"აჭარა" აღარ იქნება? - კვირის პალიტრა

"აჭარა" აღარ იქნება?

"რამდენიმე დღეა სასტუმრო "აჭარის" ფასადს ცვლილება შევამჩნიე, - სამ ადგილას დაინახავთ ინგლისურ წარწერას Holligey Inn. რას ნიშნავს ეს? სახელწოდებას? მერედა ქართულად რატომ არ არის დაწერილი? როდემდე უნდა ვიკითხოთ მგლის თავზე სახარება? ნუთუ უცხოელ ინვესტორებს გამუდმებით უნდა შევახსენოთ, რომ ეს საქართველოა, სადაც სახელმწიფო ენა ქართულია?

პატივისცემით, ნანა ედიშერაშვილი, თბილისი"

კომპანია "აჭარა ჯგუფის" ხელმძღვანელობის განმარტებით, Holligey Inn ქართულად დაახლოებით ასე ითარგმნება: სადღესასწაულო გასაჩერებელი ადგილი.

ივა დავითაია, "აჭარა ჯგუფის" გენერალური დირექტორი: Holligey Inn არის სასტუმროების ქსელის მფლობელი კომპანია interContinental hotels Group-ის ერთ-ერთი ბრენდი, ისევე როგორც "ინტერკონტინენტალი" და სხვ.

სასტუმრო "აჭარის" ამჟამინდელი სახელწოდებაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საერთაშორისო ბრენდის შემადგენელი ნაწილია და ვალდებული ვართ, დავიცვათ ბრენდის მოთხოვნები, როგორც სხვა ფაქტორებით, ასევე წარწერებითაც.

ეს ისეთივე სავალდებულოა, როგორც "რედისონისა" და "მერიოტის" შემთხვევაში. ამ ბრენდების შემადგენელი კომპანიებიც ვალდებული არიან ბრენდის სახელით იხელმძღვანელონ.

- "რედისონისგან" განსხვავებით "მერიოტს" არ დასჭირვებია იმის მითითება, რომ ქართულადაც დაეწერა სასტუმროს სახელწოდება. თქვენი შენობის ფასადსაც Holligey Inn სამგან აწერია და არც ერთი ქართულად.

- ჩვენ ვიხელმძღვანელებთ როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე ადგილობრივი კანონითაც. ყველა პირობა, რომელიც შესასრულებელია, შესრულდება.

ქართული წარწერის საკითხი დღის წესრიგში დგას. კონსულტაციებს გავდივართ საერთაშორისო ბრენდ Holligey Inn-თან.

- როდესაც "აჭარის" რეკონსტრუქცია დაიწყო, ითქვა, რომ მის წინ ცათამბჯენი აშენდებოდა.

- თავდაპირველად 26 მაისის მოედანზე მაღალსართულიანი შენობის აგება იგეგმებოდა,  მაგრამ პროექტი შეჩერდა. ამასთან, ეს მიწა ჩვენ აღარ გვეკუთვნის და რა აშენდება, ნამდვილად არ ვიცი.

- მოედანი გაიყიდა?

- დიახ, მისი ნაწილი კერძო საკუთრება  იყო და გაიყიდა. არ ვიცი მისი ახალი მეპატრონის ვინაობა და არც ის, რის გაკეთებას აპირებს.

- თქვენ არ გაყიდეთ ეს მიწა? ვის მიჰყიდეთ, არ იცით?

- ეს 2006 წელს იყო და არ მახსოვს მყიდველის ვინაობა.

სასტუმრო ოქტომბერში გაიხსნება, 316 ნომერი ექნება და ოთხვარსკვლავიანის სტატუსით ისარგებლებს. შენობაში ჯერ კიდევ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება 26 მაისის მოედანს, აქ ჯერჯერობით "სიტი პარკის" საჯარიმო ავტოსადგომია.