"საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველო" და გზა სამშობლოსკენ
"საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველო" და გზა სამშობლოსკენ
"საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველო", - სწორედ ასე ქვია იმ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისის სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" მოსწავლეებმა ისტორიული ჰერეთიდან სტუმრებს უმასპინძლეს. გეოგრაფიის შესწავლისას გაღრმავებულმა საქართველოს სიყვარულმა მე-9 კლასელები საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე წაიყვანა და პროექტის ფარგლებში ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი და საინგილო მოანახულებინა. მეტიც, საზღვრებს გარეთ დარჩენილი ქართველები თავისთანაც მოიპატიჟეს და ასე ეწვია ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი სამშობლოს. საინგილოში მოღვაწე ქართულმა დასმა მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლი წარუდგინა.

გეოგრაფი ქეთინო მერებაშვილი, ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია:

"მაშინ, როცა მე-9 კლასში საქართველოს გეოგრაფიას ჩემს სადამრიგებლო კლასს ვასწავლიდი, გაჩნდა იდეა, რომ მოგვენახულებინა დღევანდელი საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველოს ტერიტორიები, შეგვესწავლა და შემდეგ სკოლაში პრეზენტაციები გაგვეკეთებინა, რადგან სხვა ბავშვებსაც მეტი გაეგოთ ამ კუთხეების შესახებ.

შემოვიარეთ ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი და ისტორიული ჰერეთი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და საინგილოს
სახელით ვიხსენიებთ. პროექტს მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებდით, ჩვენი მოგზაურობა კი საბოლოოდ საინგილოს, ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოწვევით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი ქართული დრამატული თეატრია, რომელიც ჩვენს საზღვრებს გარეთაა.

ვგეგმავთ, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდეს და სხვა კლასებიც ჩავრთოთ.
ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებმა მხოლოდ წიგნის ფურცლებიდან არ ისწავლონ საქართველოს გეოგრაფია, მათ უნდა მოინახულონ საქართველოს ყველა კუთხე და ასე უფრო შეუყვარდებათ სამშობლო. სხვათა შორის, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ენგურის ხიდზე შევხვდით, სამწუხაროდ, შორიდან ვუყურებდით ჩვენს ტერიტორიას.... და კიდევ ერთხელ დავიტოვეთ იმედი, რომ ჩვენს ტერიტორიას მალე მოვეფერებით".

როგორც ქალბატონმა ქეთინომ გვითხრა, ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი გეოგრაფიის პროფესორს გიორგი დვალაშვილს მიუძღვის.

გიორგი დვალაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი:
- 15 წელზე მეტია ჰერეთში დავდივარ, ბევრჯერ დავსწრებივარ ამ დასის სპექტაკლებს, ვიცი მათი მდგომარეობა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ საქართველოში სპექტაკლი დაედგათ. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ისინი კონფლისქტისპირა ზონებს - ერგნეთსა და პერევს ესტუმრებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ამ ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში კი მოხერხდა მათი მოწვევა. სპექტაკლი "დემონები" კი, რომელიც დასმა წარადგინა, საბჭოთა რეჟიმის ავბედითი პერიოდის ამსახველია. ბავშები ძალიან დაინტერესდნენ საინგილოს დასის თამაშით".
რეჟისორი ლერი შიოშვილი, საქართველოში ალიბეგლოს დასთან ერთად ჩამოვიდა, მსახიობებმა სწორედ მისი დადგმული სპექტაკლი "დემონები" წარადგინეს, რომელიც ვლადიმერ მალიაგინის პიესის მიხედვით შეიქმნა.

"დავიბადე და გავიზარდე აზერბაიჯანში, საინგილოში, სკოლაც საინგილოში დავამთავრე, შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. თეატრს ბავშობაში ადრეულ ასაკში ვეზიარე. დროთა განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფომ თეატრის სტატუსი მოგვანიჭა. დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს კულტურის სამინისტროსგან და საქართველოში არსებული თეატრებისგან.
შემოქმედებით ჯგუფში 12 მსახიობია. საქართველოში შეძლებისდაგვარად ჩამოვდივართ. ამ შემთხვევაში სკოლა-ლიცეუმმა მოგვიწვია და მოგვეცა შესაძლებლობა სპექტაკლი დაგვედგა და ქართველი მაყურებლის წინაშე გვეთამაშა.

საქართველო ჩემი სამშობლოა, აქ გვყავს ახლობლები, ნათესავები, საზღვრის ბარიერი არ მოქმედებს ჩვენზე. ძალიან გვიხარია აქ ჩამოსვლა, საინგილოშიც ზუსტად ისე ვცხოვრობთ, იმ ტრადიციებით, როგორც აქ ცხოვრობს დანარჩენი საქართველო. ქართული ენა, ტაძრები, ქართული ლოცვა, ქართული ღვინო, ვაზი და ყველაფერი სხვა, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ქმნის, საინგილოშიც გვაქვს".

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)
kix
14 ივნისი 2018 12:11
მიხარია, როდესაც მსგავსი პროექტების შესახებ მესმის ხოლმე. ისიც სასიხარულო და მისაბაძია, თუ კულტურის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურობს და საზღვრებს მიღმა დარჩენილ საქართველოს უყურადღებოდ არ ტოვებს. მაგრამ, მაინც უკმარისობის გრძნობა მეუფლება. ჩემთვის ცნობილია მაგალითად, რომ მეზობელი სომხეთის ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხებია განსაზღვრული საქართველოს სომხური დიასპორის დასახმარებლად. თვე არ გაივლის ისე, რომ ჯავახეთში რომელიმე დიდი სომხური დასი არ ჩამოვიდეს, ან სხვა სახის კულტურული ღონისძიება არ გაიმართოს. რამდენიმე დღის არჩეული იყო პრემიერ-მინისტრად ნიკოლ ფაშინიანი და საქართველოში პირველივე ვიზიტისას მთელი ჯავახეთი მოიარა. ამ შემთხვევაში მათი მართლა მშურს. ბოლო წლებში ვერ ვიხსენებ უმაღლესი თანამდებობის ქართველი ჩინოვნიკების ვიზიტებს ჰერეთში, ტაო-კლარჯეთში (ლორე-ტაშირს აღარ ვახსენებ, რადგან ბედის უკუღმართობით იქ ქართველები აღარ დაგვრჩნენ). არ ვიცი რა ვთქვა, უფრო მეტი მამულიშვილობა გვმართებს. ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები