"მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან" - სინოდის სხდომა დასრულდა - კვირის პალიტრა

"მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან" - სინოდის სხდომა დასრულდა

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებთან ჭყონდიდელმა მიტროპილიტმა პეტრე ცაავამ აღნიშნა, მას მეუფე შიოს მოსაყდრეობა ლეგიტიმურად მიაჩნია: "მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქისგან, როგორც მოსალოდნელი იყო - მეუფე შიო, დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ".

პეტრე ცაავას განმარტებით, სინოდის სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზეც იყო მსჯელობა.

"ვიმსჯელეთ და აქაც ძალიან გონივრული პოზიციაა წმინდა სინოდის მხრიდან, რომ ამ თემაზე ვიფიქრებთ. ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოკვეთოს თავისი პოზიცია", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე: მხარს დაუჭერს, თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს საქართველო, პეტრე ცაავას განმარტებით, ეს სკითხი ასე არ დგას.

"საკითხი ჯერ ასე არ დგას. ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს. უამრავი შეკითხვაა და ჩვენც ასევე, პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავებთ, როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკარაინას, 49 მილიონიან ქვეყანას, დამოუკიდებელს, რა ქმა უნდა, დამოუკიდებელი ეკლესია უნდა ჰქონდეს და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესუალურად ეგ საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომაზე "ციანიდის საქმის" საკითხი ზოგადად დასმული იყო.

კითხვაზე, რა ითქვა სხდომაზე "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით, მიტროპოლიტმა განაცხადა: "ითქვა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა "ციანიდის საქმესთან" მიმართებაში. ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტის, ზოსიმეს თქმით, მეუფე შიო დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით, რაც ნიშნავს, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა დასაშვებია.

"არაფერი შეცვლილა, ყველაფერი დარჩა ისევ ისე. უბრალოდ, ის დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრით და მივულოცეთ", - განაცხადა მეუფემ.

მიტროპოლიტს ასევე კითხვით მიმართეს, იყო თუ არა მსჯელობა წმინდა სინოდის სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მეუფე ზოსიმემ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით საკითხი უბრალოდ მოისმინეს.

"უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე სინოდმა მოისმინა ინფორმაცია, ეკლესია სწავლობს ამ საკითხს და მომავალში იქნება გამოტანილი დადგენილება", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

"ინტერპრესნიუსი"