რა გიხარია, მტერო?
მტერი ჩვენს მიწაზე მიდი-მოდის და ქირქილებს. ტყუილად გიხარია, მტერო. სულ უნდა გაგვწყვიტო, ეგ მიწა რომ დავივიწყოთ. მაგრამ ამას რანაირად იზამ?

მამის "ღიმილის ბიჭები"

მტერი ჩვენს მიწაზე მიდი-მოდის და ქირქილებს. ტყუილად გიხარია, მტერო. სულ უნდა გაგვწყვიტო, ეგ მიწა რომ დავივიწყოთ. მაგრამ ამას რანაირად იზამ? - ჩვენი სანათა შვიდ შვილს და მერვეს ქმარს თავისი ხელით გათხრილ საფლავში აწვენდა და თან იმედს დასძახოდა - ეგებ ინებოს ბატონმა, გაგვმარჯვებიყოს მტერზედა, თუ ამას გავიგონებდი, არ
ვიგლოვებდი მკვდრებზედა!

ამას შენ გეუბნები, მტერო...

ჩვენთვის კი შაინიძეების ამბავს მოვყვები - სამი ძმისა და მეოთხე - მამის, გულნაჭდევებიანი მაღლიდან რომ დასცქერის ბედისწერას, - ისიც დევნის და ვერ წააქცია... 1989 წლიდან. მაშინ ხულოში მეწყერს წაჰყვა მისი სახლ-კარი... ასლანი, სულხანი და რუსლანი უკვე ჰყავდა და ასლანი
იყო "ყველაზე დიდი"- სამი წლის... ამ სამი ვაჟკაცით მიადგა მთავრობას. უთხრეს, - მიწას ყველას გაძლევთ, მაგრამ მაგნოლიებიდან ნახევრად უდაბნოში, ბოლნისში უნდა წახვიდეთო. იმანაც, - მიწას თუ გვაძლევთ, მაშინ გვარჩენს კიდეცო. შვილები გულში ჩაიკრა და სხვებთან ერთად გზას დაადგა.

ბოლნისში ცარიელი ველი დახვდათ... ბიჭებმა სარბენი ადგილი იშოვეს და მამას ფეხებში ებლანდებოდნენ. უჯავრდებოდა, რამე არ დაიზიანოთო. ახალმშენებარე სოფელს დისველი ერქვა, სახელის გადარქმევა უნდოდათ - როგორც ხულოში ერქვა ჩვენს სოფელს, ამასაც წაბლანას დავარქმევთო. მაგრამ უთხრეს, - ბიჭებო, ისტორიული სახელია, ერეკლე მეფემ ეგ ველები დას აჩუქა, "დისველი" იმიტომ ჰქვიაო. ამათაც, - თუ მეფის დის არის, ეგრე დარჩესო და წაბლანელები დისველელებად იქცნენ.

ჯემალ შაინიძე და მისი ორი შვილი, სულხანი და რუსლანი ახლაც იმ სოფელში ცხოვრობენ, ასლანი აღარ... ის ვერც ოცდასამის გახდა, - წელს, მაისში შეუსრულდებოდა. აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპა. ბიძამისმა, ჯამბულ შაინიძემ, - ის ჩვენი სოფლის პირველი გმირიაო...

ასლანი დედ-მამის პირველი ჭრილობა იყო. მეორე კინაღამ სულხანი გახდა, ომი მის წართმევასაც აპირებდა - კოდორში თავის ტრავმა მიიღო და არ ამხელდა... მაგრამ ღმერთმა შეიბრალა შაინიძეები - სულხანი გადარჩა. ახლა ექიმები ეუბნებიან, მძიმე ოპერაციის შემდეგ კარგად უნდა დაისვენოო. ის კი არმიისკენ იწევს - ძმის სისხლი მაქვს ასაღებიო. 20 წლის რუსლანიც არმიაშია. ვერც მას უთხრეს მშობლებმა, შენ მაინც დარჩი ოჯახშიო. მხოლოდ დედამ ამოიკვნესა, როცა სამივე შვილმა ერთად თქვა, - არმიაში უნდა წავიდეთო, ქმარს შესჩივლა - ამხელა ოჯახს მარტო როგორ აუხვალო.

ჯემალ შაინიძე: - რა უნდა მეთქვა, მაინც არაფერს გადათქვამდნენ ჩემი შვილები. ეს ერთადერთი გადაწყვეტილება იყო, რომელზეც არ შეგვითანხმდნენ. იქამდე ჩვენს უნებურად ნაბიჯი არ გადაუდგამთ და რახან ასე მოინდომეს, ესე იგი, დიდი ხნის ნაფიქრი ჰქონდათ. ასე გავზარდე... მე პოლონეთში ვმსახურობდი ჯარში. ჩემი თვალით ვნახე, პოლონელები როგორ იბრძოდნენ თავისუფლებისათვის. მერე ავღანეთშიც ვიმსახურე. ამ ამბებს რომ ვყვებოდი სტუმრებთან, ბიჭები იქვე თამაშობდნენ და ყველაფერს ისმენდნენ. მეუბნებოდნენ, რომ გავიზრდებით, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთო. იქით - ჩემი ცოლის ბიძები დაიკარგნენ მსოფლიო ომში. ამისთანები ესმოდათ... სწავლა მიატოვეს არმიის გულისთვის. ასლანი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეხუთე კურსიდან გამოვიდა, არმიაში ვეწერებიო... მას სულხანიც მიჰყვა - მებაჟის სპეციალობა დატოვა მეოთხე კურსიდან. პატარას რაღა შეუშლიდა ჯარში წასვლას...

- უმცროსიც ომში იყო?


- კი, იყო, ცხინვალში. მაგრამ უფროსი ძმის გვერდით არ ყოფილა ცხინვალის შესასვლელთან. 7 აგვისტოს, ომი რომ დაიწყო, ნაწილში ვრეკავდი, მაგრამ ჩემი შვილები არ მპასუხობდნენ. მერე როგორც იქნა, ასლანის მეგობარს მივაწვდინე ხმა - ნუ გეშინია, ჯემალ ბიძია, ბრძოლაში არ მივყავართო. არადა, უკვე იბრძოდნენ თურმე... ასლანი ფეხში დაჭრილა. ექიმს უთქვამს, - ბრძოლიდან უნდა გახვიდეო. ჩემს შვილს მიუხედ-მოუხედავს დაჭრილ-დახოცილი ბიჭებისთვის, ვიღაცას სულაც ფეხი მოგლეჯილი ჰქონია და - არა, თქვენ ეგენი გაიყვანეთ, მე დაგიფარავთო. ფეხსაცმლის თასმა ჭრილობაზე შემოუჭერია, წინ სროლით წასულა და...  გაჭირვებულს როგორ მიატოვებდა, ბავშვობაში სულ იმას გაიძახოდა, ფონდი უნდა შევქმნა, სოფელში როცა ვინმე ავად გახდება, დავეხმარებიო. ასეთი შვილი მყავდა. სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მისცეს.

- რუსლანი?

- ის მერე გამოიყვანეს ბრძოლიდან. უფიქრიათ, ერთი მოკვდა და ესეც არ დაიღუპოსო... თანაც ოცისაც არ იყო. არც ეს მოდიოდა თურმე შინ. 13-ში ასლანი მიწას რომ მივაბარე, ამან კარი გაიხურა - სადაც ჩემი ძმაკაცები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო... მეც ავტომატი ავიღე და მუხროვანში წავედი, იქ იკრიბებოდა ჩემი შვილის ნაწილი, ჩემი შვილის მაგივრად უნდა ვიომო-მეთქი. არაო... მაშინ დაგელოდებით-მეთქი. ველოდები. შუათანა კი ორი კვირის შემდეგ ჩამომადგა კოდორიდან, წალკით გადმოსულა ფეხით. უფროსი ძმა აღარ დახვდა...

- გისმენთ და ვფიქრობ, რა ძლიერი ყოფილხართ...

- ძლიერი? რა გზა გვაქვს, ძლიერი არ ვიყოთ. ჩემი ასლანისგან ორი ანგელოზი შვილიშვილი დამრჩა, ჩემი ცოლი იმათ დედას რომ ხედავს, აღარ ტირის... ცრემლი შვილს ვერ გამიცოცხლებს. მიწას ვჭირდები, პირუტყვი მყავს... თუ დამჭირდა, ვიცი, ომი რაც არის.

- ღმერთმა გვაშოროს... ახლა შუათანა შვილსაც დასჭირდებით...

- კი, თუ დამიჭირვა. ექიმებს ეხვეწება, - საბუთში ისეთი არაფერი ჩამიწეროთ, ჯარში ვერ ვიმსახუროო... არ გამიჩერდება შინ...

P. S. და შენ რა გიხარია, მტერო?..

ღმერთო, შენ ატარე შაინიძეები მშვიდობით.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები