"მივიყვანე ტრაქტორი და ამოვთხარე "ჩემი" საფლავი" - კვირის პალიტრა

"მივიყვანე ტრაქტორი და ამოვთხარე "ჩემი" საფლავი"

საქართველოს შეიარაღებული ძალების გადამდგარი უფროსი ლეიტენანტი გოჩა ბ., რომელიც 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ვეტერანია, ვინაობას რამდენიმე მიზეზით არ ამჟღავნებს. ერთ-ერთი ის არის, რომ იმ პირთა გაღიზიანებას ერიდება, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაურთულონ ცხოვრება მას და მისთანებს, მათ, რომელთაც სახელმწიფო ხელისგულზე უნდა ატარებდეს, მაგრამ ბედის ანაბარა ჰყავს მიტოვებული.

- როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, სამოქალაქო პირი გახლდით, ქუთაისში, ელექტრომექანიკურ ქარხანაში ვმუშაობდი. აფხაზეთში 1992 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩემი ძმადნაფიცის, დათო ზივზივაძის დედის თხოვნით წავედი. დათო დედისერთა იყო... დედამისმა სიკვდილის წინ მთხოვა, დათოსთვის ჩამეკითხა და შინ დამებრუნებინა. როგორ უნდა დამერწმუნებინა მეომარი, ბრძოლისთვის თავი დაენებებინა? მაგრამ დედამისს უარი ვერ ვუთხარი და მოხალისედ ჩავეწერე იმ ბატალიონში, სადაც დათო იბრძოდა.

1993 წლის 16 სექტემბერს, როდესაც აფხაზეთში ომი განახლდა და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, გამოცდილ მეომრებს რეზერვისტებიც შემოგვიერთეს. ამ გამოუცდელმა ბიჭებმა იარაღის ტარებაც არ იცოდნენ. მე ოცეულის მეთაურად დამნიშნეს. დათოც ჩემთან იყო.

იმ თვითმფრინავის ბორტზე, რითაც სოხუმში ჩამოვფრინდით, ჩვენთან ერთად ქუთაისის მიტროპოლიტი და ქუთაისის გუბერნატორი იყვნენ. ეს ის დღეა, სოხუმის აეროპორტში ჩვენების თვითმფრინავი რომ დაიწვა...

სოხუმში უმართავი ვითარება დაგვხვდა. ქუთაისის ბატალიონის მთავარი შტაბი ე.წ. ძველ რაიონში, სკოლის შენობაში იყო განთავსებული. ერთი დღე რეზერვისტებთან ერთად, შტაბში დავყავით, მეორე დღეს კი ახალ რაიონში დისლოკაციის ადგილებში გაგვანაწილეს და... ჩემი ბატალიონის 175-კაციანი შემადგენლობიდან 140 მეომარი დაგვეღუპა. 25 სექტემბერს დაიღუპა ჩემი ძმადნაფიცი დავით ზივზივაძეც.

არც იარაღი გვქონდა და ის, რაც გვქონდა, პოლონური ავტომატები, ყოველ წუთს გვღალატობდა, ტყვიებიც გაგვითავდა. შტაბიდან არავითარი ინფორმაცია არ მოდიოდა. რაკი არც უკან დახევის ბრძანება გვქონდა და ვერც წინ მივიწევდით, ჩემი ოცეულის ბიჭების ბედი მებარა, მათ ვერ მივატოვებდი, ამიტომ დათოს ნეშტი სხვა ბიჭების ნეშტებთან ერთად სხვა მეომრებს გადავაბარე, ჩვენ კი პოზიციის გამაგრება გავაგრძელეთ. 27 სექტემბერს სულ 36 ვაზნა გვქონდა დარჩენილი, ამიტომ გადავწყვიტე შტაბში წასვლა.

- შტაბში ვინმე დაგხვდათ? - ჩვენ არ ვიცოდით და ამ დროს სოხუმში თურმე აფხაზური დროშა ფრიალებდა. შტაბში კი მხოლოდ გარდაცვლილები დაგვხვდა. ასფალტზე ჩვენი დახოცილი თანამებრძოლები ეყარნენ. სათითაოდ დავიარე... იქნებ რომელიმე ცოცხალია-მეთქი. საკონტროლო გასროლით იყო ბევრი მათგანი მოკლული. ყველა იარაღაყრილი, გაქურდული იყო, არც ჩვენი მეთაურები ჩანდნენ - სოსო მაჭავარიანი და დიმა მეფარიშვილი. მერე გაირკვა, რომ მცირე ჯგუფთან ერთად მოუსწრიათ გასვლა. ერთადერთი ცოცხალი, მეტსახელად გურული, შენობის უკან ვიპოვე ხელში ხელყუმბარით, ადგილიდან არ იძვროდა, მტერს ელოდა.

- არც მან იცოდა, რომ ომი წავაგეთ? - არაფერი. რამე უნდა მომეფიქრებინა, რომ ჩემი რაზმი გადამერჩინა.

სომხების დასახლებასთან აღმოვჩნდით, არავის უნდა დავენახეთ, თორემ ან ჩაგვიშვებდნენ, ან დაგვხოცავდნენ. ჩვენამდე გარკვევით აღწევდა რუსულ-აფხაზური ომახიანი შეძახილები, ყიჟინა, სიმღერის ხმა, მაგრამ აზრადაც არავის მოსდიოდა, რომ ომი უკვე წაგებული გვქონდა.

წინ დიდი სიფრთხილით მივიწევდით, მხოლოდ ერთ ქალს ვესაუბრეთ, მასთან ჩემი რაზმელი გავგზავნე, გარეგნულად რუსს ჰგავდა. მოკლედ,

შევიტყვეთ, რომ ქართველებს ბაგრამიანის ბატალიონი და რუსები დაეძებდნენ. ზოგს იქვე ხვრეტდნენ, ზოგი კი ტყვედ მიჰყავდათ.

ჩემი 11-კაციანი რაზმი ვაჟკაცი ბიჭებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ ჩემ გარდა, არც ერთს არ ჰქონდა საბრძოლო გამოცდილება. სკოლის მასწავლებელი, მეწაღე, ტაქსის მძღოლი, სტუდენტი... აი, ასეთი ხალხი გამოუშვეს ომში. მოკლედ ზღვით უნდა გაგვეღწია ოჩამჩირემდე.

- მიუხედავად იმისა, რომ გზად რუსული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი იდგა? - შუქურასთან იდგნენ, მაგრამ იქ ქართველებიც გვეგულებოდნენ, ამიტომ ან უნდა გაგვერისკა, ან თავები დაგვეხოცა. რუსული არმიის ეს დანაყოფი, რომელსაც შემოკლებით დშბ-ს ეძახიან, მკვლელებად გაწვრთნილი გოლიათები არიან. მათ ხალხის დასარბევად, დასახლებების მიწასთან გასასწორებლად იყენებენ. სწორედ მათ ტყვეებად ვიქეცით მოგვიანებით.

- წინააღმდეგობა გაუწიეთ? - არა. 200-ზე მეტ გოლიათს ვერ შევეწინააღმდეგეთ და შემონახული თითო ტყვიით დატენილი იარაღის ჩაბარება ვარჩიეთ.

რუსებმა თავიანთ ბაზაზე მიგვიყვანეს თუ არა, რკინის კარს ორი ტანკი მოადგა. სომხები იყვნენ. ყვიროდნენ, ქართველები გადმოგვეცითო. რუსებმა გაუქმებულ აბანოში ჩაგვამწყვდიეს, მაშინ გავიგეთ, რომ ქართველები ომში დამარცხდნენ. მათი სიტყვებით, ზუგდიდიც კი აფხაზების ხელში იყო. მე და ჩემი ბიჭები განადგურებულები ვიყავით, ომი წავაგეთ, შტაბმაც კი მიგვატოვა.

- რამდენი ხანი გაატარეთ ტყვეობაში? - ერთი თვე ვიყავით გამომწყვდეულები აბანოში. პურს და წყალს გვაძლევდნენ. ერთ ჯარისკაცს, რომელიც ქართველებთან იყო ნაცხოვრები, ჩუმად "ასტრა" და ასანთიც მოჰქონდა.

- აფხაზები არ გამოჩენილან რუსულ ბაზაში? - დადასტურებულად ვერ ვიტყვი, ის სამი ბოხოხიანი კაცი, რომელიც ჩვენი ტყვეობის შემდეგ დღეებში ითხოვდა ჩვენს გადაცემას, აფხაზი იყო თუ სომეხი, რადგან ჩემი თანდასწრებით ხმა არ ამოუღიათ. ჩვენი ყიდვა უნდოდათ, მაგრამ რუსმა ვერ გაბედა ამისი გაკეთება.

- რატომ? - იმიტომ, რომ უცებ შეიცვალა სიტუაცია. ჯერ ერთი, "წითელმა ჯვარმა" გაიგო, რომ რუსებს ქართველი ტყვეები ჰყავდათ. მათ მოგვინახულეს და ჩვენი გვარებიც ჩაიწერეს, გარდა ამისა, შევარდნაძემ დსთ-ში შესვლაზე თანხმობა განაცხადა.

- ალბათ, შეურაცხმყოფლად გექცეოდნენ? - მე მაწამეს. დაბმულს ორი კბილიც ამომაძვრეს. ბიჭებს კი არავინ შეხებია, სიტყვით კი ათასგვარ საზიზღრობას გვეუბნებოდნენ, ჩვენი ფსიქოლოგიურად გატეხა უნდოდათ.

ერთი თვის შემდეგ ბომბორას აეროპორტში მიგვიყვანეს. იქ რამდენიმე ათასი შეიარაღებული რუსი სამხედრო დაგვხვდა - შავებში ჩაცმული, შეიარაღებული, ნავარჯიშები სამხედროები. ვის ვეომებოდით, ამათთვის როგორ უნდა მოგვეგო ომი-მეთქი, ვფიქრობდი, ან ამდენი ხანი რა სასწაულმა გაგვაძლებინა-მეთქი?

- აფხაზები ამბობენ, რომ მათ მოგვიგეს ომი. - აფხაზებს სად ჰყავდათ მეომარი? ომი რუსებმა მოიგეს. სოხუმისთვის ბრძოლის ბოლო დღეებში ნათლად ჩანდა, ვის ვეომებოდით, იმიტომ, რომ ქუჩის ბრძოლები მიდიოდა და მტერი ყველაზე ახლოს მაშინ იყო. ათი რუსის გვერდით შეიძლებოდა ერთი აფხაზი შეგემჩნია, ისიც იმისთვის, რომ გზა გაეკვლიათ უცხო ქალაქში. ბევრი მკვდარი რუსი მყავს ნანახი, ერთი რუსი სნაიპერი გოგონაც კი ვნახე.

- აეროპორტში სხვა ტყვეები არ გინახავთ? - ორი სატვირთო მანქანით ქართველები მოიყვანეს - ქალები, ბავშვები, მოხუცები. რუსის გენერალი გამუდმებით ბაქიაობდა, ჩვენ იარაღი არ გვჭირდება თქვენს დასაპყრობად, ჩვენი რუსული ჩექმები იოლად გათელავს საქართველოსო.

შემდეგ ყველა ბორტზე აგვიყვანეს. ვიღაცამ თქვა, ქუთაისის აეროპორტი უარს ამბობს სამხედრო ტყვეების მიღებაზეო. უფრო სწორად, ქუთაისის გუბერნატორი შაშიაშვილი აცხადებდა უარს. ბოლოს ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დაჯდა. მაშინ თავდაცვის მინისტრი ყარყარაშვილი იყო. ყველანი შტაბში წაგვიყვანეს, სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვით, თბილისელები სახლებში წავიდნენ, დანარჩენები კი ვერტმფრენით გადაგვაფრინეს ქუთაისში.

- როგორი იყო ოჯახის წევრებთან შეხვედრა? - დედა სახლთან დამხვდა, კიბეზე ჩამოდიოდა. შემხედა და ჩაიკეცა, საავადმყოფოში გადავიყვანეთ. დღემდე ვერ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან. ჩვენს მეთაურს უთქვამს, რომ დავიღუპეთ, ამიტომ როგორც ქრისტიანების წესია, ჩვენებმა წესიც აგვიგეს და საფლავებიც გაგვითხარეს. ყველა ჩემი ნაცნობი, მეგობარი თუ ნათესავი ჩემს ქელეხში უკვე ნამყოფია. დარდით დაცემული ოჯახები, 11 ცარიელი საფლავი, კედლებზე გადიდებული სურათები, ჩვენი დასაფლავებული ტანსაცმელი დაგვხვდა დაბრუნებულებს. არ იყო იოლი ამის გააზრება, ჰოდა, მივიყვანე ტრაქტორი და ამოვთხარე "ჩემი" საფლავი.

ჩვენი ოცეულის ერთ-ერთი წევრი, კოტე, ქუთაისში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. გულმა უმტყუნა, უთანასწორო ბრძოლებს გაუძლო, ტყვეობასაც, ფიქრს კი ვეღარ.

დედას მივხედე თუ არა, დათოს სახლში წავედი. ვიფიქრე, მივიდოდი, მივუსამძიმრებდი და დათოს საფლავზე წამიყვანდნენ, მაგრამ ოჯახმა არ მიმიღო...

