ლიკანში რომანოვის ბუნებრივ მაცივარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
11-06-2018
ლიკანში რომანოვის ბუნებრივ მაცივარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
"მიწაში 80 კვმ ბაზალტისქვიანი დარბაზია გაჭრილი, იქ დიდხანს ვერავინ გაჩერდება, იმიტომ რომ მუდმივად +14 გრადუსი ტემპერატურაა... ეს სამაცივრე ისეთი სიზუსტით არის აგებული, რომ შეუძლებელია ტემპერატურის მომატება - შიდა კედლები ადგილობრივი ბაზალტის ქვით არის მოპირკეთებული. ძალიან ეფექტურია მაცივრის შიდა თაღი, რომელიც ასევე აქაური აგურით არის გაკეთებული"

ადამიანი ოდითგან ფიქრობდა, როგორ­ დაეცვა მზის სიმხურვალისგან საკვები. ამისთვის ხან ორმოებს თხრიდა, ხანაც­ წყაროს ცივ წყალს იყენებდა. შემდეგ უკვე მიწაში სამაცივრო მიწურების გამოთხრა და მათი
ქვით ამოშენება დაიწყეს. მიწასთან ერთად, ამ მაცივრებში სითბოს სქლად ამოშენებული ქვის კედლებიც არ უშვებდა. მეფეების ყინულთმტვირთველები ამ მაცივრებში ყინულს იმარაგებდნენ. როგორ? - სულ ადვილად: ყინულზე ფენა-ფენა ყრიდნენ ნახერხს, რომელიც ყინულს მთელი ზაფხული ინახავდა. სხვათა შორის, ჩვენს სამეფო კარზე ასეთი მაცივრის არსებობა ჯერ კიდევ გიორგი ბრწყინვალეს
დროიდან დასტურდება. მაცივრები თბილისში მეფე ერეკლესაც ჰქონდა, თუმცა, მოკრძალებული; სამაგიეროდ, რუსეთის იმპერატორის შვილიშვილს, ნიკოლოზ რომანოვს ჰქონია ლიკანში ბუნებრივი მაცივარი, რომლის შესახებ თითქმის არავინ იცოდა, დღეს კი მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. რეზიდენციიდან რომანოვების გაძევების შემდეგ ბოლშევიკებმა რომანოვ­ების ნაშთებს მიწა მიაყარეს და ნიკოლოზის­ სასახლის გვერდით სამთავრობო სანატორიუმი, "მეოთხე სამმართველო" გამართეს. ბორჯომელ გოგი მიქელაძეს ეს სანატორიუმიც ახსოვს და რომანოვების მაცივარშიც ჩაუხედავს.

- ლიკანი ზღაპრული სააგარაკო ადგი­ლია. მისი მნიშვნელობა ბოლშევიკებმაც კარგად შეაფასეს. ლიკანში სტალინიც ისვენებდა,­ მაგრამ არა სანატორიუმში, არამედ რომანოვის სასახლეში. ოთახში, სადაც მუშაობდა, სტალინმა ორი ლურსმანი მიაჭედა, რომლებიც დღესაც არის ერთი ქუდის და მეორე კიტელის დასაკიდებლად.

- მართლაც როგორ სძულებია რომან­ოვები, რომ ამ ბრწყინვალე არქიტექტურაში­ ლურსმანი ჩააჭედა. ცხადია, რომანოვების ბუნებრივ მაცივარს ზედაც არ შეხედავდა...
- ამ მაცივრით არც სხვა კომუნისტი დიდჩინოსნები დაინტერესებულან. მხოლოდ ლიკანელი ბიჭები თუ ჩაიჭყიტებოდნენ მაცივრის სახურავის სარკმელში. მე ამ მაცივარში მაშინ შევედი, როცა კომუნისტური ხელისუფლება დაინგრა. მართლაც მშვენიერი ნაგებობა აღმო­ჩნდა - მიწაში ამოჭრილი 80 კვმ ბაზალტისქვიანი დარბაზი, რომელსაც სახურავზეც მიწა აყრია. მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავჩერდი - მუდმივად +14 გრადუსი ტემპერატურაა. აქვე ახლოს ნიკოლოზის მოსამსახურეთა მაცივარიც არის, ოღონდ - ძალიან პატარა. გამიხარდება, თუ მასაც აღადგენენ. ლიკანის მაცივარი არქიტექტორმა ზაზა იაშვილმა აღადგინა.
- ეს სამაცივრე ისეთი სიზუსტით არის აგებული, რომ შეუძლებელია ტემპერატურის მომატება - შიდა კედლები ადგილ­ობრივი ბაზალტის ქვით არის მოპირკეთებული. ძალიან ეფექტურია მაცივრის შიდა თაღი, რომელიც ასევე აქაური აგურით არის გაკეთებული.

- საინტერესოა, +14 გრადუსზე ხორცს რამდენი დღე ინახავდნენ? თანამედროვე მაცივრებში ამ ტემპერატურაზე ის 1-2 დღეც არ ინახება...
- თანამედროვე მაცივრების ტექნოლოგია სხვაა - ტემპერატურა კარის გაღებისასაც კი იცვლება, რომანოვების მაცივარში კი ტემპერატურა მუდამ ერთი და იგივეა. მით უფრო, მაცივარში ყუნულს მუდმივად ყრიდნენ და ტემპერატურა უფრო ეცემოდა. ძვირად ღირებულ პროდუქტს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე გაყინვა არ სჭირდება, გემოს კარგავს. Aასე რომ, რომანოვებმა მშვენივრად იცოდნენ, რა სჭირდებოდათ, ჩვენთვის კი მთავარი ის არის, რომ ღირებული ძეგლი დაგვიტოვეს, სადაც, ალბათ, ქართული ღვინის სადეგუსტაციო დარბაზი გაკეთდება და ეს ქართული მეღვინეობის განვითარებას დაეხმარება.
ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით