­ლოეს წარსულში მოხდა. ისევ გასცემენ ნებართვებს მდინარის ჭალებში მშენებლობისთვის, რაც დაუშვებელია! მერიის არქიტექტურის სამსახური ამბობს, უხერხულ სიტუაციაში ვართ საკანონმდებლო ბაზის გამოო. მართლაც იმდენად ურთიერთგამომრიცხავი რეგულაციებია, რომ დაინტე­რესებულ მხარეს როგორც სურს, ისე ითამაშებს. ინვესტორს მიაქვს გეოლოგის დასკვნა, თანაც ძალიან ცნობილის, გამოცდილის და მერიასაც უარის თქმა უჭირს.

- თუ ცუდი კანონმდებლობა უშლით ხელს, წამოაყენონ საკანონმდებლო ინიციატივა...
- როგორც ჩანს, მეგობრობა, ახლობლობა, სენივით მოდებული ნეპოტიზმი არ იძლევა ამის საშუალებას. ამიტომაც მოსახლეობა უნდა დადგეს ფეხზე­ და მოითხოვოს კანონმდებლობის შეცვლა. ამოიღეთ მასალები და ნახეთ, რომელ გეოლოგიურ დასკვნაზე ვინ აწერს ხელს. მოჰკითხეთ­ ავტორებს პასუხი და ნახეთ, თუ არ გაიკვირვონ, ეს მე გავაკეთეო? ერთ-ერთ გეოლოგიურ დასკვნას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ფურცლის ბეჭედი ერტყა(?!). გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიურ დეპარტამენტზეც ზეწოლაა­ და იქ ყალბდება­ დასკვნები­. რატომ წავიდა ამ სააგენ­ტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია? სწორედ ზეწოლის გამო. დასანანია, რომ არაფერს ამბობს და მხოლოდ ზეწოლას აღიარებს.
ყველა უნდა გამოაშკარავდეს, თორემ გეოლოგების არასწორი დასკვნების საფუძველზე, არასწორად გაცემული სამშენე­ბლო ნებართვებით აშენებულ სახლებში 20 წელიწადში, შესაძლოა უფრო ადრეც, ხალხი დაიხოცოს, რადგან არავინ იცის, როდის აბობოქრდება ბუნება...
"კვირის პალიტრამ"­ ექსკლუზიურად შეიტყო, რომ კომპანია "საქ­წყალპროექტის" პროექტით შექმნილი ღვარ­ცოფის ნატანდამჭერი ცხაურიანი კედლები მდინარე ვერეში უკვე ჩადგმულია - ერთი საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ ხევში, მეორე კი ნაფეტვრებისკენ მიმავალი გზის გასწვრივ, მდინარის კალაპოტში. კედლები ღვარცოფის ნატანს დაიკავებს და ქალაქის დასახ­ლებულ ტერიტორიაზე გამავალი კალაპოტის მილხიდებში, ხიდებსა და გვირაბებში წყალს დაუბრკოლებლად გაატარებს. სპეციალისტების თქმით, ცხაურიანი დამჭერები­ დაგვიცავს არა წყალდიდობისგან, არამედ მოვარდნილი წყლის კალაპოტის ისეთი მასშტაბით გაფართოებისგან, რაც კატასტროფას გარდაუვალს გახდის.
გია ხარაბაძე, პროექტის ზედამხედველი ინჟინერი: - ნაფეტვრებთან კედელი 16 მეტრის სიგანეზეა და ორი სექციისგან შედგება, საბურთალოსკენ გიგანტური კედელი 60 მეტრის სიგანეზეა გაშლილი­ და 6 სექციისგან შედგება. ორივეს სიმაღლე 7,80 მ-ია. ცხაურში 60 სმ-ზე მეტი დიამეტრის ნაშალი ვერ უნდა გავიდეს.
რაც ნაფეტვრების გზაზე გამოვა, იმას საბურთალოს კედელი დაიკავებს და ქალაქის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, გაფილტრული წყალი წავა და აღარ დატბორავს კალაპოტის მიღმა ტერიტორიებს. დაგვიცავს ისეთი ტრაგედიისგან, როგორიც სამი წლის წინ დატრიალდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერეს ხეობის კალაპოტში რაიმეს აშენება შეიძლება.
ვერემ 2015 წლის ივნისში კატეგორიულად­ გაგვაფრთხილა. შესაძლოა ნატანი ვეღარ წამოიღოს, მაგრამ წყალს ვერაფერი დააკა­ვებს და ის აუცილებლად გაიშლება ძალიან ფართო კალაპოტში. ამ კედლებს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ გაწმენდა სჭირდება.
ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინა­ნსებითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ორგანიზებით ურთულესი მონაკ­ვეთის პროექტირება და რეაბილიტაციაც დასრულდა. ამ პროექტს უნიკალურს უწოდებენ. მოიცავდა წყნეთი-სამადლოს (750 მ) გზის, მიმდებარე ტერიტორიის 125-მეტრიანი მონაკვეთისა და წყნეთი-ახალდაბის გზის (400 მ) რეაბილიტაციას.
დავით კეჟერაშვილი, პროექტის მშენებლობის ზედამხედველობის ინჟინერი:
- მეწყერსაშიში გარემოს გამო ამ მონაკვეთში სადავო იყო გზის კვლავ გაყვანის საკითხი, მაგრამ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად გადაწყდა, რომ წყნეთი-ბეთანიის გზა კვლავ ძველ მარშრუტზე გაივლიდა. კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტთან" ხელშეკრულების დადების შემდეგ, დაიწყო მრავალმხრივი კვლევა და შედგა გეოლოგიური რუკა, რომელზეც მონიშნულია საფრთხის შემცველი არეალები. შეისწავლეს ქანების სიღრმის განლაგება და მათი დახრილობა. ამას მოჰყვა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები, სხვადასხვა უბანზე დადგინდა ფერდების საიმედოობის­ კოეფიციენტები, რაც ბევრი დეტალის დადგენას გულისხმობს: როგორ ვითარდება­ წყლის წნევა, როგორია ფილტრაცია, სეისმური ბიძგების შემთხვევაში, 8 ბალზე, ან კოკისპირული წვიმის დროს, როგორიც იყო, რა შედეგი შეიძლება მივიღოთ. ამის შემდეგ
გამოვყავით უბნები, რომლებიც დავხვრიტეთ და კლდეები ერთმანეთს სამმეტრიანი ანკერებით გადავაბით. ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. ჩატარებული კვლევების შესაბამისად საფრთხე გამორიცხულია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვაკეთებთ წინასწარი შეტყობინების სისტემებს, რომლებიც დამეწყრილ რელიეფზე მაგრდება და ჩართულია კომპიუტერში, 24-საათიან მონიტორულ და სასიგნალო ქსელში. ასევე ვაყენებთ შლაგბაუმებს შემოსასვლელ-გასასვლელში - მილიმეტრითაც რომ დაიძრას ქანი, შლაგბაუმები ავტომატურად, მყისიერად ჩაიკეტება, რომ მანქანები ვერ შევიდნენ ტერიტორიაზე.
ლოდების ჩამოცვენის შესაკავებლად გავაკეთეთ ავსტრიული, "ტრუმერის" ფირმის ბადე, რომელიც დრეკადია და სამ ტონამდე ტვირთს ისხლეტს. ანკერების თავებზეც ვამაგრებთ სპეციალურ ბადეს, რომლის დახმარებით გვინდა შევინარჩუნოთ კლდეზე არსებული გრუნტის ფენა, რაზეც მცენარეების საფარი ხარობს. ასევე გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი წყნეთ-ახალდაბის დამაკავშირებელი ხიდი. 42 მეტრ სიგრძის ნაგებობას ვარცლის ფორმა აქვს, მხოლოდ ორ მალას, საყრდენს ეყრდნობა და ჰორიზონტალურად 45 გრადუსზეა მოღუნული. ასეთი ხიდი საქართველოში არ აშენებულა.

მავნებლობა გრძელდება

სტატიაზე მუშაობის პროცესში, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე წავაწყდი ფაქტს: ფხაკაძის ქუჩის ფერდობზე მშენებლობების დროს მოჭრილ მიწას სატვირთო მანქანის მძღოლი ზედ მდინარის კალაპოტში­ ყრიდა. ნაყარი დამტვრეული კლდის ნატეხებისგან შედგება. იმ ადგილიდან 50 მეტრში ნატანდამცავი ცხაურიანი კედელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ და სხვა მსგავსი ფაქტების გამო თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორი მანქანა დააჯარიმა, მავნებლობა არ შეწყვეტილა. სტატია სტამბაში დასაბეჭდად რომ იგზავნებოდა, იმ დილითაც ქვის ნაშალს სატვირთო მანქანებით ეზიდებოდნენ და ყრიდნენ მდინარეში, რომელიც გაცოფებული ყველაფერს ქალაქის ტერიტორიაზე მიეზიდება.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები