"როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა" - რატომ მივიდა სუბელიანი სარალიძის ოჯახში?
22-06-2018
"როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ბევრ ბავშვს გავესაუბრე და არც ერთს მშობელმა საუბარი არ აცადა" - რატომ მივიდა სუბელიანი სარალიძის ოჯახში?
როდესაც ჩემი შვილი მიწას მივაბარეთ, ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, იმ ბავშვებმა, რომლებსაც ის მომხდარიდან მალევე თავად გაესაუბრა, გამოძიებას განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდეს.

დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს და მათ
ადვოკატებს უსმენენ.

"1-ელ დეკემბერს, როდესაც საავადმყოფოში იწვა ჩემი შვილი, იქ იყო თითქმის მთელი 51-ე სკოლა და არა მხოლოდ ისინი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა. იქ ასევე იმყოფებოდნენ ჩემი მეგობარი იურისტები და პოლიციელები. მათაც და მეც ყური მოვკარით, რომ
ძირითადად სახელდებოდა მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია და გ.ჯ. თავისთავად.

სანამ არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სიმართლეში, მანამდე ხმაც არ ამომიღია და არც მათი სახელები მითქვამს. როდესაც ბავშვი მივაბარეთ მიწას, რაღაც პერიოდის შემდეგ დავუძახე ყველას. ძალიან ბევრ ბავშვს გავესაუბრე, რომლებსაც თავიანთი მამები ახლდა თან. მაინტერესებდა რას იტყოდნენ განმეორებით. სამწუხაროდ, არც ერთ ბავშვს არ აცადა საუბარი არც ერთმა მშობელმა. ბავშვს რომ ვუსვამდი კითხვას, მშობელი მცემდა პასუხს. შემდეგ საუბარი მქონდა უშუალოდ ჩემი შვილის მეგობრებთან დ.ღ-სთან და დ.ნ-სთან. მათთან საუბარი ჩავიწერე და რასაც ისინი ამ ჩანაწერში საუბრობენ, აბსოლუტურად უარყვეს სასამართლოზე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი მასთან სახლში მივიდა, ოჯახს ბოდიში მოუხადა და საჩუქრად ბიბლია და ხატი გადასცა.

"მირზა სუბელიანი ჩემთან სახლში იყო მოსული. ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ. სასამართლო პროცესზეც მომიბოდიშა, მომისამძიმრა. სახლში როცა იყო მოსული, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, ჩემი მეუღლე იყო. ბოდიშის მოხდის და მოსამძიმრების მიზნით მოვიდა. ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და წმინდა გიორგის ხატი ბავშვის სახელზე. დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, გარდა იმისა, რომ ტელეფონით მირეკავდა სახლში მოსვლამდე, იმის დადგენა უნდოდა, სახლში ვიყავი თუ არა და ისევ და ისევ მიბოდიშებდა, რომ ალბათ, რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო", - განაცხადა სარალიძემ.

მისივე თქმით, სამხარაულის ექსპერტიზა გასაუქმებელია და ხელახლაა ჩასატარებელი.

"გასაუქმებელია იქიდან გამომდინარე, რომ იქ კონკრეტულად არაფერზე არ არის საუბარი. ექსპერტს კითხეს, შესაძლოა თუ არა იდენტური დანები დაახლოებით 5 ყოფილიყო გამოყენებული ჩემი შვილის ნაწილში, მან თქვა, რომ არ გამოვრიცხავო, შესაძლებელიაო. აქედან გამომდინარე, ეს დასკვნა აბსურდულია.

ამასთან, სამხარაულის ექსპერტიზამ დამალა და არ იმსჯელა ტანსაცმელზე არსებულ დაზიანებებზე, რომელიც პირდაპირ გამორიცხავდა მხოლოდ და მხოლოდ დანების მოქმედებას.

დაზიანებული იქნა საქმეში არსებული ერთ-ერთი დანა, რომელიც, როგორც თვითონ განმარტეს, დაზიანდა საექსპერტო მოქმედების დროს. გამოცადეს მუყაოზე, ქაღალდსა და ნაჭერზე. რომელმა მუყაომ გაღუნა დანის წვერი? გასთვალისწინებელია, რომ ამ დანას ედავებოდნენ ჩემი შვილის ნაწილში 10 ჭრილობას და ლევანის შემთხვევაში ნეკნის გატეხვას. ამ ჭრილობებმა ვერ გაღუნეს და მუყაომ გაღუნა? ეს იყო მიზანმიმართულად დაზიანებული დანა.

არ იყო გამოკვლეული ლევან დადუნაშვილის შარვალზე მიშხეფებული სისხლი. ვის ეკუთვნის არ არის დადგენილი.

როგორ მოხდა, რომ დანაზე, რომელსაც ჩემი შვილის დაჭრაშიც ფიგურირებს, ჩემი შვილის დნმ პროფილი წაიშალა და ლევან დადუნაშვილის დარჩა?

ამომწურავი პასუხი ექსპერტიზის ბიუროს არაფერზე არ გაუცია," - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

იხილეთ ასევე: "ვეძებ სამ გოგოს, რომლებიც უნდა შესწრებოდნენ ხორავას ქუჩაზე ჩხუბს და საქმის მასალებში არ ფიგურირებენ"

დიახ.
04 აგვისტო 2018 08:10
გაახმოვანეთ მკვლელობის მიზეზი.,მართალია ეს მკვლელობას არ ამართლებს, მაგრამ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება.

რედაქტორის რჩევით