"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება

ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...

არადა, მსგავსისგან არავინა ვართ დაზღვეული. ამიტომაც მათი ტკივილი აუცილებლად უნდა გავინაწილოთ და თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ...

ყელში გაჩრილი ბურთით მოვისმინე თეა ლაზარაშვილისა და გიორგი ხალოევის 4 თვის მარიამის ამბავი. მის დედიკოსა და მამიკოს ამქვეყნად სხვა ნატვრა არ გააჩნია, რომ დაბადებიდან სასუნთქ აპარატზე მიერთებული შვილი ხელში აიყვანონ და გულში ჩაიკრან. ექიმები ამის ნებას არ აძლევენ, - პატარის სიცოცხლის რისკთან არის დაკავშირებული...

თეა ლაზარაშვილი: - გიორგი ოთხი წლის წინ გავიცანი, მალევე დავქორწინდით. თითქოს ჩვენმა გულებმა თავად იპოვეს ერთმანეთი. დალხენილად არც ერთი არ ვცხოვრობდით, ბავშვობაც კი არ გვქონია ბედნიერი, საკუთარი ჭერიც კი არ გაგვაჩნდა. მაგრამ ერთმანეთი იმდენად შეგვიყვარდა, ყველაფრის გადალახვას ერთად შევეცადეთ. ზაჰესის დასახლებაში ბინა შედარებით იაფად დავიქირავეთ და ორივენი ვმუშაობდით. ერთადერთი ის დარდი გვქონდა, რომ შვილი არ გვიჩნდებოდა, მაგრამ 3 წლის მერე დავფეხმძიმდი და ვერც აღვწერ, ეს რა ბედნიერება იყო. გიორგიმ მუშაობას მოუმატა - დღისით ზაჰესის პურის წისქვილში მუშაობდა, ღამით კი ტაქსაობდა, - იქნებ, სულ პატარა მიწის ნაკვეთი ვიყიდო, მშენებლობა მესმის და ერთ ოთახს თავად ავაშენებ, ჩემი შვილიც ხომ ჩვენსავით უსახლკარო არ უნდა იყოსო.

ორსულობისას სირთულეები არ მქონია. რას წარმოვიდგენდი, რომ წინ ამხელა განსაცდელი მელოდა... ფეხმძიმობის მე-20-ე კვირას ექოსკოპიის გადასაღებად მივედი და იქედან განადგურებული წამოვედი.

ექიმმა ისეთი რამ მითხრა, თავადაც ხმა გაებზარა - ნაყოფს მძიმე პათოლოგია აქვს, გახსნილი ხერხემლის მალებით იბადება და ორსულობა აუცილებლად უნდა შეწყვიტო, ნაყოფის გამოჯანმრთელების შანსი არ არსებობსო. იქედან ცოცხალ-მკვდარი გამოვედი და გიორგის ვუთხარი, რა ვქნათ-მეთქი. გიორგიმ მითხრა, - ბავშვის მოშორება აღარც ახსენო, ის უკვე ყველაფერს გრძნობს, მუცელზე ხელს რომ გადებ, თითქოს უხარია და მოძრაობს, ექიმი როგორ გეუბნება, რომ უნდა მოკლაო! მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობდი... თანაც იმედს ხომ არაფერი კლავს, ვიფიქრე, იქნებ ექიმი ცდება-მეთქი და გადასამოწმებლად ღუდუშაურის საავადმყოფოში წავედი. იქაც იგივე გამიმეორეს.

- და მაინც არ გიფიქრიათ ფეხმძიმობის შეწყვეტა?

- არ მიფიქრია. ამას ვერ ვიზამდი. თუმცა ღუდუშაურის საავადმყოფოში ერთი ციცქნა იმედი მაინც გამოჩნდა და ფეხმძიმობის ბოლომდე იმ იმედით ვიყავი: ექიმმა მითხრა, - ხერხემლის ოპერაციას გავაკეთებთ, მაგრამ პირობას ვერ მოგცემთ, ეს ოპერაცია შედეგიანი იქნება, თუ არაო. მეც ამ იმედით ვიყავი მშობიარობამდე. თუმცა, მშობიარობისას იმდენად რთული სიტუაცაია გამოჩნდა, რომ ბავშვი არც კი მაჩვენეს.

საბედნიეროდ, ხერხემლის შეერთების ოპერაცია მალევე გაკეთდა და ექიმმაც გახარებულმა მითხრა, მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბავშვი რეანიმაციაში დარჩება რამდენიმე დღე და მერე ვნახოთო…. რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრეს, - მარიამს სახლში ვერ გაგატანთ, ბაშვი საავადმყოფოს გარეშე ვერ იცოცხლებსო. ტირილი ამიტყდა, - რატომ-მეთქი? იმიტომ, რომ ხერხემლის პათოლოგიის გამო ნეკნები იმდენად აქვს დეფორმირებული, რომ თავისით ვერ სუნთქავს, ნეკნების ოპერაციას, კიდევ, ასეთ პატარა ასაკში ვერ ვაკეთებთ, უნდა დაველოდოთო.

დღეში საათით გვაძლევენ ნახვის ნებას ექიმები. იმ ერთ საათში ვერ ვასწრებთ მის მოფერებას, ფრთხილად ვეალერსებით. შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?

- როგორც ვიცი, თურქეთის კლინიკიდან მოგივიდათ პასუხი, რომ მარიამს ამ ოპერაციას 20000 დოლარად ჩაუტარებენ.

- დიახ და ამ იმედს, როგორც ხავსს, ისე ვებღაუჭებით. ჩვენ არც აქამდე ვცხოვრობდით დალხინებით და მომავალშიც ასე ვიცხოვრებთ, სხვა არაფერი გვინდა, ოღონდაც ეს ფული როგორმე შეგვიგროვდეს და მარიამს ოპერაცია გავუკეთოთ; მერე კი ჩავიხუტოთ, სულ ეს არის ჩვენი სურვილი. აი, თქვენც იმიტომ გესაუბრებით, - იქნებ სასწაულებიც ხდება და ასეთი სურვილები სრულდება?

სასწაულები ნამდვილად ხდება. სიკეთე არსებობს და სიკეთის მკეთებელი ადამიანებიც არსებობენ.

მათ, ვინც პატარა მარიამის დახმარებას გადაწყვეტს საბანკო რეკვიზიტებს ვთავაზობთ:

მიმღები ბანკი; თიბისი ბანკი.

TBCBGE22. ანგარიში: GE87TB7013145063600098 მიმღები: გიორგი ხალოევი.

ტელეფონი: 598900562

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)