მეტროს "მილიონერი" გამტარებლები
11-06-2018
მეტროს "მილიონერი" გამტარებლები
გამტარებლები სოციალურად დაუცველთა ბარათებსაც იყენებდნენ, მგზავრს 10 ან 20-თეთრიანი ტარიფით გაატარებდნენ, ხელზე კი 50 თეთრს ართმევდნენ

ამას წინათ ახლობელი სახლიდან გასვლის წინ გავაფრთხილე - მეტრომანი არ დაგრჩეს, თორემ სამგზავროდ ახლის ყიდვა მოგიწევს-მეთქი. თუნდაც დამრჩეს, იქ ხომ დგანან"გამტარებლები, მგზავრობის საფასურს გადაუხდი და თავიანთი ბარათ­ებით გაგატარებენო, მითხრა. ასე შევიტყვე, რომ თურმე მეტროსადგურების შესასვლელებთან მოქალაქეები დგანან სამგზავრო ბარათების დასტებით და მგზავრებს მგზავრობის საფასურის ხელზე გადახდის სანაცვლოდ საკუთარი ბარათებით ატარებენ."ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი
მათ საქმი­ანობას კარგად ორგანიზებულ ჩრდილოვან ბიზნესს უწოდებს.

- ე.წ. გამტარებლები კარგა ხანია დგანან მეტროსადგურების შესასვლელებში. მგზავრი მათ 50 თეთრს უხდის, იმავე თანხას, რაც საკუთარი ბარათით უნდა გადაეხადა.

- მაშ, რატომ სარგებლობს გამტარებლის­ მომსახურებით?
- ამით რამდენიმე კატეგორიის მგზავრი სარ­გებლობს:
1. ვისაც არა აქვს ბარათი, რომლის
აღებისთვისაც 2 ლარია საჭირო და ამის შემდეგ თანხაც უნდა დარიცხო მასზე­ (სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ როდესაც ბარათი აღარ დასჭირდება, შეუძლია დააბრუნოს და მასში გადახდილი 2 ლარი უკან დაუბრუნდება);
2. მგზავრებს, რომელთაც ბარათი აქვთ, მაგრამ ბალანსი ამოეწურათ და ეზარებათ (ან ეჩქარებათ) სალაროს ან ბანკომატის რიგში დგომა თანხის დასარიცხად, ურჩ­ევნიათ, იოლი გზით ისარგებლონ.
3. გულჩვილი მგზავრების კატეგორია, რომელთაც ებრალებათ მთელი დღე მეტროსადგურში მოტრიალე გამტარებლები - ორ კაპიკს ძლივს აკეთებენ და მოდი, დავეხმარებიო.

- არავინ უკრძალავს მათ ამ საქმიანობას?
- რამდენჯერმე სცადეს მეტროს შესასვლელებიდან მათი გაყვანა, მაგრამ ისევ ბრუნდებიან. მათ იქ დგომას ვერ აუკრძ­ალავ, მხოლოდ ახლახან მიიღეს კანონი­, რომლის მიხედვითაც აკრძალულია სხვისი­ სოციალური ბარათით სარგებლობა, რასაც აქამდე აქტიურად იყენებდნენ. სქემა კი ასეთი იყო: როგორც იცით, როცა მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურს გადაიხდი, შემდეგი­ 90 წუთის განმავლობაში უფასოდ მგზავრობ. გამტარებლები ამით სარგებლობდნენ - ერთი ბარათით ერთ მგზავრს რომ გაატარებდნენ 50 თეთრად, მერე 90 წუთის­ განმავლობაში უფასოდ ატარებდნენ­ სხვა მგზავრებს და თითოეულისგან 50 თეთრს იღებდნენ. მერე მეტროპოლიტენმა სქემა­ შეცვალა - პირველი მგზავრობის შემდგომ საათ-ნახევრის განმავლობაში ისევ უფასოდ იმგზავრებდი მუნიციპალური ტრანსპორტით, მაგრამ ერთსა და იმავე მეტროსადგურზე ორჯერ გავლის შემთხვევაში ორჯ­ერვე ჩამოგეჭრებოდა 50 თეთრი. ამ ცვლილების შემდეგ გამტარებლებმა ბარათების დასტის ერთ სადგურში გამოყენების შემდეგ სასწრაფოდ მეზობელ სადგურში გადასვლა დაიწყეს, ადგილს უცვლიდნენ "კოლეგებს". გამტარებლები"სოციალურად დაუცველთა ბარათებსაც იყენებდნენ, მგზავრს 10 ან 20-თეთრიანი ტარიფით გაატარებდნენ, ხელზე კი 50 თეთრს ართმევდნენ. მათი ბარათების დასტაში ნახავდით პენსიონერების, შშმ პირებისა და სხვათა სამგ­ზავრო ბარათებს (სულ14 კატეგორიაა, რომელთაც სხვადასხვა შეღავათი ეკუთვნით და სპეციალური ბარათებით სარგებლობენ). გამტარებლები ასეთ ბარათებს რეალური მფლობელისგან ყიდულობდნენ - ზოგი მწოლიარეა, ზოგი ტრანსპორტით არ დადის და ა.შ. ახლა ამგვარი ქმედება უკანონოდ ითვლება. თუ აღმოაჩინეს, რომ მგზავრი სხვის სახელზე გაცემული ბარათით მგზავრობს, დაჯარიმდება.

