"საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველო" და გზა სამშობლოსკენ - კვირის პალიტრა

"საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველო" და გზა სამშობლოსკენ

"საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველო", - სწორედ ასე ქვია იმ პროექტს, რომლის ფარგლებშიც თბილისის სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" მოსწავლეებმა ისტორიული ჰერეთიდან სტუმრებს უმასპინძლეს. გეოგრაფიის შესწავლისას გაღრმავებულმა საქართველოს სიყვარულმა მე-9 კლასელები საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებზე წაიყვანა და პროექტის ფარგლებში ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი და საინგილო მოანახულებინა. მეტიც, საზღვრებს გარეთ დარჩენილი ქართველები თავისთანაც მოიპატიჟეს და ასე ეწვია ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრი სამშობლოს. საინგილოში მოღვაწე ქართულმა დასმა მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლი წარუდგინა.

გეოგრაფი ქეთინო მერებაშვილი, ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია:

"მაშინ, როცა მე-9 კლასში საქართველოს გეოგრაფიას ჩემს სადამრიგებლო კლასს ვასწავლიდი, გაჩნდა იდეა, რომ მოგვენახულებინა დღევანდელი საზღვრებს გარეთ დარჩენილი საქართველოს ტერიტორიები, შეგვესწავლა და შემდეგ სკოლაში პრეზენტაციები გაგვეკეთებინა, რადგან სხვა ბავშვებსაც მეტი გაეგოთ ამ კუთხეების შესახებ.

შემოვიარეთ ტაო-კლარჯეთი, ლორე-ტაშირი და ისტორიული ჰერეთი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და საინგილოს სახელით ვიხსენიებთ. პროექტს მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებდით, ჩვენი მოგზაურობა კი საბოლოოდ საინგილოს, ალიბეგლოს ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის მოწვევით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი ქართული დრამატული თეატრია, რომელიც ჩვენს საზღვრებს გარეთაა.

ვგეგმავთ, რომ ეს პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდეს და სხვა კლასებიც ჩავრთოთ.

ჩვენი მთავარი მიზანია, ბავშვებმა მხოლოდ წიგნის ფურცლებიდან არ ისწავლონ საქართველოს გეოგრაფია, მათ უნდა მოინახულონ საქართველოს ყველა კუთხე და ასე უფრო შეუყვარდებათ სამშობლო. სხვათა შორის, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ენგურის ხიდზე შევხვდით, სამწუხაროდ, შორიდან ვუყურებდით ჩვენს ტერიტორიას.... და კიდევ ერთხელ დავიტოვეთ იმედი, რომ ჩვენს ტერიტორიას მალე მოვეფერებით".

როგორც ქალბატონმა ქეთინომ გვითხრა, ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი გეოგრაფიის პროფესორს გიორგი დვალაშვილს მიუძღვის.

გიორგი დვალაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი: - 15 წელზე მეტია ჰერეთში დავდივარ, ბევრჯერ დავსწრებივარ ამ დასის სპექტაკლებს, ვიცი მათი მდგომარეობა, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი საქართველოს საზღვრებს გარეთ. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ საქართველოში სპექტაკლი დაედგათ. თავდაპირველად ვფიქრობდით, რომ ისინი კონფლისქტისპირა ზონებს - ერგნეთსა და პერევს ესტუმრებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ. ამ ძალიან კარგი პროექტის ფარგლებში კი მოხერხდა მათი მოწვევა. სპექტაკლი "დემონები" კი, რომელიც დასმა წარადგინა, საბჭოთა რეჟიმის ავბედითი პერიოდის ამსახველია. ბავშები ძალიან დაინტერესდნენ საინგილოს დასის თამაშით". რეჟისორი ლერი შიოშვილი, საქართველოში ალიბეგლოს დასთან ერთად ჩამოვიდა, მსახიობებმა სწორედ მისი დადგმული სპექტაკლი "დემონები" წარადგინეს, რომელიც ვლადიმერ მალიაგინის პიესის მიხედვით შეიქმნა.

"დავიბადე და გავიზარდე აზერბაიჯანში, საინგილოში, სკოლაც საინგილოში დავამთავრე, შემდეგ კი თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. თეატრს ბავშობაში ადრეულ ასაკში ვეზიარე. დროთა განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფომ თეატრის სტატუსი მოგვანიჭა. დიდი მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს კულტურის სამინისტროსგან და საქართველოში არსებული თეატრებისგან.

შემოქმედებით ჯგუფში 12 მსახიობია. საქართველოში შეძლებისდაგვარად ჩამოვდივართ. ამ შემთხვევაში სკოლა-ლიცეუმმა მოგვიწვია და მოგვეცა შესაძლებლობა სპექტაკლი დაგვედგა და ქართველი მაყურებლის წინაშე გვეთამაშა.

საქართველო ჩემი სამშობლოა, აქ გვყავს ახლობლები, ნათესავები, საზღვრის ბარიერი არ მოქმედებს ჩვენზე. ძალიან გვიხარია აქ ჩამოსვლა, საინგილოშიც ზუსტად ისე ვცხოვრობთ, იმ ტრადიციებით, როგორც აქ ცხოვრობს დანარჩენი საქართველო. ქართული ენა, ტაძრები, ქართული ლოცვა, ქართული ღვინო, ვაზი და ყველაფერი სხვა, რაც ჩვენს ეროვნულ იდენტობას ქმნის, საინგილოშიც გვაქვს".

(სპეციალურად საიტისთვის)