"ის დრო წავიდა, მაგრამ ბედნიერების განცდა არ მტოვებს" - კვირის პალიტრა

"ის დრო წავიდა, მაგრამ ბედნიერების განცდა არ მტოვებს"

სოციალურ ქსელში ანონსი ვნახე - თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით "შეხვედრები თეატრალურში" ციკლის ფარგლებში რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მსახიობ ნინო კასრაძესთან შეხვედრა იგეგმებოდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნინო კასრაძესთან გასაუბრების შანსი გეძლევა. ჩვენი შეხვედრა შედგა, უფრო სწორად, მსახიობის, სტუდენტებისა და მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული უამრავი ადამიანის, რომელიც ნინოს გაცნობის სურვილმა მოიყვანა თეატრალურ ინსტიტუტში. და აი, ისიც გამოჩნდა - თავმდაბალი, მსუბუქი, სადა მაკიაჟითა და თბილი ღიმილით.

- მე მაინტერესებს თქვენ რა გაინტერესებთ, რომელი კურსის სტუდენტები ხართ? - შეხვედრა ამ ფრაზით დაიწყო, - არ ვიცი, ეს შეხვედრა რას ისახავს მიზნად, გამოცდილების გაზიარებას? მაშინ გაგიზიარებთ, ჩვენ უკვე ძალიან ცოტას ვთამაშობთ, საიდან გახსოვართ? "ლისისტრატე და მოახლეები" - პასუხობენ სტუდენტები.

რას ითხოვს მსახიობობა

- რა არის ჩვენი პროფესია, თუ არ გიყვარს, თუ არ გინდა, აქ იყო... შემდეგ გხვდება დაბრკოლებები, რომელიც უნდა გადალახო. ძალიან გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივ პედაგოგებთან, არაჩვეულებრივ რეჟისორთან მოვხვდი. საერთოდ, ყველა რეჟისორი, ვინც შემხვდა, მეხმარებოდა, თანდათან სხვა ეტაპზე გადამიყვანეს. ჯერ სულ მე ვიყავი პატარა, მერე ერთ დღეს უცებ ვიღაცამ "ქალბატონო ნინოო" თქვა და მივხვდი, რომ მე უკვე დიდი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. შემთხვევით რომ არა ვარ მსახიობი, რამდენიმე წელია მივხვდი. ამან ძალიან ბევრი რამ გადამატანინა. ჩვენ, მსახიობები, როცა ვთამაშობთ, სტრესებისგან ვთავისუფლდებით.

წიგნები და ახალგაზრდობა

დღევანდელი ახალგაზრდები გაცილებით ნიჭიერები არიან, ვიდრე ჩვენ. მე რაღაცის მოსაფიქრებლად და გასაკეთებლად კითხვა მჭირდება. ისინი არაფერს კითხულობენ და საიდან მოსდით ასეთი კარგი იდეები? მოვა ახალგაზრდა, არაფერი წაუკითხავს და ისეთ რაღაცებს ამბობს, რომ გაოცებული ვარ. მე ყოველთვის მჭირდებოდა ველის გაფართოება. წიგნებში სულ პასუხებს, ცხოვრებისეულ სიტუაციებს ვეძებდი და პერსონაჟები მაძლევდნენ პასუხს. რობერტ სტურუა, ეს უნიკალური ადამიანი, რაღაცას რომ იტყოდა, თუ არ ვიცოდი, ერთი სული მქონდა, როდის გავვარდებოდი, წავიკითხავდი და შემდეგ რეპეტიციაზე უკვე ვიცოდი. სულ გაფაციცებული ვიყავი, რაღაც გამეგო, წამეკითხა. კითხვა მეხმარება მუშაობაში. მაგალითად, სპექტაკლში "ლისისტრატე და"მოახლეები" ფინალური სცენა პატრიკ ზიუსკინდის - მაინცდამაინც არ მიყვარს ეს მწერალი - "სუნამოს" ფინალური სცენიდანაა. ჯერ წარმოვიდგინე ამ წიგნის ბოლო სცენა და შემდეგ სპექტაკლში გადავიტანე. მე კითხვა მიყვარს, ჩემს 13 წლის შვილს კი, არა. ძალს მე ვარ და ძალს ის. ახლახან ძლივს წავიყვანე წიგნის ფესტივალზე, სადაც გოგოლის "მკვდარი სულები" წარვადგინე.

ბედნიერებაა, როცა...

ბედნიერებაა ის ცეცხლი, რისი დანთებაც შეუძლია ჩემს პროფესიას მაყურებლის სულში. მე ეს განცდა მაქვს ყოველთვის, როდესაც სცენაზე ვდგავარ და მაშინაც, როდესაც ვეღარ ვთამაშობ. ძალიან კარგ სპექტაკლებში მითამაშია, სამწუხაროდ, ის დრო წავიდა, მაგრამ ბედნიერების განცდა მაინც არ მტოვებს, პატარა რაღაცასაც რომ ვაკეთებ, ესეც ძალიან მიხარია. იმდენი ნეგატივია გარშემო, გინდა, რომ ბედნიერების განცდამ არ დაგტოვოს.

პირველი კინოროლი

პირველი კინოროლი იყო გიორგი შენგელაიას ფილმში "ორფეოსის სიკვდილი", პარალელურად "მაკბეთშიც" ვთამაშობდი რუსთაველის თეატრში. "მაკბეთიდან" ამომგლეჯდნენ, წამიყვანდნენ, გადამიღებდნენ, მერე დამაბრუნებდნენ. სულ ვტიროდი, პატარა ვიყავი და ვერ ვუძლებდი. ერთხელ ჯემალ ღაღანიძემ მითხრა, შვილო, ამ კაცთან ამოდენა როლს თამაშობ და სად მიდიხარო? სტურუა არ ბრაზდებოდა, თანამიგრძნობდა. გიორგი შენგელაია კი ბრაზობდა და ერთხელ მითხრა, აგერ დარეჯან ხარშილაძე, ამოდენა აქტრისა, როგორ იქცევა და შენ რა დღეში ხარ ეს ლაწირაკი გოგოო? მერე შევრიგდით.

ძალიან მინდა კინოში თამაში. სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" ჩემთვის დაახლოებით ათ ფილმში თამაში იყო. გადაღების წინ ჩემს თავს ვეუბნებოდი: "ნინო, აბა, მოემზადე, შეიძლება ეს ვეღარსად ითამაშო, შეირგე, რომ ეს ბედნიერება გხვდა წილად" და ვიწყებდით გადაღებას. ქალი შვილიანი, ქალი გაყრილი, ქალი სამსახურში - სერიალში ყველაფერი ერთად იყო. თეატრი რომ არა, კინოში თამაშს ასე იოლად ვერ შევძლებდი, თეატრი ხვეწს მსახიობს.

ხელოვანი მოკრძალებული, თავმდაბალი უნდა იყოს, თუმცა არც ამბიციურობა უნდა აკლდეს. "ჰამლეტში" გერტრუდას ვთამაშობ. სცენაზე გასვლამდე რამდენჯერ მიფიქრია, აი, აქ იდგნენ მედიკო ჩახავა, სალომე ყანჩელი-მეთქი და ცუდად გავმხდარვარ. ყოველთვის მახსოვს, რომ ჩემგან არაფერი დაწყებულა და არც ჩემით დასრულდება.

"ასეთი უნდა იყოს მსახიობი..."

ნანა ფაჩუაშვილი: "ნინო ძალიან მიყვარს. ჩვენ ერთ ოთახში ვსხედვართ. ეს ისტორიული ოთახია. თავის დროზე სალომე ყანჩელის, მედიკო ჩახავას, მარინა თბილელისა და ჩემი ოთახი იყო. მერე ნელ-ნელა ყველა დაგვაკლდა და ერთ დღეს ნინო შემომიერთდა. ნინო არაჩვეულებრივი პარტნიორია, ძალიან კარგი მსახიობი, ზედმიწევნით კარგი, თანამედროვედ მოაზროვნე. ასეთი უნდა იყოს მსახიობი, ინტელექტით, გარეგნობით... ნინო ჩვენი თეატრის ვარსკვლავია, საოცრად მზრუნველი ადამიანი. ყველას მისი იმედი გვაქვს. იცით, მსახიობის ცხოვრებაში დგება დღე, როცა თეატრი გულს გტკენს, არა აქვს მნიშვნელობა, დიდი მსახიობი ხარ თუ არა. ასეთ დროს დიდი მოთმინება გმართებს და ნინოც ითმენს. ადრე ყველა სპექტაკლში იყო დაკავებული, სამწუხაროდ, ახლა მთლად ასე არ არის. სამაგიეროდ, ახლახან წიგნის ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა".

ნინო წიფურია