"თა­ვი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რა მე და­მი­ტო­ვა..." - უცნობი ისტორიები გიო ხუციშვილზე - კვირის პალიტრა

"თა­ვი­სი უსაყ­ვარ­ლე­სი სიმ­ღე­რა მე და­მი­ტო­ვა..." - უცნობი ისტორიები გიო ხუციშვილზე

"გიოს ვერ დავემშვიდობე... ასე დავწერე კიდეც: "დროებით ჩემო ძმობილო, დროებით" - გვეუბნება კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა და მომღერალს ბოლომდე გვერდით დაუდგა.

უამრავი ადამიანი განიცდის გიო ხუციშვილის გარდაცვალებას და გულწრფელად ემშვიდობებიან ადამიანს, რომელიც მართლაც დააკლდა ქალაქს. თითოეულს თავისი გიო ხუციშვილი ჰყავს და დღეს AMBEBI.GE-სთან ამ მოგონებებს აცოცხლებენ...

დათო ოქიტაშვილი, კულტურის პალატის ხელმძღვანელი:

"როდესაც ვუთხარი, რომ მისი ვარსკვლავი უნდა გაგვეხსნა, მისი ბედნიერი სახე უნდა გენახათ - უცბად მოძლიერდა. მე, მისი მეუღლე, ბაკურ ბაკურაძე და ირაკლი მეძმარიაშვილი ვიყავით და როდესაც დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი საღამო, რაღაც მომენტში თქვა - არა, ეს არ გამოვა. რატომ-მეთქი? ცუდად ვარ და მთელი კონცერტის განმავლობაში ვერ ვიმღერებო. ვუთხარი, სხვები იმღერებენ, ბოლოს გამოხვალ და მაყურებელს მოეფერები-მეთქი. ეს მოეწონა, კარგია, მაყურებელს მართლა მინდა მოვეფერო და დიდი მადლობა ვუთხრა წლების განმავლობაში იმ სიყვარულისთვის, რასაც მათგან ვგრძნობო...

ვარსკვლავის გახსნის საღამო იყო საოცარი. ის თავის მსმენელს დაემშვიდობა, თუმცა არავის სჯეროდა, რომ ასე მალე წავიდოდა... ბოლოს ერთად უწმინდესთან ვიყავით, არ დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე... პატრიარქმა სანთლები აჩუქა, სახლში რომ მივიდა, მაშინვე დაანთო... იქიდან რომ გამოვედით, ერთი რამ მითხრა, რაც გულში ხინჯად მაქვს და ჩემს თავს ვერ ვპატიობ. იქნებ ამ დღეებში მე, შენ და ბაკური (ბაკურ ბაკურაძე კონცერტის რეჟისორი იყო - ავტ.) დავსხდეთ, მინდა, მოგეფეროთ იმისთვის, როგორი კარგი საღამო გამოვიდაო. ისრაელიდან რომ ჩამოხვალ, მაშინ დავსხდეთ-მეთქი. ვფიქრობ, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, ისრაელში ვეღარც წავიდა. კონცერტის შემდეგ ყველა მონაწილეს ურეკავდა, მადლობას უხდიდა, თითქოს ემშვიდობებოდა. კონცერტმა ბედნიერი გახადა. მძიმე სენს ბოლო წუთამდე ებრძოდა. მეუბნებოდა, ამერიკაში გაგზავნილი გვაქვს საბუთები და იქიდან პასუხს ველოდებითო. ვუთხარი, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.

მიჭირს გიოზე წარსულში საუბარი. ყველას დიდი მადლობა, ვინც 29 მაისს დააფასა და კონცერტზე მოვიდა, მოეფერა გიოს. მის ბედნიერ სახეს ვერ ვივიწყებ, როდესაც მისი ვარსკვლავი იხსენებოდა, მსმენელს შეჰხაროდა. სულ ვამბობ, ვარსკვლავს დათო ოქიტაშვილი არ ხსნის, ვარსკვლავს ხნის ხალხი, საზოგადოება. ხალხის სიყვარული თუ არ გაქვს, გახსენი რამდენი ვარსკვლავიც გინდა... გიომ ვარსკვლავი ხალხისგან დაიმსახურა".

