"ვინმემ რომ მითხრას, ცუდი მსახიობი ხარო, თავს გავუტეხავ" - კვირის პალიტრა

"ვინმემ რომ მითხრას, ცუდი მსახიობი ხარო, თავს გავუტეხავ"

მისი ცხოვრება არ ყოფილა ერთფეროვანი. ბევრი რამ ნახა, გამოცადა, შეიგრძნო, გადმოსცა, გაბრაზდა, გაიღიმა... მერე ეს ემოციები ზღაპრებში, ლექსებში, როლებსა თუ ინტერვიუებში გაგვიზიარა. მის თმაში თეთრმა იძალა, თუმცა გამოხედვა არ შესცვლია, არც საუბრის მანერა... კვლავ დინჯი და თავდაჯერებულია. მწერალი გურამ პეტრიაშვილი "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ბავშვობაში სად კოჭი ვითამაშე და სად ვიცურავე, ზედმიწევნით მახსოვს. ალბათ, იმიტომ, რომ ბედნიერი და ლაღი ხანაა. პოლიტიკური ამბები რომ აღარ მახსოვს, ამიტომ აღარ მახსოვს ის ადამიანებიც, რომლებიც პოლიტიკის გამო გავიცანი. ახლა საყვარელი თვალები რომ აქვთ, ისეთი ბავშვებისთვის ვწერ; კიდევ - იმ დიდებისთვის, რომლებშიც ბავშვი ცოცხლობს. სანამ ეს ბავშვია ჩვენში, მანამდე ვართ ადამიანები, როცა აღარ იქნება, მაშინ ჩვენც აღარ ვიქნებით ადამიანები.

ჩემს თავს ხშირად ვუწერ ნიშნებს. არ დამძრახოთ - როგორც მეზღაპრე, 10-ბალიანი სისტემით 11-ბალიანი ვარ. ლექსებიც მაქვს, 10-იანს რომ დაიმსახურებს, ისეთი.

- როგორ იბადებიან თქვენი პერსონაჟები? - პერსონაჟები თვითონ მოდიან გურამთანო - აგერ, პასუხი დამასწრო ინტერვიუს შემოსწრებულმა ბუბა ხოტივარმა. ვეთანხმები. როლებიც კარგად მითამაშია. რეჟისორი - ვერა, მაგრამ ვინმემ რომ მითხრას, ცუდი მსახიობი ხარო, თავს გავუტეხავ! რეჟისორს უნდა შეეძლოს, ყველაფერი გაწიროს ფილმისთვის. უნდა იყოს ეგოისტი და ბოლომდე მიიყვანოს ჩანაფიქრი, თუნდაც ქვეყანა დაინგრეს. ეს ვერ შევძელი.

- გადაღებები რომ გავიხსენოთ... - "ცისფერი მთების" გადაღებისას რამაზ გიორგობიანისთვის სიძულვილით უნდა მეყურებინა... არადა, რამაზისნაირი ძმაკაცი ბავშვობის შემდეგ არც მყოლია. "ადამიანთა სევდა" ყოველთვის უსაზღვრო სევდითა და სიყვარულით გამახსენდება. კინოში ხომ ხშირად ხდება - მზეა და ელოდები ღრუბელს, ან ღრუბელია და ელოდები მზეს, ამ მოლოდინში გურამ ფირცხალავა, მზია არაბული და ლაურა რეხვიაშვილი წამოიწყებდნენ ხოლმე სიმღერას. ამაზე სასიამოვნო არაფერი მომისმენია.

- გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდაში" დარდების შემგროვებელს ასახიერებთ...

- იცით, მართლა ვაგროვებდი, სინამდვილეშიც ვიწერდი კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ დარდებს. მერე დარდების წიგნი დავკარგე...

- თქვენ რა დარდი გაქვთ?

საუბარში ისევ ბუბა ხოტივარი ერევა:

- გურამის დარდი საქართველო და კაცობრიობის ბედ-იღბალია.

- ბრძანეთ, პოლიტიკაზე არ ვისაუბროთო, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში თქვენი პერსონა აპოლიტიკური არ არის. - პოლიტიკას გააჩნია. ზოგისთვის, ალბათ, ისიც პოლიტიკაა, როდესაც ზვიადს და მერაბს აბრალებდნენ, მხოლოდ "შპანა" უჭერდა მხარსო. ქართველი ინტელიგენციიდან პირველი ვიყავი, ვინც მათ გვერდით დადგა. ერთხელ ქართლოს ხოტივარს უთქვამს,"1990 წელს პეტრიაშვილი დიდი იდეებისთვის მებრძოლ გლადიატორს მახსენებდაო. ბუბა ხოტივარმა ეს რომ მითხრა, იმ ღამეს სიხარულისგან არ მძინებია.

- "მოგელანდებით!" პოლიტიკური იყო?

- ემოციური იყო და ზუსტი. თუ რამ პოლიტიკური მითქვამს, პირველი ეს ფრაზა იყო.

- უკრაინაში როგორ მოხვდით? - უკრაინაში ზვიად გამსახურდიას ელჩი გახლდით. მათ, ვინც სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, კეთილი საქმე გამიკეთეს, უსაყვარლესი საქმისთვის - ზღაპრების წერისთვის ბევრი დრო დამრჩა.

- როგორია დღეს საქართველო? - სამარცხვინო. საზოგადოება ე.წ. კაპიტალიზმმა გარყვნა, ფულის მონად აქცია.

- რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი თუ ხართ? - არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ... ერთხელ მერაბ კოსტავამ თავის ეზოში დამინახა და ეგონა, მის პარტიაში ჩასაწერად მივედი. სინამდვილეში დედამისს, დეიდა ოლიკოს ვეახლე და რამდენიმე სასიამოვნო სიტყვა ვუთხარი. მერაბმა მკითხა, რატომ არ ჩაეწერე ჩემს პარტიაშიო? ახლა მე შენ მხარს გიჭერ, როგორც რიგითი ქართველი მწერალი, შენი პარტიის წევრი რომ გავხდე, როგორც რიგითი თანაპარტიელი, იძულებული ვიქნები, ყველაფერში დაგეთანხმო-მეთქი. მერაბმა გამიღიმა და მითხრა, მართალი ხარ, ბიჭოო.

- რას ნანობთ? - ვნანობ, რომ არ მყავს ბევრი შვილი. ქართველ კაცს იმდენი შვილი უნდა ჰყავდეს, რომ მათი სახელები ერეოდეს ერთმანეთში. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოვრება. ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში, რომ ღმერთმა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა. მე მრავალფეროვნება მიტაცებს ხელოვნებაშიც, სპორტშიც... რა საინტერესოა, რომ ერთსა და იმავე ხელოვნებას ემსახურება - ალ პაჩინო და კლინტ ისტვუდი, ჩარლი ჩაპლინი და მარლონ ბრანდო. განგებ ვასახელებ უცხოურ გვარებს, რადგან ხშირად კარჩაკეტილობას მაბრალებენ. ასე არაა - ჰამლეტ გონაშვილიც ძალიან მიყვარს და "ბითლზიც", ლეილა აბაშიძეც და ჯულიეტა მაზინაც. მიხარია, როდესაც ტელევიზიით ვხედავ მესის, რომელიც საოცრებაა...

- ამჟამად რას საქმიანობთ? - ათასნაირ რაღაცას ვწერ. კმაყოფილი ვარ, რადგან ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს. თითქმის ყოველ კვირას მიწვევენ რომელიმე სკოლაში ბავშვებთან. შარშან თანამოაზრეებთან ერთად გამიჩნდა სურვილი ჟურნალის გამოცემისა. "სახალისო ჟურნალი" დავარქვით. "სახალისო" მხოლოდ სიცილ-კისკისსა და ხარხარს არ ნიშნავს. სარედაქციო კოლეგიაში ვართ: მე, ცნობილი ჟურნალისტები ვილენ მარდალეიშვილი, მამუკა ვაშაკიძე, ცნობილი კინორეჟისორი, კინოშედევრ "ლაზარეს თავგადასავლის" ავტორი ბუბა ხოტივარი და ცნობილი სცენარისტი, "ნეილონის ნაძვის ხის" ავტორი ამირან დოლიძე. ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი რუბრიკა იქნება "ნაირ-ნაირი ამბები". მაგალითად, "პირველ მერცხალში" ნათამაშევი როლისთვის დოდო აბაშიძეს თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის პრიზი რომ გადასცეს, თარჯიმანს გადაულაპარაკია: უბრალო არ გეგონოთ, მასში 32 გრამი ოქროაო. დოდოს წარბი აუწევია - რაც სპარსელებმა საქართველოდან ოქრო-ვერცხლი გაზიდეთ, ამ 32 გრამით გინდათ გამოისყიდოთო?! მოკლედ, კარგი ამბები ხომ ხდებოდა? ჰოდა, იმაზე ვწეროთ.

ყველას ვთხოვ, გამოგვიგზავნონ ნაირ-ნაირი ამბები. ჟურნალის პრეზენტაცია შედგება 20 ივნისს მწერალთა სახლში, 18.30 საათზე. გვეწვიეთ და არ მოიწყენთ.

ეკა სალაღაია