დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები და... წაიკითხეთ პასუხები... - კვირის პალიტრა

დასვით თქვენთვის საინტერესო კითხვები და... წაიკითხეთ პასუხები...

ნახე! www.ambebi.ge და www.kvirispalitra.ge

ინტერნეტ პრესკონფერენცია

გიორგი: - გარუჯვის რომელ საშუალებებს მირჩევდით?

- გარუჯვისას  სიფრთხილეა საჭირო, მზის სხივები უნდა მივიღოთ თანდათანობით, მზარდი ოდენობით, რომ კანის დამწვრობა არ გამოიწვიოს. დამწვრობისაკენ განსაკუთრებით მიდრეკილი არიან წითური და ქერა ადამიანები. მათი კანი ძალზე ძნელად ირუჯება, შეიძლება მხოლოდ გაწითლდეს და დამწვრობაც განვითარდეს. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? დიდი მნიშვნელობა აქვს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობას და დროს.

საბანაოდ უმჯობესია გახვიდეთ დღის 12 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ. ზემოაღნიშნული კანის ტიპის ადამიანებმა მზისგან დამცავი კრემები უნდა გამოიყენონ, რომლებიც SPF-ს, მზისგან დამცავ ფაქტორს შეიცავს. რაც უფრო მაღალია კრემის ტუბზე გამოსახული რიცხვითი მაჩვენებელი, მით ინტენსიურად დაიცავს კანს დამწვრობისაგან.

ნინო: - მაქვს ძალიან ბევრი ხალი. რამდენად საშიშია ჩემთვის გარუჯვა და როგორ შეიძლება დავიცვა თავი უსიამოვნო შედეგისგან? მზისგან დამცავ რომელ კრემს მირჩევთ?

- დადგენილია, რომ არსებობს მზის სხივების ზემოქმედებით პიგმენტური ხალების ავთვისებიან სიმსივნედ - მელანომად გადაგვარების დიდი ალბათობა. ამდენად ექიმთა აზრით, ხალები დაცული უნდა იყოს მზის ინსოლაციისაგან. დაცვის საუკეთესო საშუალებაა მზის სხივებისგან თავის არიდება და არა დამცავი კრემები.

ამბროსი: - იმ წყვილისთვის, ვისაც უნდა ბავშვის ჩასახვა, რამდენად რეკომენდებულია ზღვაზე დასვენება, ბანაობა ან გარუჯვა. სისხლში ანტისხეულებზე ხომ არ იმოქმედებს?

- თუ ზღვაზე ყოფნისას დაიცავენ ჰიგიენის წესებს და გარუჯვის ნორმალურ რეჟიმს, წყვილს ზღვაზე დასვენება ზიანს არ მიაყენებს.

ნატო: - როგორ გავლენას ახდენს გარუჯვა ფერისმჭამელებზე?

- გარუჯვის შემდეგ აკნეიან პაციენტთა უმრავლესობას სახის კანი უუმჯობესდება - ჩირქოვანი ინფექცია ქრება. ასეთი დადებითი ზემოქმედება აიხსნება მზის სხივების ბაქტერიციდული თვისებით, აგრეთვე კანის ცხიმიანობის შემცირებით.

მაგდა: - ამბობენ, რომ სოლარიუმში გარუჯვა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, იწვევს კიბოს და ა.შ. მართალია თუ არა?

- საქართველოში ბუნებრივი პირობების გამო ადამიანი წლის განმავლობაში ბუნებრივად იღებს საკმაო ოდენობით მზის სხივს. სოლარიუმით კი სარგებლობენ წლის ისეთ დროს, როდესაც ბუნებრივ პირობებში არ შეუძლიათ გარუჯვა. ეს არის ზედმეტი, ხელოვნური დასხივება. ჭარბი ინსოლაცია საზიანოა ადამიანის ორგანიზმისათვის.

ნინო: - რამდენად დიდია ალბათობა ზღვაზე სტაფილოკოკის ან კანის სოკოვანი დაავადებების შეძენისა?

- თუ დაიცავთ ჰიგიენის წესებს (ბანაობის შემდეგ გადაივლებთ მტკნარ წყალს, პლაჟზე არ ივლით ფეხშიშველი) ინფიცირების საშიშროება არ გელით.