- რატომ, თქვენ დაგაბრალეს შვილის სიკვდილი? - არა, მაშინღა გავიგე, რომ დათოს ნეშტი დაკარგულიყო. ვერ მოუხერხებიათ ბიჭებს მისი გადმოსვენება და მეც უკან, აფხაზეთში დაბრუნება და მისი საფლავის მოძებნა გადავწყვიტე.

ქართულ პარტიზანულ მოძრაობას შევუერთდი. იქ ბევრი ჩემნაირი გამწარებული მეომარი შევიკრიბეთ, მოსვენებას არ ვაძლევდით რუსებსაც და აფხაზებსაც. ხუთ წელიწადს გაგრძელდა ჩემი პარტიზანული ცხოვრება, ყველაფერს, შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც ვაკეთებდი, დათოს კვალზე რომ გავსულიყავი. რამდენჯერმე მიზანს ავცდი და სხვა მიმართულებით დავიწყე ძებნა, ბოლოს იმ მადლიანი ექიმის ამბავი გავიგე, რომელმაც ჩვენს მიცვალებულებს მიხედა - (გოჩას არ ახსოვს ექიმის ვინაობა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსის მოადგილე, კაპიტანი გივი იმნაიშვილი უნდა იყოს. - ავტ.), ის ჩვენი სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგი იყო. სწორედ მას გამოუყვანია ჩვენი დაჭრილები სოხუმიდან, მიცვალებულები კი, უკლებლივ ყველა, იქვე, აგუძერაში, ჰოსპიტლის ეზოში დაუკრძალავს. საფლავების ნახაზიც ჰქონდა შედგენილი. ამ ნახაზზე დათოს საფლავიც იყო. მისი მეტსახელიც კი ახსოვდა - "გეგუთა".

დათოს და მასთან ერთად სხვა ოთხი ჩემი თანამებრძოლის გადმოსვენება 2003 წელს მოვახერხეთ აფხაზეთის უშიშროების დახმარებით. ჩვენი მიცვალებულები პარტიზანული ბრძოლების დროს აყვანილ ტყვეში გავცვალეთ. იმ პირთა გვარებს, ვინც მაშინ დამეხმარა, ვერ დავასახელებ, მაგრამ მინდა მათ უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ ვუთხრა.

ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია გვამების იდენტიფიკაციაში იმან, რომ ჩვენი მიცვალებულები თავიანთი ნივთებით (ჯვარი, ძეწკვი, ბეჭედი, საათი და ა.შ.) იყვნენ დაკრძალული, თან ყველას ვინაობის დამადასტურებელი სანიშნე ეკეთა, რომელიც ამ არაჩვეულებრივმა ექიმმა ყველას თავისი ხელით შეაბა.

ამ ხუთი ბიჭიდან, სამის ამოცნობა ამ გზით მოხერხდა. ისინი არამიანცის საავადმყოფოში ესვენენ. ორის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან ბირკაზე მხოლოდ მათი მეტსახელები ეწერა, ანუ ის ინფორმაცია, რაც მათი საავადმყოფოში მისვენების დროს იცოდნენ. ისე დაკრძალეს, რომ პატრონი არ გამოუჩნდათ. ვიცი, ჩემი ბატალიონის ბიჭები სად დაასაფლავეს სოხუმში აფხაზებმა, 2003-წელს ვუთხარი ეს ამბავი შაშიაშვილს, მაგრამ ახლა მაგათი გადმოსვენების საშუალება სად გვაქვსო, მიპასუხა. ის ბიჭები ერთად წვანან, ერთ დიდ ორმოში. ღირსი არ არიან, რომ პატივით დავკრძალოთ?

- შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება? - მერე სამხედრო განათლება მივიღე და უფროსი ლეიტენანტი გავხდი, შეიარაღებულ ძალებშიც ვიმსახურე, მაგრამ ახლა უმუშევარი ვარ, აღარავის ვჭირდები. არადა, მინდოდა ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებისთვის გადამეცა.

2010 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანის სტატუსი ოფიციალურად მომენიჭა, მაგრამ ხელი ჩამომართვეს და მითხრეს, რომ 22-ლარიან პენსიას, რომელიც ომის ვეტერანებს გვეკუთვნის, ჯერ ვერ მომცემდნენ, რადგან მოწმობა სხვებზე გვიან ავიღე, ახალგამოჩენილი ვეტერანების საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოსო. არადა, ჩვენ, ცოცხლებიც და მკვდრებიც, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები ვართ.

დეა ცუცქირიძე