"რა ბედნიერია ის ოჯახები, ვინც ცხედარი მაინც ნახა" - 13 ივნისს დაკარგულები - კვირის პალიტრა

"რა ბედნიერია ის ოჯახები, ვინც ცხედარი მაინც ნახა" - 13 ივნისს დაკარგულები

ვერეს ხეობის სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საუბედუროდ ორი ახალგაზრდა - ბექა ბუთურიშვილი და სერგი კაპანაძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და მათ ოჯახებს შვილების საფლავებიც კი არ აქვთ.

ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა:

- მძიმეა გაუძლო ამ ტკივილს. ენით აუღწერელია და ვერ გადმოგცემთ სიტყვებით ჩვენთვის როგორ გაიარა ამ დრომ. ისევ მოლოდინში ხარ, მაინც არ კარგავ იმედს, მაინც ებღაუჭები რაღაცას. მაინც სადღაც სულ ეძებ. არ ვიცი რა შეიძლება ამ მდგომარეობას დავარქვა. მწარე რეალობაა, ბექა აღარ გვყავს... უნახავი და შეუმოწმებელი არაფერი დარჩენილა, მაგრამ კიდევ იმას ვფიქრობ, სადმე რამე ხომ არ გამომრჩა, მაგრამ ბოლოს მაინც მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ არა, ყველაფერი ვცადეთ. მტკვარში წყლის დონე 5-ჯერ დავწიეთ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვეთ... იმასთან შეგუება ძნელია, რომ ბექა არ არის. მისი საფლავიც არ გვაქვს. ძნელია როცა საფლავზეც ვერ მიდიხარ გულის მოსაოხებლად.

წელიწადნახევარი იყო ჩვენ შორის სხვაობა, საოცარი ძმობა გვქონდა. სულ ერთად ვიყავით, საერთო სამეგობრო გვყავდა. ბექა რკინიგზის ხაზით ერთ-ერთ კერძო საექსპედიტორო, ტვირთების გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. მშვიდი იყო, ცოლ-შვილი არ ჰყოლია.

კახეთში მივდიოდი დასასვენებლად. წინა დღეს, 12-ში მანქანაში ბარგი ჩავალაგე, არ დაგვეტია. ბექას ვუთხარი, მოდი, შენც წამოდი შენი მანქანით-მეთქი. დამეთანხმა, ჩავალაგეთ მის მანქანაშიც ნივთები, წასასვლელად გამზადებულები ვიყავით, როდესაც ჩვენმა მეგობარმა დაგვირეკა, რადგან მისთვსაც ნათქვამი მქონდა - ბარგი არ მეტევა -მეთქი... მითხრა, ახლა ვბრუნდები კახეთში, რაზე უნდა აწვალო ბექა, მე წავიღებ იმ ბარგსო... მოვიდა და ბექას მანქანაში ჩალაგებული ნივთები იქ გადავიტანეთ, ეს იყო ალბათ ბედისწერა, თორემ ისიც ჩვენს გვერდით იქნებოდა კახეთში.

ბექას მანქანა მოვლენების ეპიცენტრშია ნაპოვნი. დედას 23 საათზე ესაუბრა, უთხრა, - მოვალო. მერე მოჰყვა იმ უბედურებაში. ბოლო კონტაქტი მეგობართან ჰქონდა. 00 საათსა და 28 წუთზე მეგობარს უთხრა, რომ ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე იყო და 15 წუთში მასთან იქნებოდა. სოლოლაკში ვცხოვრობთ ჩვენც და ბექას მეგობარიც. მეორედ მეგობარმა 00:42 წუთზე დარეკა, თუმცა მისი ტელეფონი უკვე გათიშული იყო... ბექას მანქანა მე ვიპოვე, 15 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე. დილაუთენია ოჯახის წევრები, 4 მამაკაცი იმ ტერიტორიაზე გაგიჟებულები დავდიოდით. უშუალოდ მდინარე ვერეს კალაპოტში წავაწყდი მანქანას, სხეულში სისხლი გამეყინა, დაჩეჩქვილი იყო მანქანა... გვეგონა მანქანაში იქნებოდა, შიგნით არ აღმოჩნდა. ამ გზებზე პერიოდულად ისევ დავდივარ, ვუყურებ ტერიტორიებს, ეს საშინელებაა.

მედეა კაპანაძე, სერგის და:

- საოცარი და-ძმობა გვქონდა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ხალისიანი, ალალი და მიმდობი ბიჭი იყო. საოცრად ნიჭიერი. ფერაძის უნივერსიტეტში ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე ამერიკულ აკადემიაში სწავლობდა. მამას სუპერმარკეტის ბიზნესი ჰქონდა საქართველოში და სულ მამასთან ერთად მუშაობდა. ძალიან ჩართული იყო ბიზნესში. მერე მამას პრობლემები შეექმნა და სერგიმ თავისი პატარა მაღაზია გახსნა, მეგობრებთან ერთად პეროვსკაიაზე პატარა ბარიც ჰქონდა. სულ ცდილობდა თავისი შრომით ჰქონოდა შემოსავალი.

სულ სიახლის ძებნაში იყო. სერგი ჩემი ნახევარძმაა, წლინახევრის იყო დედა რომ გარდაეცვალა. 4 წლის მერე შეირთო მამამ მეორე მეუღლე, ორი და და ორი ძმა ვიყავით. სერგი ქუთაისში, დედის ძმასთან, ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა... 16 წლის იყო, ჩვენთან რომ წამოვიყვანეთ... გაბრაზებული ვარ ამქვეყნად ყველაფერზე, რა იქნება ცხედარი მაინც გამოჩნდეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ასე თუ გავიწირებოდით და ცხედარს ვერ ვიპოვიდით, არ მეგონა. რა ბედნიერია ის ოჯახები, ვინც ცხედარი მაინც ნახა. (იხილეთ სრულად)

"სერგი შვილივით გავზარდე... მიშველეთ, მაპოვნინეთ, აღარ ვიცი, როგორ ვიტირო ჩემი დახატული ბიჭი"