რის გამო უხდის ბოდიშს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს - კვირის პალიტრა

რის გამო უხდის ბოდიშს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოსამართლე ირაკლი კოპალიანს დღეს გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის. როგორც "ინტერპრესნიუსს" მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მეუფე იაკობის წინააღმდეგ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მდივანმა განუმარტა, რომ პროცესი გადაიდო, რაც მოსამართლის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. რამიშვილის თქმით, მას ეგონა, რომ ამ გზით ხდებოდა პროცესის გაჭიანურება და მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოხარული იქნებოდა, თუ საქმეს "ჯანმრთელი მოსამართლეები განიხილავდნენ".

რამიშვილის განმარტებით, ამ განცხადების შემდგომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქმის მოსამართლეს მართლაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც პროცესი გადაიდო. ადვოკატი მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოსამართლეს ბოდიშს უხდის.

"პატიება მინდა ვთხოვო მოსამართლე ირაკლი კოპალიანს. სამწუხაროდ, დღეს ჩემს მიერ გაკეთებული განცხადების შემდგომ შევიტყვე, რომ მას მართლა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე", - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

მეუფე იაკობის წინააღმდეგ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა სასამართლოში დღეიდან უნდა დაწყებულიყო. რამიშვილი მეუფე იაკობს იმ განცხადების გამო უჩივის, რომელიც მეუფემ ერთ-ერთ ეთერში გააკეთა და მიხეილ რამიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეში, რომელზეც ის ოჯახის ადვოკატად გამოდიოდა, ჩანერგილ აგენტად მოიხსენია.

"ინტერპრესნიუსი"