- საეჭვოა, გამტარებლებს დიდი მოგება­ რჩებოდეს...
- 2017 წელს 114 მილიონი მგზავრი­ გადაიყვანა მეტრომ, 2016-ში - 105 მილ­იონი. უხეში გათვლით, წელიწადში­ 1 მილიონი მგზავრის 1% მაინც რომ სარგებლობდეს"გამტარებლების მომსახურებით, გამოდის, ნახევარი მილიონი ლარი არა მეტროპოლიტენის, არამედ გამტარებლების ჯიბეში ხვდება. მეტრო ხომ მოგებაზე ისედაც არ მუშაობს, სახელმწიფო სუფსიდიაზეა დამოკიდებული, საკუთარ თავს ვერ ინახავს, თითო მგზავრის გადაყვანა 55 თეთრი უჯდება. ჩვენ კი ამ ე.წ. გამტარებელს ვუხდით 50 თეთრს და რა ხდება - მეტრო მგზავრის გადასაყვანად ხარჯავს ელექტროენერგიას, რემონტს საჭიროებს, ამას დაუმატეთ პერსონალის ხარჯები... ანუ მგზავრობის საფასურს კერძო პირი იღებს და მგზავრს მეტრო ემსახურება. ჩვენი შეფასებით, მგზავრთა დაახლოებით 4-5% სარგებლობს გამტარებელთა" მომსახურებით და ისინი წელიწადში 2 მილიონზე მეტი ლარით აზარალებენ მეტროპოლიტენს. ამ თანხით კი თავისუფლად შეიძლება ერთი ან ორი სადგურის ხარისხიანად გარემონტება.
გარდა ამისა, მეტროს გაჩერება არ შე­იძლება. თუ დანაკარგი ნახა, ზარალი ქალაქის­ ბიუჯეტიდან გაზრდილი სუბსიდიის სახით ანაზღაურდება. ამისთვის საკრებუ­ლომ უნდა გამოყოს ბიუჯეტი და რას მოაკლდება­ ეს მილიონი? - მუნიციპალურ სერვისებს, საბავშვო ბაღებს, გზების დაგებას და ა.შ. გამოდის, როდესაც გამტარებელს ვუხდით თანხას,"ისევ ჩვენი ქალაქის ბიუჯეტს ვაკლებთ. ბიუჯეტი კი რა თანხებისგან შედგება? - ჩვენი გადახდილი გად­ასახადებისგან. ახლა მითხარით, თუ გამტარებელს გადავუხადე 50 თეთრი, შემდეგ კი მისი მომსახურების შედეგად მეტრომ იზარალა და ზარალი ბიუჯეტიდან აინაზღაურა, რა გამოდის, რომ მე მგზავრობის საფასურს ორჯერ ვიხდი - ერთხელ პირდაპირ და მეორედ ირიბად?!

- თქვენ გამტარებლების საქმიანობას ჩრდილოვანი ბიზნესი უწოდეთ.
- დიახ, ყველას თავისი ადგილი და რიგი აქვს - მგზავრების გატარებისას მათ შორის არასდროს არის კონფლიქტი, მიუხე­დავად იმისა, რომ თითო სადგურზე­ ზოგჯერ 8 გამტარებელი დგას. შეთანხმებ­ულად მოქმედებენ, სადგურიდან სადგურზე ცვლიან ადგილებს, ან ბარათებს. მათი საქმიანობა სხვა რა არის, თუ არა ჩრდილოვანი ეკონომიკა? შემოსავალი, რომელიც არსად აღირიცხება, სახელმწიფო კი ზარალობს.

- რაში ხედავთ გამოსავალს?
- მგზავრებს ვეტყვი - მხოლოდ აგებთ და არაფერს იგებთ იმით, რომ გამტარებლების მომსახურებით სარგებლობთ. სახელმწიფო დაინტერესებულია ამ პრობლემის მოგვარებით. შშმ პირებისა და სხვა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი ბარათების გამოყენებისთვის გამტარებლებს ჯარიმა დაუწესდათ, რაც ვფიქრობ, სიტუაციას შეცვლის. თუ"ისინი მხოლოდ თავიანთი ბარათების საათნახევრიანი "შეღავათით" გაატარებენ მგზავრებს, შემოსავალი იმდენად შეუმცირდებათ, რომ თვითონვე დაკარგავენ მეტროში დგომის ინტერესს. ეს ბიზნესი მათთვის მომგებიანი აღარ იქნება.
ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით