რას ამბობს ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს ზაზა სარალიძე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაზე?

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.

სარალიძე თავისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალების დამალვაში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ადანაშაულებს.

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას. მე როდესაც შევხვდი გიორგი კვირიკაშვილს, ვერ დავინახე, რომ მან ამ საქმის შესახებ რამე იცოდა და დამალა. ვინც დამალა, მათ გადადგომას ვითხოვდი. რატომ იკავებენ პოსტს, ძალიან მიკვირს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე - პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ვინ რჩება მთავრობაში, ვისი იმედიც მას გამოძიების პროცესში აქვს, სარალიძემ უპასუხა: „ერთადერთი ადამიანი ამ წუთში ქალბატონი ნინო ლომჯარიაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთობლივად ვაკონტროლებთ ამ გამოძიების პროცესს. მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ საგამოძიებო უწყებაში წინგადადგმულ რადიკალურ ნაბიჯს ვერ ვხედავ“, - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, მართალია უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს და მოიპოვოს თავიდან მისი ნდობა. „თუმცა, ჯერჯერობით უნდობლობას ვუცხადებ“, - აღნიშნა სარალიძემ.

"ინტერპრესნიუსი"