"ვუხსნი, კანონით რაც მოეთხოვებათ, მაგრამ ვერ იგებენ" (?!) - კვირის პალიტრა

"ვუხსნი, კანონით რაც მოეთხოვებათ, მაგრამ ვერ იგებენ" (?!)

ალბათ, ერთადერთი ადგილი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, გლდანის ბაზარია. ბაზრის მიმდებარედ ე.წ. სტაიანშჩიკი უფრო მეტია, ვიდრე მანქანის გასაჩერებელი ადგილი. როგორც იქნა, სასწაული მოხდა, მანქანა გავაჩერე და ბაზრის კიბეს ავუყევი.

- აბა, საუკეთესო ყავა, მოდი, გოგონი, დაგიფქვავ - მეპატიჟება შუახნის ქალბატონი - შვილო, დღეს მსოფლიოში ყავის მოსავალი იმდენი არ არის, რამდენიც ისმება და მინარევების დალევამ რომ არ მოგიწიოს, შენ თვალწინ დაგიფქვავ...

იქვე ორი მამაკაცი, ალბათ, მამა-შვილი, კარტოფილს ყიდის.

- მოდი, იყიდე, თორემ დამრჩა დღეს კრედიტი გადაუხდელი - სახე ჩამოსტირის მამას. შვილს სხვა სადარდებელი აქვს:

- გამომყვები ცოლად? - გაკრეჭილი ეკითხება დახლთან ჩავლილ ბაზრის თანამშრომელს, რომელსაც, ეტყობა, პირველად არ ხედავს...

- რაღა დაგიკლო,"ზუსტი წონაა, აბა, რა ჯანდაბაა?! - მესმის აქეთ-იქიდან.

დიდი ხანია ბაზარში გლეხები აღარ დგანან, ამიტომ აღარ მესმის ბავშვობის დროინდელი, მეხსიერებაში ჩარჩენილი: "ჩემი მარჯვენითაა მოყვანილი, ჩემი ნაოფლარია, შვილო!" დღეს მუშტრის მოსაზიდად სხვა ფრაზები ისმის: "გეფიცები, 50 თეთრზე ნაკლები მრჩება! "თურქული არ გეგონოს, ლაგოდეხში მაქვს აღებული"...

- მწვანილი არ გინდა, ლამაზო? ნახე, რამხელა კონებია - თავისი დახლისკენ მიხმობს თავწაკრული ბაჯი.

წითელ-ყვითელი ფერებით აჭრელებული დახლი შორიდანვე მხვდება თვალში. მიუხედავად იმისა, რომ სუნელების სკანდალის გამო საქმე აღიძრა და დაკანონდა, რომ სუნელი დაფასოებულ-ეტიკეტირებული უნდა იყიდებოდეს, ან მყიდველის თვალწინ უნდა იფქვებოდეს, გლდანის ბაზარში მხოლოდ დაფქული სუნელებით ვაჭრობენ. რატომ-მეთქი, რომ ვიკითხე, სხვადასხვაგვარად მიპასუხეს: "არ ვიცოდი", "მომავალში გავითვალისწინებ", "15 წელიწადია ვვაჭრობ და პირველად მესმის"..."მხოლოდ ერთმა გამყიდველმა მითხრა, რომ ჰქონდა იმ საწარმოს ლაბორატორიის დასკვნა, რომლის დაფქულ სუნელსაც ყიდდა.

- აქაურ სუნელს ყიდით თუ საზღვარგარეთიდან შემოტანილს? - საზღვარგარეთის სუნელს სუნი არ აქვს, ჩვენი ჯობია!

რძის ნაწარმითაც დავინტერესდი. კანონის თანახმად, ლაბორატორიის დასკვნა ყველა გამყიდველს უნდა ჰქონდეს, თუმცა იმედგაცრუებული დავრჩი და გამყიდველებიც გავაღიზიანე: "ივანიშვილს მოსთხოვე ეგ საბუთი!" - შემომიტია ერთმა. "დიახ, ჩემი პროდუქცია შემოწმებულია, თუ ლაბორატორიაში მაგულის იკითხავთ, გაჩვენებენ, როგორ ყველს ვყიდი", - მომიგო მეორემ.

მალხაზ ტაბატაძე, გლდანის ბაზრის ლაბორატორიის გამგე: - გარდა იმისა, რომ ვიწერთ რეალიზატორის მონაცემებს, ყოველ მეორე დღეს სარეალიზაციოდ გამოტანილ რძის პროდუქტს ვამოწმებთ და ლაბორატორიულ დასკვნებსაც გავცემთ.

- ეს დასკვნა გამყიდველსაც ხომ უნდა ჰქონეს? არც ერთს არ აღმოაჩნდა. - ზოგი კარგავს... პასუხისმგებლობას გაურბიან და ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ.

- ასლი თქვენთან არ ინახება? - არა. მხოლოდ ერთ საბუთს გავცემთ.

- სუნელიც რომ დაფქული და დაუფასოებელი იყიდება? - ამ საკითხს თავი ვერ მოვაბით, ერთხელ გავაფრთხილე, ორჯერ... როგორც ხორცი იჭრება ადგილზე, ისე უნდა იყოს სუნელიც - მომხმარებელი უნდა ხედავდეს, რას უფქვავენ. მე დაჯარიმების უფლება არ მაქვს, მაგრამ სიტყვიერად ვუთითებ...

- თუ სარეალიზაციო პროდუქცია მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ხომ შეგიძლიათ, არ შემოუშვათ ბაზარში? - ერთხელ არ დააყენებ, მეორედ... მერე შემოგტირებს, მიჭირს, შვილი ავად მყავსო... ვუხსნი, კანონით რაც მოეთხოვებათ, მაგრამ ვერ იგებენ. იცით, რა ძნელია?

ეკა სალაღაია