"დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება" - კვირის პალიტრა

"დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება"

ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოში, სინოდის სხდომაზე მისასალმებელ სიტყვაში ბრძანა.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ ოქმში აღნიშულია, რომ მისასალმებელ სიტყვაში კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს და რომ ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი, როგორც ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთე. ასევე, კათოლიკოს-პატრიარქმა საიუბილეო თარიღი მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს.

"ინტერპრესნიუსი" საქართველოს პატრიარქის მისასალმებელ სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

"3000 წელზე მეტი ხნის სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ჩვენმა ქვეყანამ წელს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავი იზეიმა.

ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან დამოუკიდებლობა თავისუფლებასთანაა წილნაყარი და, ამდენად, ღვთისგან ბოძებული დიდი სიკეთეა.

განსაკუთრებულია ხელისუფლების პასუხისმგებლობა თავის მოქალაქეებთან მიმართებაში და ხალხის პასუხისმგებლობაც, - ქვეყანასთან მიმართებაში.

ერთის მხრივ დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ამასთან, თანამედროვე ყოფაში უნდა მოხდეს ტრადიციული ღირებულებების, სულიერ-კულტურული და ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება, ტერიტორიული მთლიანობისთვის ზრუნვა, ენის სიწმინდის დაცვა და რწმენის განმტკიცება, რომ ქვეყანამ სწორი პასუხი გასცეს დროის გამოწვევებს.

საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვულოცავთ ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ ღვთისა და ქვეყნისათვის ერთგულ მსახურებას.

უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ!“, - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა მისასალმებელ სიტყვაში.

საქართველოს საპატრიარქო სინოდის სხდომის ოქმს აქვეყნებს. ოქმში აღნიშნულია, რომ სხდომის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო. ხდომის მდივანი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. სხდომას ესწრებოდა 43 მღვდელმთავარი, არ ესწრებოდა 4 მღვდელმთავარი. წმინდა სინოდის სხდომა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გახსნა.

"ინტერპრესნიუსი"