"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"
"გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა"
ჩვენი გიო წავიდაო, - 11 ივნისს, ღამის 2-3 საათი იქნებოდა, მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა რომ დაწერა "ფეისბუქის" პირად გვერდზე და... მართლაც - გიო ხუციშვილი არც მარტო მისი მეგობრების იყო, არც მარტო მისი ოჯახის, არც მარტო თავისი თბილისის... გიო მთელი საქართველოსი იყო და ისე წავიდა, მთელი საქართველო აატირა...

ერთხელ, წლების წინ, მითხრა, - საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შუაღამისას მარტოც რომ წავიდე, არ შემეშინდება. ვინც გინდა, გამაჩეროს, დაველაპარაკები - ისიც მიცნობს და მეც; მანაც
იცის, რომ მიყვარს, ჩემიანია და მეც ვიცი, რომ ვუყვარვარ. ამიტომ ხალხს, რომელსაც ასე ვუყვარვარ და ქვეყანას, სადაც ვცხოვრობ, ვერასდროს ვუღალატებო.

მუდამ სიყვარულს უმღერდა და ამ სიმღერაში სულსა და გულს დებდა. გარდა ამისა, თურმე, მის სიმღერას წყვილებიც კი შეუხვედრებია და დაუოჯახებია. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ბევრი
პირადად არც იცნობდა, მაგრამ მის სიმღერასთან ერთად თვითონ გიოც ძალიან უყვარდა.

გიოს მეგობარი არ ვყოფილვარ, თუმცა მისმა სიმღერამ და ჩემს მეგობრებთან ერთად მოწყობილმა ღონისძიებებმა რამდენჯერმე შეგვახვედრა, მასთან ინტერვიუ კი მხოლოდ ერთხელ ჩავწერე. ამ საოცრად თბილ და გულისხმიერ ადამიანს ინტერვიუები დიდად არ უყვარდა, მაგრამ სწორედ იმ ძველმა ურთიერთობამ გაჭრა, როდესაც, ცოტა მოგვიანებით, ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ თემაზე საკმაოდ გულახდილად ვისაუბრეთ.
მაშინ სხვანაირი გიო დავინახე - კიდევ უფრო მართალი და გულწრფელი.

მახსოვს, მითხრა: "ცხოვრებაში სიმართლის თქმა ავირჩიე. ბევრს შეიძლება ეს ემწარება კიდეც, მაგრამ სიმართლე მაინც ყველაფერს სჯობს და ჩემს შვილებსაც ყოველთვის ამას ვურჩევ. სამაგიეროდ, ვიცი, რომ კარგად დამეძინება და გამეღვიძება, ადამიანებთანაც პირნათელი ვიქნები. პოლიტიკური სვლების არაფერი გამეგება, - ეს საჭადრაკო სვლებს მაგონებს, მე კი ჭადრაკის თამაში კარგად არ ვიცი და პარტიას წავაგებ. ამიტომ არც ამ სვლებს გავაკეთებ და არც პოლიტიკურ განცხადებებს, ვერც ვინმეს დავუწყებ ჭკუის სწავლებას - ხანდახან თვითონ მაქვს ბევრი რამ სასწავლი. ვერც ჩემს უდიდეს "მტერს" შევეგუები - ნარკოტიკსა და რუსეთის ჯარს, რომლებმაც 1990-იან წლებში მეგობრები დამიხოცეს. "რუსულში" მხოლოდ და მხოლოდ იმ "მონსტრს" ვგულისხმობ, 1937 წელსაც რომ არსებობდა, 1990-იან წლებშიც და დღესაც, თორემ რუსულ კულტურას ახლაც დიდ პატივს ვცემო".

როგორ იქცა იგი "პოპულარულ გიო ხუციშვილად"?

ცხოვრებაში იოლად არაფერი მიუღია. მართალია, შინ ტკბილად ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ სიტკბოს ქვეცნობიერად ყოველთვის თან სდევდა მისი ოჯახის ტრაგედია - ბაბუა 1937 წელს დაუხვრეტიათ, ბებია - ციმბირში გადაუსახლებიათ და გიოს დედა, 3 წლის ასაკში, ობლად დარჩენილა... მამის ნათესავები მშრომელთა წრიდან ყოფილან, ამიტომ მათ რეპრესიები არ შეხებიათ. თავად გიოს ერთხანს ლაღი და უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზეც ჩააბარა და, თითქოს, ბევრი საინტერესო რამ ელოდა წინ, მაგრამ ძალიან მალე ცხოვრების პირისპირ მარტოდ აღმოჩნდა - 18 წლისას მამა გარდაეცვალა:
- ფული არ მქონდა და სამსახური, ისიც კი არ ვიცოდი, დაზიანებული ონკანი როგორ შემეკეთებინა და წამში ჩემი რომანტიკა ყოფით პრობლემებზე ზრუნვამ შეცვალა. ცხოვრებამ მგლური წესები გამომიმუშავა: ოჯახის სარჩენად სამუშაოს არ ვთაკილობდი, დილის 6 საათზე პურსაც კი ვაბარებდი სხვა უბნის მაღაზიას. თუმცა ახალგაზრდობაში შეიძლება შეცდომებიც დავუშვი, ერთხანს ბოჰემურმა ცხოვრებამაც გამიტაცა - გიტარა, ქეიფი, დროს ტარება... ჩემი თაობის დიდი ნაწილი დაღუპა ამან - რეალობას გაქცეულები ნარკოტიკსა და სასმელს მიეძალნენ...
უფროს ვაჟიშვილ ნოდარიკოსთან ერთად
გზაჯვარედინზე მყოფი, ღმერთმა რამდენჯერმე გადაარჩინა:
- თითქოს, ყოველი განსაცდელის დადგომისას ვიღაც მკარნახობდა, რომ შევფხიზლებულიყავი. ამბიციურიც არასდროს ვყოფილვარ, მით უმეტეს, როცა ჩემს შვილს შიოდა, უკან არაფერზე ვიხევდი... პირველი ცოლი - ლელა 19 წლისამ შევირთე და როცა გავცილდი, მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა და არა მარტო ბავშვის დაბადებისას თოფის გასროლა ან ლიტრიანი ყანწის დალევა. ოჯახის დანგრევამ ძალიან ამრია, ქუჩაც თავის როლს თამაშობდა - იმხანად კაცობას, თითქოს, ქუჩაში ყოფნით ვამტკიცებდით. მიხარია, გუდაურში თხილამურებით მოსრიალე, ლოყააწითლებულ გოგო-ბიჭებს რომ ვუყურებ - ვხვდები, ნელ-ნელა როგორ ემიჯნება ჯანსაღი ცხოვრების წესი ქუჩურ ცხოვრებას.

აფხაზეთშიც იბრძოდა. გაგრაში "მხედრული მამაცობისთვის" დააჯილდოვეს კიდეც. მითხრა: - იმ, "ავტომატით არეულ წლებში" ბევრი რამის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ მე ყოველთვის გიო ხუციშვილი ვიყავი, მამაჩემის შვილი, მთელი თბილისი მიცნობდა და ვიცოდი, უკადრისი არაფერი უნდა ჩამედინა. სიკვდილსაც ბევრჯერ ჩავხედე თვალებში, შიშიც იყო და ტკივილიც, მაგრამ იმ საშინელებაში ჩემი იუმორით ბევრი გამიმხნევებია და, თუნდაც, სულიერად გადამირჩენია. დღესაც კი მზარავს იმ პერიოდის გახსენება და, თუმცა ძალიან ძლიერი მეგონა თავი, ომგამოვლილთა "ვიეტნამის სინდრომი" ვერც მე ავიცილე.

მაინც ყველაფერი დასძლია. მოქეიფე კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არადა, თურმე, წლების განმავლობაში სასმელს არც კი გაჰკარებია, რადგან იმ წლებმა და ნევროზმა ცუდი სიმთვრალე დაუტოვა:
- მივხვდი, რომ ვიღაც შევაწუხე, დავღალე, თუნდაც, ჩემი გაუთავებელი ლაპარაკით ომსა და ბრძოლებზე.
მე ვიპოვე ამ ყველაფერთან გასამკლავებელი ძალა, რადგან მარტო არ ვცხოვრობდი ამ ქვეყნად უდიდესი პასუხისმგებლობა მქონდა ძალიან ბევრი, ჩემთვის საყვარელი ადამიანის, ჩემი მშობლების საფლავების, ჩემი სამი შვილისა და მეუღლის - მაია ჯორჯაძის წინაშე. ერთხანს, მგონი, მაიაც კი გავაგიჟე ჩემი ქარიშხლიანი ცხოვრებით, თუმცა... მივხვდი, რომ თუკი ქალმა ამდენს გაუძლო, კვლავ შინაა და გელოდება, ესე იგი, უყვარხარ. რაკი უყვარხარ, რა უფლება გაქვს, იმ ქალს პატივი არ სცე, არ გაანებივრო და კარგი ცხოვრება არ შესთავაზო? ამიტომ ბევრს ვშრომობ. ბავშვებიც - ნოდარიკო, ელენე და ზუკა გაიზარდნენ, უკვე საკმაოდ დიდები არიან და მეც შემიძლია, თითოეულს ძალიან ვასიამოვნოო...
მეუღლესთან, მაია ჯორჯაძესთან ერთად
წლების განმავლობაში ძალიან დაკავებული იყო, მაგრამ ფიქრის, სიმღერისა და მუსიკის დროს ყოველთვის პოულობდა. მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. საბედნიეროდ, მისი მეუღლეც - მაიკო ასეთი იყო და ამიტომაც დიდი სულიერი მეგობრობა აკავშირებდათ. გიო ამბობდა: შეიძლება, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, მაგრამ მინდა, ისეთი შვილები დავტოვო ამ ქვეყნად, ჩემი ქალაქი და ქვეყანა რომ ეყვარებათ. სამივეს ვასწავლე წინაპრების, მათი საფლავების, ოჯახის, ტრადიციების სიყვარული და პატივისცემა. მათ ყველაფერს ვუკეთებ, მაგრამ ღალატსა და არაკაცობას ვერასდროს ვაპატიებ. ეს ყველამ იცისო...

უმცროს ვაჟთან, ზუკასთან ერთად
იმ ერთადერთი ინტერვიუსას გიომ მითხრა:
- ხანდახან, სამწუხაროდ, გვიან, მაგრამ რაღაც ასაკში, მაინც ხვდები, რომ ღმერთმა გზაზე დაგაყენა და თუ იმ რელსიდან არ გადაუხვევ, მერე კი შენს შვილებსაც დაიყენებ და გაიყოლებ, მერე ისინიც თავიანთ შვილებს გაიყოლებენ, ასე ქვეყანას ააშენებ. ამიტომ სხვაგვარად ცხოვრების უფლება არავის გვაქვს.

დარწმუნებული ვარ, გიო ხუციშვილის შვილებმაც კარგად იციან, "მამამისის შვილები" რომ არიან და უკადრისს არასდროს არაფერს ჩაიდენენ!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)
emigrantimanana
18 ივნისი 2018 12:13
ნაღდი კახელი კაცი,ნათელში იყოს
mmmm
15 ივნისი 2018 10:55
რა ცუდია რომ სიმართლე ქაღალდივით დაგჭმუჭნის, მერე აღარც შენი სიმართლე აღარავის უნდა და აღარც შენი სიმღერა, განსაკუთრებით აქ, საქართვე;ოში სადაც ყველა მღერის. ზალზნო, რას ქვია კარგი ადამიანი? ამიხსენით რა?
ირაკლი
15 ივნისი 2018 10:08
ღმერთმა გაანათლოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები