"გოგო შეიძლება ერთი შეხედვით მომეწონოს, მაგრამ მთავარი ეს არ არის..." - ვინ არის "ვაკელი ზურაშა"? - კვირის პალიტრა

"გოგო შეიძლება ერთი შეხედვით მომეწონოს, მაგრამ მთავარი ეს არ არის..." - ვინ არის "ვაკელი ზურაშა"?

"კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."

ირაკლი ჩხიკვიშვილი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ვაკელი ზურაშას როლმა მას პოპულარობა მოუტანა. როგორ მოხვდა სერიალში, რა დროს მიდის რისკზე, რას ფიქრობს პოპულარობაზე, არის თუ არა შეყვარებული და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს, მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ქირურგობა მომწონდა და გატაცებული ვიყავი, მაგრამ ეს ბავშვობის აუხდენელ სურვილად დარჩა. პროფესიით სამართალმცოდნე და მარკეტოლოგი გახლავართ. დრამატურგიასთანაც "ახლოს ვარ". ძირითადად, ბიზნესით ვარ დაკავებული და მიღებულ განათლებას ამ საქმიანობაში ვიყენებ... სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" შემთხვევით მოვხვდი. ჩიკას როლის შემსრულებელმა მთხოვა, ეპიზოდურ როლზე თამაშს დავთანხმებოდი და ეს "ეპიზოდი" დიდხანს გაგრძელდა..."

"გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ. აქედან გამომდინარე, ადამიანი გარეგნობით არც არასდროს შემიფასებია. გოგო შეიძლება ერთი შეხედვით მომეწონოს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის. მისი შინაგანი ბუნება გაცილებით საინტერესოა. კაციც საქციელით და მამაკაცურობით უნდა გაზომო. კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს..."

"არის თვისებები, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს, არა მხოლოდ გოგოს, არამედ ჩემ გვერდით მყოფ მეგობრებს. ის აუცილებლად ერთგული უნდა იყოს, საინტერესო და კარგად მოსაუბრე. გარეგნობა არის დამატებითი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება თავიდან მოგხიბლოს, მაგრამ მონათესავე სული თუ არ აღმოჩნდა, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, უინტერესო იქნება..."

ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 21 ივნისის ნომერში წაიკითხავთ...

თამუნა კვინიკაძე