"მეც ქართველი ვარ და ყველანი უსაზღვროდ მიყვარხართ" - კვირის პალიტრა

"მეც ქართველი ვარ და ყველანი უსაზღვროდ მიყვარხართ"

"ჩემი შვილი მეხვეწება, მეც დავრიშაშვილზე დამწერე, ქართველი მინდა ვიყოო..."

რას იხსენებს ნოე ხომერიკის შვილთაშვილი

ყოველ ივლისს ტრადიციულად იმართება მუსიკალური ფესტივალი "არტგენი", სადაც აქაური თუ უცხოეთში მცხოვრები ქართველები მონაწილეობენ!

წელს საფრანგეთიდან პირველად გვესტუმრა წარმოშობით ქართველი ქალბატონი ნათელა დავრიშაშვილი. იგი საკმაოდ ცნობილი პიროვნების შვილთაშვილი გახლავთ. ნათელა ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი ესმის. შეკითხვებზე ფრანგულად მპასუხობს. მის ნაამბობს მითარგმნის თბილისელი მასპინძელი სალომე საძაგლიშვილი, რომელიც ორი წელია, სორბონის უნივერსიტეტში სწავლობს.

- როცა სორბონის უნივერსიტეტში ჩავირიცხე, მინდოდა ბინა უნივერსიტეტის ახლოს მქონოდა. მალე აღმოვაჩინე კიდეც პატარა და მყუდრო ერთოთახიანი ბინა. შუამავალმა მითხრა, - გაგიმართლა, ამ ბინის პატრონი წარმოშობით ქართველიაო. შევხვდი ბინის პატრონს. იგი ნათელას და, ქეთევანი იყო. სიხარულით ცას ეწია, როცა გაიგო, ქართველი ვიყავი. ცოტა ხანში თავისი დაც გამაცნო, ნათელა, რომელიც მუსიკოსია და არაჩვეულებრივად მღერის. დები დავრიშაშვილები ნოე ჟორდანიას მთავრობის წევრის, ნოე ხომერიკის შვილთაშვილები არიან (დედის მხრიდან). მათი ბაბუა, ვიქტორ ხომერიკი ქართულ ემიგრაციაზე იყო გადაგებული. ყველა მის შთამომავალს ქართული სახელი ჰქვია. ნათელას ერთი შვილი ჰყავს - 8 წლის გელა, ქეთევანს კი სამი: დალი, თემო და ლუკა.

ნათელა დავრიშაშვილი: - ჩვენი გვარი საფრანგეთში დავრიშევად გადაკეთდა. როცა წარმომავლობაზე მეკითხებიან, ყველას დაწვრილებით ვუხსნი, საიდან ვართ. ძალიან ვბრაზდები, როცა რუსი ვგონივარ ვინმეს.

ბაბუაჩემის მამას, ნოე ხომერიკს არ მოვსწრებივარ, მაგრამ ბაბუა ვიქტორს ბევრი რამ აქვს მასზე მოთხრობილი. გასაბჭოების წლებზე, რუსების შემოსვლასა და ქართველების ემიგრაციაზე მოგვითხრობდა. ვიცი, რომ ნოე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი იყო, სოფლის მეურნეობის მინისტრი. როცა წითელი არმია საქართველოში შემოვიდა, იძულებული შეიქნა, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, საფრანგეთში წასულიყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ უცხო ქვეყანაში ვერ გაძლებდა და სამშობლოში დაბრუნდა იმ იმედით, რომ მალე საქართველო კვლავ თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნებოდა, მაგრამ დაიჭირეს და დახვრიტეს.

მისი ვაჟი, ვიქტორი, მაშინ ძალიან პატარა იყო. ლევილში იზრდებოდა და მასაც, სხვა ემიგრანტების შვილების დარად, სულ საქართველოზე ლაპარაკი ესმოდა. 19 წლისას ერთი ნახვით შეუყვარდა ულამაზესი ფრანგი გოგონა კოლეტი, რომელიც მაშინ 15 წლის იყო. ოთხი წლის მერე შეუღლდნენ. შეეძინათ სამი ქალიშვილი: ანიკო (დედაჩემი), ნინა და ნელი. ბებია კოლეტი ძალიან მიყვარდა. ქართულიც კი ისწავლა, ქართული ტრადიციები ისე შეისისხლხორცა, ლამის ბაბუას ჯობნიდა.

განსაკუთრებით გვიყვარდა შვილიშვილებს მისი გაკეთებული ამოზელილი ლობიო. ბაბუა ვიქტორი მექალთანე გახლდათ. ამის გამო ხშირად მოსდიოდათ კამათი, ბოლოს, გაიყარნენ, მაგრამ ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. აგარაკი გვქონდა პარიზთან ახლოს, შატლეში. იქ ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი ემიგრანტები და ბებოს ძალიან სიამოვნებდა მათი მასპინძლობა. ქართველებს მოჰქონდათ გიტარა, დუდუკი, გარმონი, დოლი და მღეროდნენ შორს დარჩენილ სამშობლოზე. ლევილში და შატლეში გატარებული ყოველი წუთი საქართველოთი იყო სავსე. ჩემს მეხსიერებას დღემდე ტკბილად შემორჩა იმდროინდელი მოგონებები. მახსოვს, ქართველები მხიარულობდნენ, მაგრამ ყველას თვალებში დიდი სევდა ედგა. ლევილში ძაღლი ჰყავდათ, რომელსაც ნისლა ერქვა...

ბაბუა ვიქტორი მკაცრი კაცი იყო. შვილიშვილებს გვიშლიდა სადმე წასვლას. ბებია კოლეტი კი მუდამ ჩვენს მხარეზე იყო და გვიცავდა, ბაბუას ეუბნებოდა ხოლმე, - არ გახსოვს, 15 წლის გოგოს თვალი რომ დამადგი და გასაქანი არ მომეცი. ერთმანეთი რომ გვიყვარდა, რით იყო ეს ცუდიო. როცა სკოლაში შევედი, იმდენად განსხვავებული გარეგნობა მქონდა, რომ ბავშვები ცერად მიყურებდნენ, სრულიად უცხოდ ვგრძნობდი თავს. ჩემი გვარის წარმოთქმა უჭირდათ, ამიტომ ყველა ნათელას მეძახდა. როცა წამოვიზარდე, მერე უკვე მეამაყებოდა, რომ ასეთი ლამაზი სახელი მერქვა. ფრანგი მეუღლე მყავდა. რამდენიმე წელია, რაც გავშორდი. ჩემი გელა მეხვეწება, მეც დავრიშაშვილზე დამწერე, ქართველი მინდა ვიყოო...

მამაჩემის (გიორგის) მამას დათო ერქვა. იგი ცნობილი ავიატორისა და მფრინავის იოსებ დავრიშაშვილის ვაჟი გახლდათ. იოსები კი გორელი იყო, სტალინის ბავშვობის მეგობარი.  ბავშვობაში სულ ერთად იყვნენ, მაგრამ მერე მათი გზები გაიყო. იოსები მფრინავი გახდა, სტალინი კი საბჭოთა ქვეყნის სათავეში მოექცა. იოსები ერთხანს დაპატიმრებულიც იყო. მერე მიხვდა, რომ კარგი არაფერი ელოდა ბავშვობის მეგობრისგან და საფრანგეთს შეაფარა თავი.

იქ მოგონებების წიგნი გამოუშვა.  "რა კარგად ვერთობოდი ჩემს ძმასა და მეგობარ სტალინთან ერთად ბავშვობაში"... ძალიან მინდა ქართულად ვათარგმნინო ჩემი დიდი ბაბუის მოგონებები. იმედი მაქვს, სალომე დამეხმარება. მისი მადლიერი ვარ, რომ ისტორიულ სამშობლოში ჩამოვედი და ჩემი ხალხი უფრო ახლოს გავიცანი. ხომ პირველად ვარ საქართველოში, ასე მგონია, აქ დავიბადე, გავიზარდე და წუთითაც არ მოვშორებივარ ჩემს ქვეყანას...

მუსიკოსი გახლავართ. ბაბუა მეუბნებოდა, მთელი საქართველო მღერის და განა ყველა მომღერალიაო?! სიმღერის ცოდნა სისხლით მოგდგამს, თორემ იმას კი არ ნიშნავს, რომ პროფესიად გაიხადოო. მე კი არჩეული გზიდან აღარ გადავუხვიე. დღეს პატარა ჯგუფი მყავს. მათგან საქართველოში მხოლოდ გიტარისტი ფაბიენ მოღნიე ჩამომყვა. ფაბიენი 26 წლისაა, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსია.

მას ფანდურზე დაკვრა ვასწავლე. აღფრთოვანებულია ამ საკრავითა და ქართული პოლიფონიით. ისე მოსწონს საქართველო, აქედან წასვლა აღარ უნდა. გადავწყვიტე ფრანგულ-ქართული სიმღერების შერწყმა. ამ ორი ქვეყნის მუსიკალური მოტივებიდან ამოვკრიბე საუკეთესო მარცვლები და მათგან სინთეზი გავაკეთე. ეს ახალი სიტყვაა მუსიკაში და ვნახოთ, რა გამოგვივა. ნიაზ დიასამიძის მადლობელი ვარ, რომ საშუალება მომცა ჩემი ქართველების წინაშე მემღერა. ქართველების ტაში და შეძახილები რომ გავიგონე, მინდოდა მეყვირა, - "ქართველებო, მეც ქართველი ვარ და ყველანი უსაზღვროდ მიყვარხართ!"