"ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები, რადგან სათვალე მიკეთია..." - კვირის პალიტრა

"ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები, რადგან სათვალე მიკეთია..."

ლიკუნა თუთისანმა "X ფაქტორის" ორშაბათის ტურზე გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად იმღერა. მისი მოლოდინი, რომ კარგი დუეტი გამოვიდოდა, გამართლდა. "ჩამოყალიბებული არტისტი", "გონიერი მომღერალი", "შენ შეძელი და ამატირე. მე თუ ვტირი, ე.ი. ძალიან მომწონს", "როდესაც ვუსმენ, სიცოცხლე მიხარია, დაბადებულია სიმღერისთვის", "გარდა ფენომენალური ვოკალისა, აქვს საოცარი არტისტული მონაცემები", -ასეთი იყო სხვადასხვა დროს ჟიურის წევრების შეფასება... ლიკუნა 15 წლისაა, უყვარს ჯაზი, ბლუზი, პოპი, უსმენს სტივ უანდერს, რეი ჩარლზს, არიანა გრანდეს, ანეტა ფრანკლინს...

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ცელქი, თავისუფალი, გახსნილი, გიჟი ბავშვი ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ (იცინის). მიყვარს ფრენბურთი, კალათბურთი, ფიგურული სრიალი. მოკლედ, სპორტულად აქტიური ვარ. დავდიოდი თეატრალურ სტუდიაშიც. ბუნებით მეოცნებე და რომანტიკული ვარ. ყველგან სიყვარულსა და სითბოს ვეძებ, ვწერ დღიურს, გულჩვილი ვარ და მალე მწყინს რაღაცები, გაბუტვაც ვიცი..."

"თვისებებითა და ხასიათითაც უნდა მგავდეს, რომ კარგად გავუგო. მთავარია, კარგი ადამიანი იყოს, კეთილი, მეგობრული, თავმდაბალი და გულწრფელი. არ მიყვარს, როდესაც პატარები დიდებად წარმოაჩენენ თავს, სჯობს ნამდვილები და ბუნებრივები იყვნენ. ნაძალადევი არაფერი მომწონს. ჩემზე ყველა აღნიშნავს, რომ გულწრფელი ვარ, რაც ძალიან მახარებს..."

"სკოლებში ბიჭებიცა და გოგონებიც ერთმანეთს ჰბაძავენ. ჰგონიათ, რომ ყველაზე მაგრები არიან, რატომღაც აგრესიულები ხდებიან და ამას ნორმალურად თვლიან. ხშირად დასცინიან ერთმანეთს. ნამდვილად ყოფილა ასეთი ფაქტები, ჩემთვისაც უთქვამთ არასასიამოვნო სიტყვები იმის გამო, რომ სათვალე მიკეთია..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 21 ივნისის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი