რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე? - კვირის პალიტრა

რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე?

საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა., მიტროპოლიტ შიოს პატრიარქის მოსაყდრის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არ განიხილება.

მისივე თქმით, მოსაყდრის დასახელება პატრიარქის პრეროგატივაა და მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების საკითხი არანაირად არ დადგება.

"უფრო მეტიც, შესაძლოა, მოსაყდრის უფლებები ამ სხდომაზე პატრიარქის მიერ კიდევ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდეს", – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მას აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დღეს სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მოკვლევას ატარებდა, დეკანოზის შესაძლო დანაშაულზე საკუთარ შეფასებას სინოდის წევრებს გააცნობს. რამიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ერთმა ჯგუფმა ასევე მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაც მოითხოვოს.

"მე როგორც ვიცი კულუარულად, ერთ-ერთი საკითხი სავარაუდოდ, იქნება მამა გიორგის საქმე. წინა შეხვედრაზე თითქოსდა კომისია შეიქმნა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა რაღაც მოკვლევა. თუ ისინი მხოლოდ იმას დაეყრდნობიან, რაც პროკურატურამ თავიდანვე თქვა, არ ვიცი. ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მათ უნდა გაეკეთებინათ შეფასება იმაზე, რამდენად რეალურად იყო დანაშაულის ჩადენაში მხილებული მამა გიორგი", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ დეკანოზთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზი და მეუფე საბა იმყოფებოდნენ. გამორიცხული არაა, რომ დეკანოზმა მეუფეებს სინოდის წევრებთან გარკვეული მოსაზრებები და თხოვნები გადასცა.

"ინტერპრესნიუსი"