"ბაბუას დროიდან ველით საქართველოს გათავისუფლებას რუსეთისგან" - კვირის პალიტრა

"ბაბუას დროიდან ველით საქართველოს გათავისუფლებას რუსეთისგან"

გთავაზობთ ინტერვიუს "კვირის პალიტრის" არქივიდან, რომელიც 2018 წელს ჩაიწერა

საქართველოში მეხუთედ რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ამ პატარა ქვეყანას ბავშვობიდანვე აყვარებდა ჯერ ბაბუა-ბებია, მერე - მშობლები. სანამ საქართველოს პირველად ესტუმრებოდა, სიზმრად ნახულობდა. მერე ის დღეც დადგა - ფესვებთან დაბრუნების... თბილისში 12 წლის ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა, იყო ბევრი ცრემლი, ემოციები, რომლებიც მთელი ცხოვრება წლებს მიჰყვება... 86 წლის ნათელა ნიკოლაძე საფრანგეთში ემიგრირებული ექიმის, ვახტანგ ღამბაშიძის შვილიშვილია. ვახტანგ ღამბაშიძე აკაკი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის უახლოესი მეგობარი იყო. მის სახელს უკავშირდება ცემში ბავშვთა სანატორიუმის დაარსება. გარდა ამისა, ექიმი ღამბაშიძე ქართული ემიგრაციის მემატიანეც იყო. რამდენიმე თვის წინ ნათელა ნიკოლაძემ საქართველოს ეროვნულ არქივსა და სამედიცინო ინსტიტუტს უნიკალური ფოტოალბომი და სახელგანთქმული ბაბუის პირადი ნივთები გადასცა. პირველად ქართულ მედიაში, ექსკლუზიურად "კვირის პალიტრას", ნათელა ნიკოლაძე ოჯახზე, ბაბუის თანამებრძოლებსა და თანამოაზრეებზე ესაუბრება...

"მინდოდა მენახა ის ზღაპრული ქვეყანა"

"ჩვენს ოჯახში უამრავი მნიშვნელოვანი და ისტორიული მასალა ინახებოდა, მათ შორის ბაბუაჩემის წიგნები, დედაჩემის დღიურები, ჩემი იუნკერი მამის ნაშრომები და ა.შ. ეს მასალები ახლა ჩვენს ქვეყანაშია. რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში ყოველთვის მესმოდა სიტყვა "საქართველო". მშობლებსა და ბებია-ბაბუას მიაჩნდათ, რომ საქართველოსთანა ქვეყანა არსად იყო. სკოლაში რომ მივედით, მე და ჩემს ძმას გვკითხეს, ნათელა და რევაზ ნიკოლაძეებო, საიდან ხართო? ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუპასუხეთ, საქართველოდან-მეთქი. თავს ქართველად მივიჩნევდი და არა ფრანგად. ყოველთვის მინდოდა მენახა ის ზღაპრული ქვეყანა, რომელსაც მონაყოლით ვიცნობდი... საქართველო იმაზე ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე გადმოცემით ვიცოდი. ჯაყელებთან ვიყავით სტუმრად. შემოვიარეთ თბილისი. ჩემი ქალიშვილი მაშინ 12 წლის იყო და როცა საფრანგეთში ვბრუნდებოდით, ტიროდა, ხომ შეიძლება აქ დავრჩეთო. 1986 წელს საქართველოში ძმასთან ერთად ჩამოვედი. მთელი საქართველო მოგვატარეს ჩვენმა მასპინძელმა ჯაყელებმა... მესამედ 1994 წელს, მეოთხედ კი წელს, თებერვალში ჩამოვედი და სწორედ მაშინ ჩამოვიტანე ბაბუას მასალები".

1921 წლიდან ყველაფერი შეიცვალა...

ვახტანგ ღამბაშიძე დაიბადა ზესტაფონში, 1872 წელს. ჯერ ქუთაისის, შემდეგ თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა, მერე მოსკოვში გაემგზავრა, სადაც სამედიცინო განათლება მიიღო. ცოტა ხანში სწავლა პარიზში გააგრძელა... სწორედ პარიზში, ლუქსემბურგის ბაღში გაიცნო მომავალი მეუღლე, ამერიკელი ვანდა პოპე. მალე დაქორწინდნენ და ოთხი შვილი შეეძინათ...

ნათელა ნიკოლაძე: "დაქორწინებამდე ვახტანგს უთქვამს ბებიასთვის, თუ ჩემი ცოლი გახდები, იცოდე, საქართველოში ვაპირებ დაბრუნებასო. 1918 წელს, როცა ჩამოვიდნენ, ბებიამ უკვე კარგად იცოდა ქართული ენა, მერე ივანე ჯავახიშვილის თხოვნით, ახალგახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ინგლისურს ასწავლიდა... პატარა ცემის სანატორიუმი, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებული მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, ბაბუამ ააშენა. მხარდაჭერა გამოუცხადეს ცნობილმა ადამიანებმა, მათ შორის აკაკი წერეთელმა. "სულიკო" აკაკიმ პატარა ცემში დაწერა...

1921 წლიდან ყველაფერი შეიცვალა... ჯერ კონსტანტინოპოლში მეუღლესთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობდა, ეხმარებოდა ქართველ ლტოლვილებს, 1924 წლიდან კი პარიზში გაემგზავრნენ..."

"ჩემი ბებია-ბაბუისა და მშობლების ოცნება ნატვრად დარჩა"

სანამ საქართველო პირველ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდებოდა, მანამდე ბევრი ქართველი ქმნიდა ისტორიას. როცა საქართველო გაწითლდა, სახელმწიფოს შემქმნელები იძულებული გახდნენ, სამშობლო დაეტოვებინათ. ბათუმიდან პატრიოტების გემი სტამბოლში გავიდა, იქიდან კი უმრავლესობა საფრანგეთში აღმოჩნდა. ზოგი ისე გარდაიცვალა, ქართულ მიწაზე გავლა აღარ ღირსებია. ასეთი ბედი გაიზიარეს ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, ვახტანგ ღამბაშიძემ და სხვებმა. ნათელა ნიკოლაძე: "ჩემი ბებია-ბაბუისა და მშობლების ოცნება ნატვრად დარჩა, ისინი ვეღარ დაბრუნდნენ სამშობლოში. ვახტანგ ღამბაშიძე გარდაიცვალა 1951 წლის 10 აგვისტოს შოტლანდიაში, სადაც სტუმრად იყო ჩასული თავის ქალიშვილ ჟორჟეტასთან. იგი ჟორჟეტასა და მისი მეუღლის, ნილ სტიუარტის მამულში დაკრძალეს. როცა საქართველო საბჭოთა ტირანებმა დაიპყრეს, მამა ამბობდა, მაინც უნდა წავიდე, თუ დამხვრიტეს, ქართულ მიწაზე მაინც დავასრულებ სიცოცხლესო. არ გამოვუშვით, რადგან ვიცოდით, რომ საქართველოში დაბრუნება მისი დახვრეტით ან გადასახლებით დასრულდებოდა. დედაჩემი მედეაც საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. ორივე საფრანგეთშია დაკრძალული.

20 წლის ვიყავი, როცა ბაბუაჩემი ვახტანგი გარდაიცვალა. რამდენიმე ათეული წელი ქართულ სათვისტომოს ხელმძღვანელობდა. თითქმის სიცოცხლის ბოლომდე იღებდა პაციენტებს, როგორც ქართველებს, ისე უცხოელებს, ყველას უანგაროდ ემსახურებოდა. ნათლად მახსოვს, ინგლისში, დეიდაჩემთან, ჟორჟეტასთან მივდიოდით. ბაბუა მატარებელში საბეჭდ მანქანაზე თავის მოგონებებს წერდა, თან მგზავრებს საქართველოს შესახებ უყვებოდა. ასე აცნობდა ყველას ჩვენს ქვეყანას... ბაბუას საბეჭდი მანქანა სამედიცინო უნივერსიტეტს გადავეცი".

შეჩერებული კადრები

ვახტანგი ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი, მეგობარი და მისი დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი იყო. მისი წერილები და მოგონებები ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე ქართულ ემიგრანტულ პრესაში "ბედი ქართლისა", "კავკასიონი", და "მერანი" იბეჭდებოდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ინიციატივით ქართველი სამხედრო ტყვეებისა და ემიგრაციის დასაცავად ორგანიზაცია ქართული ეროვნული კომიტეტი შეიქმნა საფრანგეთში", რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. ვახტანგ ღამბაშიძემ დააარსა ქართული ბიბლიოთეკა და ქართული სასწავლებელი "კერა", სადაც ემიგრანტთა ბავშვები კვირაში ორჯერ დადიოდნენ და სწავლობდნენ ქართულ წერა-კითხვას, ცეკვას, სიმღერასა და ისტორიას. ვახტანგ ღამბაშიძე გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მისი ფოტოების უმრავლესობა მე-20 საუკუნის დასაწყისშია გადაღებული. მანვე გადაიღო 1918 წელს ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში იმერეთის მეფე სოლომონ II-ის საფლავთან შეკრებილი საზოგადოება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თურქეთში წარგზავნილი დელეგაციის წევრები ნიკო ნიკოლაძე და ივანე ჯავახიშვილი, სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირები, ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი და ენვერ-ფაშა, ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლის, ნინა პოლტორაცკაიას დაკრძალვა საფრანგეთში.

ნათელა ნიკოლაძე: "ფოტოგრაფიით გატაცებული იყო დეიდაჩემი, ვახტანგ ღამბაშიძის უმცროსი ქალიშვილი ჟორჟეტაც, რომელიც პარიზში ცოლად გაჰყვა ნიკო ნიკოლაძის ვაჟს, გიორგი ნიკოლაძეს. დედაჩემიც და დეიდაჩემიც ორივე ნიკოლაძეებს გაჰყვნენ ცოლად. ჟორჟეტა და გიორგი საქართველოში დაბრუნდნენ. მაშინ მიმოწერა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, ისინი საფრანგეთშAი ხშირად გზავნიდნენ წერილებსა და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს. გიორგის უდროო გარდაცვალების შემდეგ, ჟორჟეტა პარიზში დაბრუნდა და ცოლად გაჰყვა შოტლანდიელ ნილ სტიუარტს".

"საფრანგეთში პატარა საქართველოს ვქმნი"

ნათელა ნიკოლაძე: "ჩემი მეუღლე ნახევრად ესტონელი და ნახევრად ფრანგი იყო. ერთი ქალიშვილი მყავს სოფიო, ორი არაჩვეულებრივი შვილიშვილის ბებია ვარ. ხშირად მახარებენ სოფიკო და მისი შვილები. მეგობრებისთვის ჩაქაფულს, ბაჟეს, ხაჭაპურს, მწვადს და ფხალეულს ვამზადებ და ვმასპინძლობ მათ. კინოსა და თეატრში დავდივარ, გამოფენებზეც. კვირაში ერთხელ ბანქოს ვთამაშობთ. აქ პატარა რესტორანი "თამადა" გახსნეს ქართველებმა. იქ ხშირად მივდივარ, მაგრამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას მაინც ვერ ვხვდები... ხშირად მივდივარ ლუქსემბურგის ბაღში - იქ გაიცნეს ერთმანეთი ბებიამ და ბაბუამ, დედამ და მამამ, მე და ჩემმა მეუღლემაც.

ხეზე კვეთა და თიხაზე მუშაობა დავიწყე. ყველაფერს ქართულ მოტივებზე ვქმნი. საფრანგეთში პატარა საქართველოს ვიქმნი." სამშობლოში, ალბათ, შემოდგომაზე ჩამოვალ, თუ ცოცხალი ვიქნები... სამწუხაროა, რომ საქართველოში ახალგაზრდებისთვის სამუშაო არ არის, მიდიან ქვეყნიდან და აღარ ბრუნდებიან. ცუდია, რომ პენსიონერებსაც დაბალი შემოსავალი აქვთ. პუტინი მეჯავრება, ევროპა არაფერს აკეთებს, ტრამპი არცთუ ისე კარგია. ვნახოთ, რა იქნება!

ბაბუას დროიდან ველით საქართველოს გათავისუფლებას რუსეთისგან".

ვახტანგ ღამბაშიძის გადაღებული უნიკალური ფოტოები, სადაც ასახულია ქაქუცას საფრანგეთში დაკრძალვის კადრები

1930 წლის 27 ივნისს საფრანგეთში, პრაზ-კუტანის სანატორიუმში გარდაიცვალა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. მისი ცხედარი პარიზში გადმოასვენეს და ჯერ სენტ-უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს. შეფიცული ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებებში ვკითხულობთ: "კიდევ კარგი, აუსრულდა უკანასკნელი ნატვრა და ვახტანგმა (ვახტანგ ღამბაშიძე) ცოცხალს ჩამოუსწრო, რადგან სულ ორი დღე გავიდა მისი ჩამოსვლიდან და ქაქუცა გარდაიცვალა... დიდად დამეხმარა განსვენებული ვახტანგი. ყველაფერი მოვაწესრიგეთ; ქაქუცა ჩვენს თვალწინ ჩავასვენეთ თუთიის კუბოში და ოტსაუადან პარიზში გადავასვენეთ... ქაქუცა ბერძნების ეკლესიაში დავასვენეთ". დაკრძალვის ეს უნიკალური ფოტოები ქალბატონ ნათელა ნიკოლაძის პირადი არქივიდანაა.

თორნიკე ყაჯრიშვილი