"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ეტა­პი იყო და რა­ღა­ცის თა­ვი­დან დაწყე­ბის არას­დ­როს შემ­ში­ნე­ბია" - კვირის პალიტრა

"ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ეტა­პი იყო და რა­ღა­ცის თა­ვი­დან დაწყე­ბის არას­დ­როს შემ­ში­ნე­ბია"

"ამღერებულ ბიჭებს აფხაზებმა ტყვია არ გვესროლეს"

მძიმე ავადმყოფობის შედეგად, მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ მას უმძიმესი, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. გიოსთვის ეს დიაგნოზი მოულოდნელი იყო. ექიმთან ფეხის ტკივილების ჩივილით მივიდა, თუმცა...

ამის შემდეგ დაიწყო ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად. გიო ხუციშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მუსიკოსის რამდენიმე კონცერტი მოულოდნელად ჩაიშალა და ის საკუთარ მსმენელს აღარ შეხვედრია.

29 მაის ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის

იყო დუეტები მეუღლესთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.

დაახლოებით ერთი წლის წინ მომღერალთან ინტერვიუ ჩაწერა ჟურნალმა "გზამ", სადაც გიო ხუციშვილმა თავისი ცხოვრების ეპიზოდებზე ისაუბრა.

სცენას შემოვრჩი

- ბავშვობაში ვცურავდი, თხილამურებზე ვიდექი, წყალბურთში საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი. გარდა ამისა, ვმღეროდი, მაგრამ სცენა არ მიზიდავდა. მშობლები სიმღერას მაძალებდნენ. ბავშვობაში ზუკაზე მაღალი ხმა მქონდა. ჩემი და კარგად მღეროდა - ნანა გელოვანისა და ხათუნა ხუციშვილის დუეტი ცნობილი იყო. ერთხელ, ხელოვნების მუშაკთა სახლში მათ კონცერტს ვესწრებოდი. 5 წლისა ვიქნებოდი, პუტკუნას მოკლე შარვალი მეცვა და პირველ რიგში ვიჯექი. ვიღაცამ წერილი გადმომაწოდა, - კონცერტის წამყვანს გადაეციო. სცენაზე ავედი. თურმე, წერილში ეწერა: "ეს ბავშვი აუცილებლად ამღერეთ". წამყვანმა ხელი მომკიდა. გავჯიუტდი, მაგრამ სცენაზე მაინც დამტოვეს. ვინერვიულე, არ ვიცოდი, რა მემღერა. პატარაობიდან სულ დიდი კაცების სიმღერებს ვასრულებდი. ძალიან სასაცილო იყო 5 წლის ბავშვისგან "მე ვარ თამადა ამ სუფრაზე" - ასეთი და მსგავსი სიმღერების მოსმენა.

მახსოვს, ჩვენს სახლში მუდამ ქეიფი იყო. ზოგჯერ გამაღვიძებდნენ, მეც ავდგებოდი და სტუმრების წინაშე ვმღეროდი. ალბათ, 5-6 წლის ვიყავი, როცა მამაჩემთან ერთად, გია ყანჩელი მოვიდა ღამის 2 საათზე და მთხოვეს, მემღერა. ჩემი და უკრავდა, მე კი ვმღეროდი. დილით, დაახლოებით 11 საათზე, ბატონმა გიამ გამომიარა და ხმის ჩამწერ სტუდია "მელოდიაში" წამიყვანა. მისი უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან ჩემი ხმის პირველი ჩანაწერი დარჩა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდები. მერე ბევრი ანსამბლი მთხოვდა, რომ მათთან მემღერა, მაგრამ სცენაზე დგომა არ მინდოდა. მამუკა ჩარკვიანის "ბრალია" სცენაზე ჩემი ასვლა. სტუდენტობის მერე, მე და მამუკა ჩარკვიანი, მის სიმღერას ვმღეროდით, ერთხელ სცენაზეც ავედით და შემოვრჩით.

მუსიკის ენა

- აფხაზეთის ომის დროს ოჩამჩირეში, დამწვარ, დანგრეულ სახლში შევედით, სადაც როიალის გარდა, არაფერი დაგვხვდა. ჩემმა მეგობარმა, მიშა ჭაბუკიანმა დაუკრა, მე ვიმღერე, ბიჭებიც ამყვნენ და სიმღერა სამ ხმაში გავშალეთ. პატარა მიხომ იცეკვა (ასე ვეძახდით ერთ ბიჭს, რომლის გვარი არ მახსოვს). ყველა გავმხიარულდით და რაღაც მომენტში, ომი გადაგვავიწყდა. ჩვენ ვმღეროდით და მეორე სახლში აფხაზები იყვნენ ჩასაფრებული. მუსიკის ხმა და ჩვენი სიმღერა რომ გაიგონეს, გაჩუმდნენ და... ერთი ტყვიაც არ გვესროლეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მუსიკამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. ეს ერთგვარად, სიმბოლური ფაქტი იყო. ასე ხდება, მუსიკის ენა ყველას ესმის. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "ძალიან ცუდად იყო, თუმცა არასდროს იმჩნევდა ამას"- რას წერენ კოლეგები გიო ხუციშვილზე