"რად უნდა ქალს "ქართვლის დედის" სტატუსი, თუ თვითონაც მშიერი იქნება და შვილებიც მშივრები ეყოლება?" - კვირის პალიტრა

"რად უნდა ქალს "ქართვლის დედის" სტატუსი, თუ თვითონაც მშიერი იქნება და შვილებიც მშივრები ეყოლება?"

"მრავალშვილიანებს სხვა პრივილეგიები უნდა მივანიჭოთ"

ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოთქვა მოსაზრება, რომ დედას, რომელიც ქვეყანას მრავალ შვილს აღუზრდის და რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სამშობლოს წინაშე, მიენიჭოს ქართვლის დედის სტატუსი, რა ეროვნებისაც უნდა იყოს ის. ამ სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესს ეხება. ინიციატივის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდიას. კერძოდ, მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთი ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით და UშAID-ის კვლევების მიხედვით, 2032 ქვეყანას შორის მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების კუთხით საქართველო მე-16 ადგილზეა, შობადობით კი 174-ე ადგილზე. სწორედ არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გახდა დეპუტატის ამ ინიციატივის საფუძველი, რაც მისივე თქმით, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საქილიკო თემად იქცა.

სიმონ ნოზაძე:

- ჩემი უმთავრესი მიზანია, მადლიერება გამოვხატო მრავალშვილიანი დედების მიმართ. მე ინიციატივა კი არ დავაყენე, როგორც ეს მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, უბრალოდ, მოსაზრება გამოვთქვი და მომხსენებელს - დიმიტრი ხუნდაძეს დავუსვი კითხვა: ხომ არ გიფიქრიათ ქართვლის დედის სტატუსის შემოღებაზე-მეთქი? უარყოფითი პასუხი მივიღე და ამ თემაზე საუბარი აღარ გავაგრძელე. ჩემი აზრი ასეთია: რადგან საქართველოში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, ნებისმიერი ქმედება - მორალური თუ მატერიალური, რომელიც სტიმულს მისცემს ქალებს და შობადობას გაზრდის, მისასალმებელია. თუ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და მედია ამ თემით დაინტერესდება და შემდგომ ამას საკანონმდებლო ინიციატივის სახეც მიეცემა, მაშინ ვფიქრობ, ქართვლის დედის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ დედებს, რომლებიც 4-5 და მეტ შვილს გაზრდიან ქართული ცნობიერებით, ანუ თუ ეცოდინებათ საქართველოს ისტორია, მშობლიური ენა, იქნებიან ქვეყნის სამსახურში და ა.შ. ეს სტატუსი, რა თქმა უნდა, მატერიალურ მხარდაჭერასაც გულისხმობს, დედების წახალისება რომ მოხდეს. მე არაფერი დამიჟინია და მომითხოვია, მხოლოდ იდეა შევთავაზე.

- ბატონო სიმონ, თქვენ რამდენი შვილი გყავთ? თქვენი მეუღლე თუ მიიღებს ქართვლის დედის სტატუსს?

- ჩემი მეუღლე, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს, რადგან მხოლოდ 2 შვილი გვყავს, რის გამოც დღემდე გული მწყდება. მეუღლე მეხვეწებოდა, მეტი ვიყოლიოთო, 4 შვილი უნდოდა, მაგრამ ვერ გავრისკე. იმ პერიოდში აირია ცხოვრება, თან ოფიცერი ვიყავი და ჩემი პროფესიის გამო მეშინოდა, ბავშვები ობლად არ დარჩენილიყვნენ. ქალბატონი ბრძანდებით და აბა, წარმოიდგინეთ, რამხელა გმირობაა, 7 და 8 შვილი აღუზარდო ქვეყანას? პატრიარქის ინიციატივამ, მესამე შვილის მონათვლის შესახებ, რამდენს გადააწყვეტინა ბავშვის გაჩენა. ასე რომ, მორალურ მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ფინანსურსაც...

სალომე გოგიაშვილი, ჟურნალისტი:

- ეს მხოლოდ და მხოლოდ წახალისების მიზნით თუ იქნება, არა მგონია, ამან დემოგრაფიული მდგომარეობა გააუმჯობესოს და ბევრს გაუჩინოს მრავალშვილიანობის სურვილი. გააჩნია, რა თანხით დაეხმარებიან, რადგან 4 შვილის გაზრდა იოლი არ არის. ფუფუნებაა ბევრი შვილის ყოლა, გაზრდა და მათთვის სწვალა-განათლების მიცემა. თუ მატერიალურადაც დაეხმარებიან, კარგი იქნება, ოღონდ - 100 ლარით კი არა, ისეთი თანხით, შვილების შენახვა რომ გაუადვილდეთ. მხოლოდ სტატუსების მინიჭება, ტიტულების დარიგება და სიგელების გადაცემა არაფრისმომცემი და არაეფექტიანი იქნება. თუ იმაზე ვზრუნავთ, რომ ერი გამრავლდეს და მეტ ქალს გაუჩნდეს სტიმული, არ გაიკეთოს აბორტი და ბევრი შვილი იყოლიოს, მაშინ ფინანსური ხელშეწყობა აუცილებელია.

- თქვენ რომ მოგანიჭონ ეს სტატუსი, არ გესიამოვნებათ?

- ამ ეტაპზე, ღმერთის წყალობით, მატერიალურად მაქვს იმის საშუალება, რომ 4 შვილი გავზარდო და შეიძლება არ მივიჩნიო, რომ ამის გამო გმირი დედა ვარ, მაგრამ სხვაში, ვინც გაჭირვებით ზრდის შვილებს, ეს აგრესიასა და გაღიზიანებას გამოიწვევს, ასე მგონია. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სასიამოვნო იქნება ამ სტატუსის მონიჭება. რაც შეეხება ქართული ცნობიერებით აღზრდას, მე ზუსტად ისე ვზრდი შვილებს, როგორც გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, ანუ არ ვაცხოვრებ ზღაპარში. მათ იციან ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ და რომ გაიზრდებიან, თვითონ უკეთესად მიხვდებიან, ვინ რა გააკეთა ქვეყნისთვის და რას ნიშნავს იყო პატრიოტი. გამიზნულად პატრიოტად აღზრდას მიზანშეწონილად არ ვთვლი, რადგან ჯერ პატარები არიან. ამ ეტაპზე ჩემი მიზანია, ისინი გავზარდო ნამდვილ კაცებად, ეს კი თავისთავად გულისხმობს, იყვნენ პატრიოტები! გაგრძელება