ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს მსოფლიო ვარსკვლავები ირგებენ - კვირის პალიტრა

ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს მსოფლიო ვარსკვლავები ირგებენ

ცოტა ხნის წინ ცნობილმა მომღერალმა ლედი გაგამ თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ფოტო ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას წითელი ჩექმით, რამდენიმე დღის წინ კი ინტერნეტში ახალი ფოტოები გავრცელდა, სადაც მას ასევე თამუნა ინგოროყვას კოლექციის ლურჯი კაბა აცვია. ქართველი დიზაინერის შესახებ რამდენიმე უცხოური გამოცემაც წერს...

"ეს უკვე ჩემი მეორე კაბაა ლედი გაგას გარდერობში"

თამუნა ინგოროყვა, დიზაინერი: - როგორც ვიცი, ლედი გაგას წარმომადგენლობა უკვე დიდი ხანია, ადევნებს თვალს ჩემს კოლექციებს. უკვე მეორედ დამიკავშირდნენ. ვუგზავნით ტანსაცმელს და მერე იქიდან ირჩევენ, რა ჩაიცვას. ეს უკვე ჩემი მეორე კაბაა ლედი გაგას გარდერობში. ლურჯი ტყავის კაბა უახლესი კოლექციიდანაა. ვიქტორია სეკრეტის მოდელის, დაუთცენ კრუსის წარმომადგენელიც რამდენჯერმე დაგვიკავშირდა. ტოპმოდელ ჯიჯი ჰადიდსაც აქვს ჩემი თეთრი შარვალი და პიჯაკი, ცოტა ხნის წინ კი წვეულებაზე გამოჩნდა შავი ლაბადით, რომელიც ასევე ჩემი კოლექციიდანაა.

"მთავარია ინსპირაციის წყარო"

მინანქრისა და ვერცხლის სამკაულებში ფერთა საოცარი შეხამება, გაცოცხლებული ისტორია - ეს სოფო გონგლიაშვილის ნაკეთობებია, რომლებიც გულგრილს არავის ტოვებს. 2017 წლის ჟურნალ "გლამურის" გარეკანზე ამერიკელი მომღერალი ალიშა კეისი სოფოს მინიმალისტური ბეჭდით გამოჩნდა - ქართველ ხელოვანს გადაღებამდე რამდენიმე დღით ადრე დაუკავშირდნენ და მან ვერ მოასწრო სამკაულის გაგზავნა, ამიტომ ქართველი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე, რომელიც იმ დროს ამერიკაში იყო, ჟურნალის რედაქციაში მივიდა და სოფოს ნაჩუქარი ბეჭედი ალიშას ათხოვა...

რამდენიმე დღის წინ მედიაში ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწის, 1997-2001 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის ფოტო გავრცელდა, სადაც მას სოფო გონგლიაშვილის გულსაბნევი უკეთია. ცნობილია, რომ ოლბრაიტს გულსაბნევები უყვარს და თითქმის არასდროს ჩნდება ამ აქსესუარის გარეშე, თუმცა, როგორ მოხვდა სოფოს გულსაბნევი ოლბრაიტის გარდერობში, ხელოვანმაც არ იცის ზუსტად. სოფო გონგლიაშვილი: - როგორც ვიცი, ჩვენმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჩუქა, მაგრამ ზუსტად თქმა არ შემიძლია, ეს ერთ-ერთი ვერსიაა. მადლენ ოლბრაიტის გულსაბნევი ძველი კოლექციიდან არის, მაშინ გურჯი ხათუნის თემაზე შევქმენი სამკაულები. მინდა, ჩემი სამკაულების პატრონი ხვდებოდეს იმას, რაც მის შექმნას ჩავაქსოვე - ეს არის უმთავრესი და არა ის, რომ აუცილებლად პოპულარული იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკოსი ჩემი ნაკეთობით დადის. მთავარი ინსპირაციის წყაროა. მიჩნდება სურვილი, ცხოვრებისეულ მოვლენებს გამოვეხმაურო. ზოგი ესკიზი მომწონს, ზოგი - არა. ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ ერთი წელიც კი გრძელდება. 20 წელია, ამას ვაკეთებ და კოლექციაში შეიძლება სულ 15 ნამუშევარი მქონდეს. ვმუშაობ ვერცხლსა DADდა მინანქარზე. ნინო წიფურია