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ის ადამიანია, რომლის უამრავი სიმღერა გიო ხუციშვილმა როგორც მარტომ, ისე ნატოსთან ერთად, დუეტში ააჟღერა. თითოეული მათგანი მსმენელს განსაკუთრებულად უყვარს...

"ჩემთვის გიოს სახით თბილისის დიდი ნაწილი მოკვდა. ჩემი 20 წელი მოკვდა, საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე, ოჯახის წევრი დავკარგე, გიოსთან ერთად, ჩემში ეპოქა მოკვდა. არც ვიცი, რა განცდა მაქვს, საოცარი - ყველაზე უცნაური ის არის, რომ სანამ დილით ამ ყველაფერს გავიგებდი, გიო სიზმარში დამემშვიდობა, გავიღვიძე და გიო მართლაც აღარ იყო. ეს სიზმარი არასდროს ამომივა თავიდან. ჩემთან სახლში მოვიდა, დერეფანში იდგა, ოღონდ, უკვე ბოლოდროინდელი გიო, გადამეხვია - ხომ იცი, როგორ ძალიან მიყვარხარო. რომ გამოვიღვიძე, ზუსტად ვიცოდი, რომ არ იყო. არ ვიცი, ეს რა ჯაჭვია... ფაქტია, რომ ჩემი ნაწილი იყო... ოჯახის წევრები დავკარგე და ასეთი რამ არავის გარდაცვალებისას არ მქონია.

მოკლედ, ამ დილას, ტელეფონამდე არც მივსულვარ, რომ ამბავი გამეგო, ჩემს თავში გიოს უკვე დავემშვიდობე. ბოლო ორი დღე ცუდად იყო, საკვებზეც უარი თქვა, მაგრამ მის გარდაცვალებას მაინც არ ვუშვებდი... დღეს გიოსთან ერთად ვაცილებ ბევრ ლამაზ წელს, მოგონებას. ალბათ ოდესმე მეც და ყველა იქით წავალთ, თუმცა იცოცხლებს ის, რაც მე და გიომ დავტოვეთ, ვიღაცისთვის მაინც აყვავდება ნუში. ერთი რამ ვიცი, რომ ერთად ბევრი რამ შევძელით. ბევრი შეყვარებული ამ სიმღერებით გავაბედნიერეთ. ასე რომ, რამდენჯერაც ეს მუსიკა აჟღერდება, ვიღაცისთვის მაინც იყვავილებს ნუში და გიო გაცოცხლდება... ბევრი წელი ამ ქალაქში ერთად მოვიტანეთ და ჩვენი ტანდემით ეს ქალაქიც ვაბედნიერეთ. ვზივარ ახლა ჩემთვის და ნაბიჯს ვერ ვადგამ, არ მინდა, რომ ისეთი ვნახო, როგორიც ახლაა. ჩემს თვალწინ კადრებად გარბის მასთან ერთად გატარებული წლები, საათები, წუთები.

ბოლოს დიდი ხანი არ გვიმღერია, მაგრამ არ არსებობდა დღე, ჩემთვის არ დაერეკა. ბოლო 4 წელი, როცა ძალიან მიჭირდა, იცოდა, რომ ცუდად ვიყავი და სულ მთხოვდა - ნატაშ, დეპრესიიდან გინდა გამოგიყვანო და გამოგიარო? ჩემი სიმღერები შესისხლხორცებული ჰქონდა, იმასაც ვერ იტანდა, რომ ვინმე რომელიმეს იმღერებდა, ძალიან უყვარდა და ამიტომ ცოტას ეგოისტობდა..."განაგრძეთ კითხვა

"ჩემს ცხოვრებაში ბევრი ეტაპი იყო და რაღაცის თავიდან დაწყების არასდროს შემშინებია"